GE

„ისტორიაში, ამ მეთოდით გამეორებული მასალა გამოცდაზე ადვილად გაგახსენდებათ“ – სპეციალისტის რჩევები აბიტურიენტებს

როგორ დავეხმაროთ საკუთარ გონებას იმაში, რომ ნასწავლი მასალა გამოცდამდეც მივიტანოთ და მას მერეც გვახსოვდეს? რა ხერხებს მივმართოთ გავლილი საკითხების გამეორებისას, რათა დასწავლილის აღდგენისა და გამტკიცების პროცესი უფრო ხარისხიანი იყოს? – ქვემოთ მოცემული პრაქტიკული რჩევები იმ 22 200-მდე აბიტურიენტისთვის იქნება განსაკუთრებულად საინტერესო, რომელთაც ეროვნულ გამოცდებზე ისტორიის ჩაბარება არჩიეს. აღსანიშნავია, რომ ისტორიის ჩამბარებელთა რიცხვი ბევრად აღემატება თითოეული სხვა არჩევითი საგნის ჩაბარების მსურველთა რაოდენობას.

საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს, EDU.ARIS.GE-ს მკითხველს აბიტურიენტებთან 13 წლიანი მუშაობის სტაჟის მქონე, სსიპ ნაფარეულის საჯარო სკოლის ისტორია-სამოქალაქო განათლების წამყვანი მასწავლებელი, ნატალია ბერიაშვილი უზიარებს.

„ისტორიის შესწავლისას ადამიანები ისეთივე შეცდომებს უშვებენ, როგორიც საზოგადოების დამოკიდებულებაა ამ საგნის მიმართ. ადამიანების უმრავლესობა თვლის, რომ ისტორია არის მშრალი ფაქტები: იბრძოლეს…შექმნეს…დაიპყრეს…დაზავდნენ…დაიქვემდებარეს და ა.შ. სინამდვილეში, ისტორია გვასწავლის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენას, შეფასებას, კრიტიკულ აზროვნებასა და ანალიზს“, – ამბობს პედაგოგი.

დამოკიდებულება, მისი თქმით, ხშირად ერთგვაროვანია, მაგრამ შესწავლის ფორმები – მრავალფეროვანი, ვინაიდან რამდენი მასწავლებელიცაა, იმდენი განსხვავებული მიდგომა და მეთოდი არსებობს.

რაც შეეხება სპეციალისტის მითითებებს 2023 წლის აბიტურიენტებისათვის:

  • თითოეული თემა გაიაზრეთ სიღრმისეულად. ინფორმაციის ზედაპირული დამუშავება აჩენს ცოდნის განცდას, მაგრამ მიღებულ ინფორმაციას მეხსიერებაში დიდხანს ვერ შეინარჩუნებთ;
  • კარგად გაიაზრეთ წაკითხული, ტექსტი წაიკითხეთ რამდენჯერმე, დაადგინეთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები მოვლენებს შორის, ძველ და ახალ მასალას, პიროვნებებს შორის;
  • მოახდინეთ ფაქტობრივი ცოდნის ვიზუალიზაცია ბულეტების, სქემების, ცხრილების, დიაგრამების სახით. კარგი იქნება ფლიპჩარტების გამოყენება. ვიზუალიზაცია ხელს უწყობს მეხსიერების გააქტიურებას;
  • უმჯობესია გამეორება გარკვეული პერიოდულობით, მაგ. 10-15 გაკვეთილის შემდეგ და არა ერთბაშად. მოკლე დროში ვრცელი მასალის ათვისება, გამეორება და მით უფრო ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახვა თითქმის შეუძლებელია;
  • ყოველი ახალი ცოდნა დააფუძნეთ ძველს, ანუ დაგეგმეთ და ააგეთ კონსტრუქცივიზმის პრინციპით, იმსჯელეთ მოვლენის წინაპირობაზე, მიზეზებზე, შედეგებზე, მოიყვანეთ ანალოგიები;
  • გაითვალისწინეთ, რომ გამოცდაზე ასეთი მეთოდით ნასწავლი და გამეორებული მასალა ადვილად გაგახსენდებათ და მის შეუფერხებლად გამოყენებას შეძლებთ. თქვენი წარმატება თქვენს ხელთაა. მასწავლებელი მხოლოდ სწორ მიმართულებას გაძლევთ.

არანაკლებ მნიშვნელოვანი თვითონ საგამოცდო პროცესია, ამიტომ, უპრიანი იქნება, რამდენიმე რჩევა აქაც გაითვალისწინოთ:

– საგამოცდო ცენტრში, უმჯობესია, ადრევე შეხვიდეთ, მოერგოთ საგამოცდო გარემოს, დამშვიდდეთ და აუღელვებლად შეუდგეთ წერას;

– თუ შეამჩნიეთ, რომ გადაიღალეთ, ვერ იხსენებთ რამე ფაქტს, გამოდით საგამოცდო ოთახიდან, რასაკვირველია მეთვალყურის ნებართვით. სულ მცირე დასვენება მოგცემთ ძალების აღდგენის და გახსენების საშუალებას;

– ვფიქრობ, უპრიანი იქნება საგამოცდო ტესტის წერა დაიწყოთ ბოლოდან, ისტორიული წყაროს ანალიზით. აღნიშნული დავალება ყველაზე მაღალქულიანია და დაღლილი გონებით, შესაძლოა, ტექსტში ყველა პასუხის მოძებნა გაგიჭირდეთ;

– თუ რომელიმე კითხვას ვერ პასუხობთ, გადადით შემდეგზე, ნერვიულობა ხელს შეგიშლით ტესტის სრულყოფილად დამუშავებაში, ამ კითხვას კი ყველაზე ბოლოს მიუბრუნდით;

– ისწავლეთ დროის მართვა, წინასწარ გათვალეთ რა დროს დაუთმობთ თითოეულ დავალებას. მაგალითისთვის, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 2სთ და 40 წუთია. მინიმუმ 40 წუთი გაითვალისწინეთ ნაშრომის გადასათეთრებლად, ხოლო 2 საათი გადაანაწილეთ თითოეულ დავალებაზე.

წარმატებებს გისურვებთ!

ასევე იხილეთ:

„დროულად დაიწყეთ…“ – სპეციალისტების რჩევები აბიტურიენტებს, რომლებიც თვლიან, რომ „რაც ისწავლეს, ყველაფერი დაავიწყდათ!“

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური