„იყო დეტალები, რომელსაც ყურადღებას უცბად თუ არ მიაქცევდი დაგაბნევდა“ – აბიტურიენტების გამოცდა უცხოურ ენებში დაიწყო
დღეს 2020 წლის აბიტურიენტების გამოცდა უცხოურ ენებში დაიწყო და 19 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. აბიტურიენტები გამოცდებს არჩევანის მიხედვით ჩააბარებენ ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებში.
დღეს, პირველ სესიაზე რეგისტრირებული აპლიკანტებიდან 93%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა და არ ყოფილა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა.
ცნობილია ისიც, რომ წელს აბიტურიენტებს უცხოური ენების ტესტებში ორი სიახლე დახვდათ. კერძოდ: მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით. აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას. და მეორე ცვლილება: მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად 12-საკითხიანი.
განახლებული ფორმატის ტესტების ნიმუშები
დღეს გამოცდა პირველი სესიის ფარგლებში ინგლისურსა და რუსულში ჩატარდა, მეორე სესია კი ფრანგულ ენაში იქნება და ამ საგანს ყველაზე ნაკლები აბიტურიენტი აბარებს. გამოცდის დასრულების შემდეგ EDU.ARIS.GE – როგორც ინგლისურის, ისე რუსული ენის გამოცდაზე გასულ აბიტურიენტებს ესაუბრა.
ინგლისური ენის გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები:
ლუკა ჩიტაია 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “ინგლისური ჩავაბარე, საკმაოდ გამიადვილდა. ესეს თემა ასეთი იყო – ისტორიის გაკვეთილი სკოლის მოსწავლეებს უნდა უტარდებოდეთ თუ არა ისტორიულ ადგილებზე. ამასაც კარგად გავართვი თავი. მარტივი იყო მოსასმენი დავალებებიც 5 ტექსტი იყო ორ-ორი კითხვით და ერთიც დიდი ტექსტი რვა კითხვით. იმდენად ნელა კითხულობს ხმა იმ ტექსტს და თანაც ორჯერ იმეორებს, რომ ყველაფერი კარგად გესმის. საერთო ჯამში, რთული არც ერთი დავალება არ მოსულა. დონე საკმაოდ მარტივი იყო და მაქსიმალური ქულის იმედი მაქვს.”
ნატო მეგრელაძე 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “ძალიან მარტივი გამოცდა იყო, ესეს თემა იყო სად ჯობია უტარდებოდეთ ბავშვებს ისტორიის გაკვეთილი, საკლასო ოთახში თუ ისტორიულ ადგილებში. მოსმენის დავალებები მარტივი იყო, კარგად ისმინებოდა და საკმაოდ ნელა კითხულობდა, ამიტომ არ გამჭირვებია შინაარსის დამახსოვრება და კითხვებზე პასუხის გაცემა. ერთ დავალებაში გიდი საუბრობდა ლონდონის ტურზე, მეორე ეხებოდა კონკრეტული ქველმოქმედების ისტორიას. დანარჩენი სტანდარტულად, რაც წინა წლებში იყო. პირველი ორი გამოცდის შემდეგ მოლოდინი მქონდა, რომ ესეც არ იქნებოდა განსაკუთრებული სირთულის. კმაყოფილი ვარ. საერთო ჯამში, ვინც სწავლობს კარგად იმას არანაირად არ გაუჭირდება ამ გამოცდის ჩაბარება.”
ანჟელა გაბედავა 39-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: “არ იყო ძალიან რთული გამოცდა, ვწერე ინგლისური ენა, მოსმენის ნაწილში 5 ტექსტი იყო მოსასმენი, თითოეულიდან 2 შეკითხვა იყო და სავარაუდო პასუხებიც მოსმენით იყო, უნდა აგერჩია სწორი ვერსია. ყველა ტექსტის თემას ვერ ვიხსენებ, მაგრამ ერთ-ერთი იყო ტურისტულ კომპანიაზე, რას სთავაზობენ ტურისტს ლონდონში ჩასვლისას, რა უნდა ნახო და რა ღირსშესანიშნავი ადგილებია. ტექსტის გააზრების ნაწილი იყო ჰარი პოტერის ავტორზე და მის ცხოვრებაზე. საიდან დაიწყო, როგორ და როგორი შრომა გამოიარა. ჩამოთვლილი იყო პარაგრაფები და რომელი ტექსტი რომელს შეესაბამებოდა ეს უნდა მიგვეთითებინა. კიდევ იყო ტექსტი გიორგი ბალანჩივაძეზე, როგორ დაიწყო მოღვაწეობა და როგორ წავიდა ბალეტში, როგორ გახდა მოცეკვავე და ა.შ. აქაც პარაგრაფების შესაბამისობა უნდა გვეპოვა. კიდევ ერთი საკითხი იყო ასეთი: ელფოსტა იყო მოცემული. კითხვები იყო როგორ გასცემდი ამ ელექტრონულ წერილს პასუხს. გამოცდისთვის სპეციალურად არ მოვმზადებულვარ ჩემი ძალებით ვიღებდი ინგლისურ ენაში განათლებას, არც წინა წლის ტესტები მინახავს, მაგრამ ვფიქრობ, კარგი შედეგი მექნება.”
