GE

ადამიანის უფლებათა სწავლება და პედაგოგთა ტრენინგები – რას ითხოვს სახალხო დამცველი განათლების მინისტრისგან

2026 წლის აპრილში გამოქვეყნებული ანგარიშის ახალ დოკუმენტში სახალხო დამცველი განათლების მიმართულებით არაერთ პრობლემას მიმოიხილავს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავს:

რეკომენდაციები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს:

ადამიანის უფლებათა სწავლებაზე:

-შევიდეს ცვლილება „საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 აგვისტოს №170/ნ ბრძანებით დამტკიცებულ მოდულში, „მოქალაქეობა“, და განისაზღვროს შემდეგი: – სწავლის შედეგად დადგინდეს, რომ სტუდენტი აცნობიერებს ადამიანის უფლებათა არსს და მნიშვნელობას დემოკრატიულ საზოგადოებაში; – სამიზნე ცნებების, „ძალაუფლების“ კომპონენტსა და მოდულის თემებს შორის დაემატოს ადამიანის უფლებები.

-„სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცების შესახებ” განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2025 წლის 26 აგვისტოს MES 3 25 0001029171 ბრძანებით დამტკიცებულ დარგობრივ მახასიათებელში განისაზღვროს შემდეგი: – ცოდნის გაცნობიერების კომპონენტში დაემატოს მითითება, რომ კურსდამთავრებული აღწერს და მსჯელობს ადამიანის უფლებათა/ბავშვის უფლებათა ძირითად პრინციპებზე; – უნარების ნაწილში დაემატოს ადამიანის უფლებათა კომპონენტი იმგვარად, რომ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენისას და სასწავლო აქტივობების განხორციელებისას კურსდამთავრებული იყენებს ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნასა და პრინციპებს; – პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის ნაწილში, დაემატოს, რომ კურსდამთავრებული აღიარებს ადამიანის უფლებათა პრინციპების მნიშვნელობას და პატივს სცემს მათ საქმიანობის პროცესში.

-უზრუნველყოს სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნა და შერჩევა ნათელი კრიტერიუმების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებათა კომპონენტს, მათ შორის, უზრუნველყოს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნაში ჩართულ სულ მცირე ერთ ექსპერტს მაინც ჰქონდეს სათანადო ცოდნა ადამიანის უფლებებში;

-უზრუნველყოს სახელმძღვანელოების განახლება საგნებისთვის: „მე და საზოგადოება“, „მოქალაქეობა” VII-VIII კლასები, ან უზრუნველყოს მათი შეთანხმება დადგენილი წესით;

-სასკოლო სახელმძღვანელოს შეთანხმების პროცესში უზრუნველყოს: ადამიანის უფლებათა საკითხებზე განგრძობადი, სავალდებულო ტრენინგ პროგრამების შემუშავება და ჩატარება შემფასებელთა საგნობრივი ჯგუფის ყველა წევრისთვის.

ეროვნული უმცირესობების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით:

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს:

-ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში გააფართოოს სკოლამდელი ბილინგვური პროგრამების დაფარვის არეალი;

-თითოეული საგნისთვის, რომლის სწავლება ბილინგვური მეთოდით ხორციელდება, შემუშავდეს ბილინგვური სახელმძღვანელოები;

-ბილინგვური განათლების პროგრამის ფარგლებში დაინერგოს შინაარსობრივი მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც მოიცავს უშუალოდ საგაკვეთილო პროცესზე სისტემურ დაკვირვებას, ორი პედაგოგის თანამონაწილეობით ჩატარებული გაკვეთილის შეფასებას, პრაქტიკული გამოწვევების გამოვლენასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გაუმჯობესების გეგმების შემუშავებას;

-ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მდებარე სკოლებში უზრუნველყოს ბილინგვური სწავლებისა და ქართულენოვანი არაფორმალური აქტივობების განხორციელებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული პირობები, მათ შორის, შესაბამისი სივრცეები, ტექნიკური აღჭურვილობა და სტაბილურ ინტერნეტზე წვდომა;

-ბილინგვური განათლების პროგრამაში ჩართულ სკოლებში უზრუნველყოს როგორც ბილინგვური განათლების სპეციალისტების, ისე საგნის პედაგოგების სისტემური გადამზადება ბილინგვური სწავლების მეთოდოლოგიასა და სწავლების მოდელთან დაკავშირებით;

-ბილინგვური განათლების პროგრამაში ჩართულ სკოლებში, საგნის მშობლიურენოვან მასწავლებელთათვის ბილინგვური განათლების პროცესთან დაკავშირებულ საჭიროებებზე უკუკავშირის მისაღებად, უზრუნველყოს ბილინგვური განათლების სპეციალისტებისთვის ხელმისაწვდომი ქოუჩინგის მსგავსი სისტემის დანერგვა;

-საქართველოს სომხური, აზერბაიჯანული და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შედგენის, გამოცემისა და ამ საგნებში სასწავლო პროცესის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით უზრუნველსაყოფად, დაიწყოს ქმედითი ღონისძიებების გატარება;

-ბილინგვური პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, განახორციელოს სტუდენტური და მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამები ქვეყნის ფარგლებს შიგნით;

-გააძლიეროს თანამრომლობა იმ სკოლებთან, სადაც მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენები ისწავლება, როგორც საგანი, მხარი დაუჭიროს მათ მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ენების (ოსური, ჩეჩნური, ხუნძური/ავარული, უდიური, ასურული და ქურთული/ყურმანჯი) სასკოლო სახელმძღვანელოების სკოლის ბაზაზე მომზადების პროცესში.

თანასწორობის უფლება

უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური და პრაქტიკული მზაობისათვის ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების მიღების, მხარდაჭერისა და სრულფასოვანი ჩართულობისთვის.

ანგარიში: “საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წელი”, შესაბამისი რეკომენდაციებით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარედგინა.

ამავე თემაზე:

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური