ირმის ნახტომიდან ღორის წლამდე – მასწავლებლის ბლოგი სქემაში ცვლილებების შესახებ
ნინო აბულაძე, წამყვანი მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი
როცა ახალ წლამდე სულ რაღაც რამდენიმე წამი იყო დარჩენილი, ჩემს ვარდისფერ გოჭს მივუტრიალდი და ჩუმად ვუთხარი, მთავარი ჯანმრთელობაა, დანარჩენს მეტ-ნაკლებად გავუმკლავდები მეთქი.
მოკლედ, ისეთი პროფესია მაქვს, ყველაფერს მასწავლის – დაწყებული, როგორ მოვიქცე ექსტრემალურ სიტუაციაში, იმით დამთავრებული, სახელმძვანელო თუ არ გვექნება, როგორ ვასწავლოთ ექსტრემალურ სიტუაციაში. ზოგადად, საქართველოს მასწავლებლების გარკვეული ნაწილი ასეა. ახერხებს ყველაფერს, მაშინაც კი, როცა არაფერი არა აქვს; თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ გვინდა გვქონდეს მეტი; აპროტესტებს ცოტა, ითხოვს ბევრი, უმრავლესობაში ჩანს, რომ არსებულით კმაყოფილია (?); საქმე ისაა, რომ თუ კომფორტს ვითხოვთ, ვაშლს გვთავაზობენ, იმასაც იმიტომ რომ მოსწავლეებს დავურიგოთ; ჩვენთვის ერთი დიდი სიხარულია მოსწავლეები გავახაროთ, მაგრამ აქაც 5 თითის ვარიანტია, ზოგს შეხვდება, ზოგს არა… მეტიც, ერთ-ერთი მოსწავლე ბანანს გვთხოვს ვაშლის მაგივრად და ჩვენს ახალ აქტივობას ვიგონებთ, როგორ ჩავანაცვლოთ ვაშლი ბანანით;
ხუმრობა იქით იყოს და ახალმა ცვლილებებმა ახალი სიტყვის თქმის საშუალება მომცა;
1998 წლიდან სკოლაში დავიწყე მუშაობა, არ იყო შუქი, არც გათბობა, მზეს დავინახავდი გარეთ და მოვკიდებდი ამ ჩემს მოსწავლეებს ხელს და ხან ათეშქაზე ვატარებდი გაკვეთილებს, ხან წუღრუღაშენში; მშვენივრად ვწერდით ხელთათმანებითაც, სიცივესაც ვუძლებდით და ვსწავლობდით; პირველი, რაც მითხრეს, სტატუსი აიმაღლეო, არადა, სულ 1 წლის ჩაბარებული მქონდა სახელმწიფო ჩაბრებული და გავაპროტესტე– ახლა დამიწერა ისტორიაში მარიკა ლორთქიფანიძემ უმაღლესი ქულა და არ გჯერათ-მეთქი; უი, გეშინიაო; როგორ კადრულობთ-თქო და სანამ ტესტები ბოლომდე ჩავიკითხე და ამაყად დაველოდე კატეგორიას, რეფორმა შეიცვალაო… არაა პრობლემა, ქვეყანაც ფეხზე დგებოდა ნელ-ნელა. იქით შუქის გრაფიკი არ იყო, აქეთ ახალი ყუთები გაჩნდა – ე.წ. კომპიუტერი და წამოვიდა ახალი იდეები; მხარეთმცოდნეობა მომინდა მესწავლებინა ჩემებისათვის, თან ქვეყანას გავაცნობდი მოსწავლეებს, ერთადაც დავისვენებდით და კომპიუტერთან დამეგობრებსაც დავიწყებდი. ამ დღიდან გავაქტიურდი და ირმის ნახტომს მივადექი… იქით ჩვენი მენეჯერი და დირექტორი, აქეთ მე და ჩემი ექსპედიციები…
მოკლედ, ვიარეთ, ვიარეთ და საგნის გამოცდასაც მივადექი. ამასობაში, მე კი არა, ჩემს მოსწავლეებს უკვე ჰქონდათ დამუშავებული საქართველოს 8 რეგიონის ისტორია, გეოგრაფია, ეთნოგრაფია… აწყობილი იყო ვებგვერდი… მორიდებით ვიკითხე, რატომ ჩავაბარო საგნის გმოცდა?! ისევ გეშინიაო, არ იციო… და გავედი… გამეხარდა, მაღალი ქულები დავაგროვე, მეორე ეტაპზე შემეძლო გასვლაც და ახლა ის იყო იქ უნდა გავსულიყავი, რომ სამინისტრომ არ გაამართლა ამან, სქემას ვიწყებთო… ჩავერთე მოხალისედ, მალე სავალდებულო გახდა… მეც ყველას ვაქეზებდი, ვეხმარებოდი, ვამხნევებდი – არიქა ერთად, ახალი იდეებით, ახალი კრედიტებით, ახალი სტატუსისკენ-მეთქი და მივუკაკუნე წამყვანობას… რა გამომივიდა – ქილიკი ზურგს უკან, დაცინვა, ამას მეტი საქმე არა აქვს… არა, წარმატებასაც ვაღიარებ, თუმცა ამ წარმატებამაც ბევრი გულისტკივილი მომიტანა, დაუმსახურებელი ქილიკი! ბევრ ადამიანს შევაქციე ზურგი, არ ვუთხარი, რომ კარგად ვიცოდი რას ჭორაობდნენ ჩემზე სამზარეულოში ჩაის თანხლებით; ყველას ხომ ვერ შევაყვარებ თავს?!
დავიწყე ფიქრი მენტორობაზე და და მომიკაკუნა ღორის წელმა… ნათლისღებამდე კი მორიგი სიახლეები მაქვს:
1. კრედიტებს ნუღარ დააგროვებ, გამოცდა ჩააბარე, სტატუსით წინ წახვალო;
2. შენი პორტფოლიო არ მაინტერსებს, პრაქტიკოსსაც და წამყვანსაც ერთი და იგივე შანსი აქვს, ჩააბარე სულ მაღალი საფეხურის გამოცდა და გათანაბრდეს ყველაო;
3. არ ვიკვლევთ აქამდე როგორ აბარებენ გამოცდას და არც იმაზე ვფიქრობ, რად ვერ ადასტურებს საგნის კომპეტენციას მასწავლებლების 50%-იო;
4. არ მაქვს მექანიზმი, ვინც ვერ და არ ასწავლის მოსწავლეს, დამსახურებულ პენსიაზე გავუშვაო;
5. ვერ შეგპირდები დაფასებას, არ ვიცი, ჯერ როგორ გიპოვო და დაგაფასოო;
6. ელოდე მუდამ სიახლეს, იარე წრეში, გჯეროდეს ჩემი, ოდესმე აღარ გიღალატებო;
7. აპრილში ვიფიქრებ, მაისში გეტყვი, სექტემბერში ხელფასს მოგიმატებ, ოღონდ მაშინდელი 1500 ლარი, დღევანდელის შესაბამისობაში როგორ იქნება ვერ გეტყვიო;
8. მუდმივად იყავი ცვლილების რეჟიმში, მაგრამ ახალს რასაც გეტყვი ძველის გამეორებააო;
9. შენთან ერთად კი არ ვიფიქრებ პრობლემებზე, ავდგები და სხვა ქვეყნების კვლევებს მოვიშველიებ და ისე ვიმსჯელებო;
10. შენ იმუშავე, შენ გაუძელი, რადგან მე კარგად ვიცი – ვისაც ბავშვი უყვარს ის სკოლას არ უღალტებსო.
და ამდენ წრეზე სირბილში ერთ საკითხზე მეფიქრება ახლა, მე ერთ-ერთი მასწავლებელი ვარ, ჩემზე მეტი პროფესიონალი ბევრი, არა იმდენი, რომ უთხრას ღორის წელიწადს, ვინც მე მიმოწმებს კომპეტენციას, ჯერ იმის კომპეტენცია ხომ არ შეგვემოწმებინა იგივე მექანიზმებით, რასაც მე მთავაზობსო?! ეს იმიტომ ვთქვი რომა, სანამ მე რამე აქტივობას ვთავაზობ ჩემს მოსწავლეს, ჯერ მე მოვსინჯავ ხოლმე, არც ის მერიდება შემაფასოს მოსწავლემ და როლებიც ხშირად გაგვიცვლია… ჰოდა, მოდით და გავცვალოთ როლები ერთი კვირა, მე სულ ჩრდილში დავდგები, 2 მასწავლებელი სამინისტროში გაუშვით და სამინისტროს ხალხი სკოლებში, მე მხოლოდ უკუკავშირზე დამასწარით…
მეღიმება… მეც ტყუილად დავხარჯე დრო… ამას ჯობია პირად წერილებს ვუპასუხო, ხალხი იმაზე მეტად გააქტიურდა კრედიტების დაგროვებაზე, ვიდრე აქამდე იყო… რა ვიცით, რა გამოცდები იქნება და იქნებ ასე მოვიშოროთ ეს სტატუსის ამაღლებაო.
2019 წლის 18 იანვარი
მასწავლებელს სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდის ჩაბარება მოუწევს
მასწავლებელთა კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება! – ბერიკა შუკაკიძე
-
საქართველოს ანგელოზის დღე – რა ვიცით წმინდა გიორგის ცხოვრებისა და მისი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ
by განათლებული ბლოგი
-
რა ითქვა განათლების სამინისტროში პედაგოგთა ახალ სქემაზე და როგორ ხედავს პროცესს წამყვანი მასწავლებელი
by განათლებული ბლოგი
-
დამოუკიდებელად სწავლების ფორმირება დაწყებით საფეხურზე: პრაქტიკული მიდგომები და შედეგი
by განათლებული ბლოგი