რუსული ენის გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები:
აპლიკანტი 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “მე რუსული ჩავაბარე. თემა სამშობლოზე იყო, ანუ, მშობლიური ქალაქი, ადგილსამყოფელი ხდის თუ არა ადამიანს ნამდვილად ბედნიერს. იქ ცხოვრება, იქ ყოფნა რამდენად აბედნიერებს ადამიანს. მაგალითები რუსული კლასიკიდან მოვიყვანე – ესენიზე, რომელიც აღწერს თუ როგორ ენატრება თავისი მშობლიური გარემო, მაგრამ სინამდვილეში იქ ცხოვრება სულაც არ უნდა. ვთქვი, რომ არსებობა ნოსტალგია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადგილას გვინდა ცხოვრება, დღევანდელი რეალობაც არ იძლევა ამის საშუალებას. ასევე, იყო წერილი – მოცემული რაღაც საგაზეთო განცხადება, სადაც საუბარი იყო მოვლენაზე, რომლის მოხდენის დაახლოებითი დრო და რამდენიმე ადგილი ეწერა და შენ უნდა გეპასუხა კონკრეტულად რა დროს, კონკრეტულად რომელ ქალაქებში მოხდა ეს. ანუ, ყურადღება უნდა გაგემახვილებინა იმაზე თუ რა დროზე და რა ქალაქებზეა საუბარი. ჩემთვის მოსასმენი დავალებაც მარტივი იყო. მე, ზოგადად, რუსულენოვანი ვარ, დედა მყავს რუსი და ამიტომ რუსული ქართულზე უკეთ ვიცი. ამიტომ შეფასებაში ცოტა სუბიექტური ვარ, ჩემთვის ყველა დავალება ძალიან მარტივი იყო. ჩვეულებრივი აბიტურიენტისთვის, რომლიც ამ ენის მატარებელი არ არის, ცოტა დამაბნეველი კითხვები იყო. ბევრი კითხვა იყო ისეთი, სადაც პასუხები იმდენად გავდა ერთმანეთს, რომ ორი, ან სამივე სწორი გეგონებოდა. ყურადღება დროებზე იყო გამახვილებული. ანუ, პასუხები თითქოს ყველა სწორი იყო, მაგრამ მცირედი სხვაობა იყო დროებში. მაგალითად, ტექსტში ეწერა, რომ ვიღაცამ რაღაც გააკეთა 200 წლამდე და პასუხში მოცემული იყო 200 წლის განმავლობაში. არარუსულენოვნისათვის ასეთი დეტალის შემჩნევა ადვილი არაა. ან საკმაოდ საკირკიტო კითხვები იყო, ძალიან მცირე დეტალები რომ უნდა გაგეთვალისწინებინა, ისეთი. ამას ყველა ყურადღებას ვერ მიაქცევს. თუმცა ტექსტი ძალიან კარგად ისმინება – ძალიან ნელა, ორჯერ და ხმაც კარგად ისმის. ამ მხრივ ყველაფერი მოწესრიგებული იყო. მოკლედ, ჩემთვის ნამდვილად არ იყო რთული, მაგრამ იყო დეტალები, რომელსაც ყურადღებას უცბად თუ არ მიაქცევდი დაგაბნევდა. ძირითადად, დროები და წყობა. რა თქმა უნდა, მაღალ ქულას ველოდები.”
ვახიდ თალიბოვი 39-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “რუსულს ვაბარებდი, გასულ წელსაც ვიყავი ამ გამოცდაზე და წელს უფრო რთული მომეჩვენა, თუმცა მე რუსული სკოლა მაქვს დამთავრებული, თავადაც რუსულად მოსაუბრე ვარ, ამიტომ არ გამჭირვებია დაწერა. კონკრეტული ტესტების გახსენება მიჭირს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, ესეს თემა იყო ბედნიერება – გარკვეული ადამიანები თავს თვლიან ბედნიერად და ამის მიზეზებზე უნდა გვემსჯელა. მოსმენის ტექსტიც ძალიან მარტივი იყო, მოისმენდი და შემდეგ რამდენიმე კითხვისთვის უნდა გეპასუხა. ემოციებში ვარ და დაკონკრტეტება მიჭირს. ჯამში, ძალიან ორგანიზებული გამოცდა იყო. წინა წელთან შედარებით, რა თქმა უნდა, განსხვავება იყო ის, რომ უსაფრთხოების წესები გამკაცრებულია.”
ხუროშვილი ალისა 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “რუსულს ვაბარებდი, რადგან ჩემთვის მეორე მშობლიური ენაა და მარტივი იყო. ამიტომ ტესტში ცვლილებას და ორი მოსმენის დავალების დამატებას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონია. თემაც ადვილი იყო და დავწერე, სათაური დაახლოებით ასე ჟღერდა ,,თვლით თუ არა იმ ადამიანს ბედნიერად, რომელიც სამშობლოში არ ცხოვრობს. მარტივი გამოცდა იყო ჩემთვის. წარმატებებს ვუსურვებ ყველას.”
ვალერია კიკნაველიძე 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “რუსული ენა ჩავაბარე. მე რუსული სკოლა მაქვს დამთავრებული და ეს ჩემი მშობლიური ენაა. ჩემთვის უმარტივესი ტესტი იყო. ესეც კარგად დავწერე – სამშობლოზე იყო. ანუ, სიმართლეა თუ არა, რომ ადამიანი მხოლოდ სამშობლოშია ბედნიერი. მე ჯავახიშვილში ვაბარებ, ისტორიის ან ტურიზმის ფაკულტეტზე და უმაღლეს ქულას ველოდები. ნამდვილად უმარტივესად დავწერე.”
შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება