GE

ინკლუზიური სწავლების ორი მხარე

თინათინ ადეიშვილი, ბლოგერი

ინკლუზიური სწავლება გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში სხვა მოსწავლეებთან ერთად. ზოგადი განათლების კანონის თანახმად, ინკლუზიური სწავლება საქართველოს განათლების სისტემის ერთ-ერთი მიმაართულებაა. (იხ.საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ,” 2005 წლის 8 აპრილი მუხლი 2).

შეზღუდული უნარების მქონე ბავშვების ჩართულობა სასწავლო პროცესში ევროპისათვის გავლილი გზა და გადალახული ბარიერია, თავის დროზე ამგვარი სწავლების აუცილებლობა განაპირობა გამოკვლევებმა, რომლის თანახმადაც, ამ ბავშვების იზოლირება იწვევს სეგრეგაციას და მათი უნარების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვა–დაქვეითებას. ინკლუზიური პროგრამით სწავლა კი, პირიქით, იწვევს მათ ჩართულობას საზოგადოებაში.თუმცა ეს თავისთავად, ოდენ სურვილის გამოხატვისთანავე არ მომხდარა, შემუშავდა პროგრამები, მეთოდიკა, შეირჩა ინფრასტრუქტურა, რაც ვერ გაითვალისწინეს, ის თავად ბავშვებმა შეასწორეს უშუალოდ სწავლის პროცესში.ნორვეგიაში ამ პროგრამის ამუშავების შემდეგ კიდევ 30 წელი არ გაუქმებულა სპეციალიზებული, იზოლირებული სკოლები, მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგღა გახდა შესაძლებელი რეალური ინტეგრირების მოხდენა. ნორვეგიაში მიაჩნიათ, რომ ამგვარი ბავშვები თვითონ შეცვლიან სამყაროს, ჩვენ, უბრალოდ, ხელი არ უნდა შევუშალოთ.ხშირად ვახსენე უკვე ნორვეგია და ამიტომ აქვე დავძენ, რომ სწორედ ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასთან არსებული ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის მიერ, ამოქმედდა ახალი პროექტი, რომელიც ქართულ სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვას ითვალისწინებს. ჯერჯერობით, შერჩეულია რამდენიმე სკოლა, სადაც მშობლებს შეუძლიათ მიიყვანონ ბავშვები. ამგვარი სწავლება განხორციელდა რამდენიმე კერძო სკოლაში.ერთ-ერთია მრავალპროფილიანი საგანმანათლებლო ცენტრ-კომპლექსი ”გონი”უნარშეზღუდული ბავშვებისათვის საკმაოდ რთულია საგაკვეთილო პროცესზე სრულად დასწრება. და აქ იბადება ხოლმე კითხვა:

რა ქნას მასწავლებელმა? რა ქნას მასწავლებელმა, როცა ვერ ახერხებს ნორმალური გაკვეთილის ჩატარებას? რა ქნას მასწავლებელმა მაშინ, როცა უნარშეზღუდულ ბავშვთან არავის სურს დაწყვილება? მის გვერდით დაჯდომა? როცა თავს იჩენს ძალიან ბევრი უცნაური და არაპროგნოზირებადი საქციელი?!კარგია, როცა ზე–ჰუმანურ თემებზე მაღალფარდოვნად ვსაუბრობთ, მაგრამ სხვაა რეალობა! ვერ ხერხდება რეალური ინტეგრაცია. საზოგადოება არ არის მზად იმისათვის, რომ საკუთარი ჯანმრთელი შვილი მიიყვანოს კლასში, რომელშიც იცის, რომ უნარშეზღუდული ბავშვიც ისწავლის. არ სურს ინკლუზიურ კლასში საკუთარი შვილის მიყვანა, რადგან ეეჭვება, ნორმალური გაკვეთილის ჩატარების შესაძლებლობის; არ სურს, რომ შვილმა ამგვარი ბავშვის უცნაურ საქციელს უყუროს, მისი აგრესიის მონაწილე გახდეს და ა.შ.რა ვქნათ ამ დროს? ყველანი ღვთის შვილები ვართ, ვინ წყვეტს იმას, სად შეგიძლია იარსებო და იცხოვრო და სად არა?! რატომ გვრცხვენია მათთან ერთად თანაარსებობის?! ვისწავლოთ ერთმანეთის გაგება და გამოვიჩინოთ მოთმინება. დავუდგეთ მასწავლებლებს მხარში და შევთავაზოთ რჩევები, გავუზიაროთ საკუთარი გამოცდილება. შეიძლება სასურველი იყოს, ინტეგრირებულ სკოლაში არსებობდეს რესურს- ოთახი, სადაც სპეციალური პედაგოგი იქნება, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს განტვირთვაში.პროცესი დაწყებულია და სასურველი იქნება, შედეგამდეც მივიდეთ.

ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური