GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საშობაო ღონისძიება გამართა და საზოგადოებას საკუთარი დემოგრაფიული ინიციატივები გააცნო

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საშობაო ღონისძიება გაიმართა, რომელიც საქართველოში შექმნილ დემოგრაფიულ მდგომარეობას მიეძღვნა. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის დოკუმენტის ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე, დემოგრაფიული აღორძინების ფონდი, ცნობილი დემოგრაფები და საზოგადო სახეები. უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ მოწვეულ სტუმრებს ის დემოგრაფიული ინიციატივები გააცნო, რასაც ბოლო 5 წლის მანძილზე უნივერსიტეტში ახორციელებენ. საშობაო ღონისძიებაც სწორედ იმ ბავშვებთან ერთად გაიმართა, რომლებიც უნივერსიტეტიდან ფულად დახმარებას იღებენ.

ვახტანგ წივწივაძე:

-„მას შემდეგ, რაც ღიად გაცხადდა ქვეყანაში შექმნილი მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ, გადავწყვიტეთ გარკვეული წვლილი შეგვეტანა ამ პრობლემის მოგვარების საკითხში და ჩვენი ქველმოქმედებით დავხმარებოდით სახელმწიფოს.  დემოგრაფიული განვითარების კუთხით ვახორციელებთ რამდენიმე ინიციატივას:

1. უნივერსიტეტის თანამშრომელს, ფეხმძიმობის შესახებ ცნობის წარმოდგენის შემდეგ,გადავცემთ 400 ლარიან პრემიას.

2. პირველი შვილის გაჩენის შემდეგ, თანამშრომელს გადავცემთ 1000 ლარიან პრემიას, მეორე შვილზე – 2000 ლარს, მესამე შვილზე  – 3000 ლარს. ამასთან ერთად, ეძლევათერთწლიანი ანაზღაურებადი დეკრეტული  შვებულება.

3. უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომელთაც ჰყავსშვილი, წლიური სწავლის საფასური უნახევრდებათ, ხოლოორ და მეტ შვილზე სრულად თავისუფლდებიან გადასახადისგან.

4. ორშვილიან და მრავალშვილიან დედებს აქვთ უფლება, შეთანხმების მიხედვით, განსაზღვრონ სამუშაო დღის გრაფიკი, რომელიც არ აღემატება 5 სამუშაო საათს.

საინტერესოდ მიგვაჩნია ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, მიმიდინარე წლის ბოლომდე საფუძველი ჩაეყრება საბავშვო ბაღის მშენებლობას. ბაღი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარჯზე, სრულიად უფასოდ მოემსახურება უნივერსიტეტის თანაშრომლებისა და სტუდენტების შვილებს. ამასთან, დაგეგმილი გვაქვს არაერთი აქტივობა მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. გვსურს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი არა მარტო სწავლების მაღალი დონით გამოირჩეოდეს, არამედ, საერთო ეროვნული პრობლემის მოგვარებაში განსაკუთრებული წვლილი შეჰქონდეს“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ უნივერსიტეტის პროფესორებს და მოწვეულ სტუმრებს შობა-ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეს, ამ მძიმე დემოგრაფიულ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია თითოეული მოქალაქისგან და ორგანიზაციისგან გაწეული ღვაწლი. დიმიტრი ხუნდაძემ საზოგადოებას ბოლო სტატისტიკური მონაცემებიც გააცნო:

-„ბოლო 3 წლის განმავლობაში შობადობის კლება შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 6 წლის მანძილზე დემოგრაფიულ პოლიტიკას თანმიმდევრულად ვახორციელებთ, პრობლემა იმდენად დიდია, რომ მხოლოდ ხელისუფლება ამას ვერ მოაგვარებს. დღეს შობადობის წახალისებისთვის გაწეული ქველმოქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში 6 წელია თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან. ამ ხნის მანძილზე უნივერსიტეტმა დააფინანსა და 5 წიგნად გამოსცა ყველა ის დემოგრაფიული კვლევა, რაც საჭირო იყო სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებისთვის, რომელიც პარლამენტმა 2016 წელს მიიღო. გარდა ამისა, უნივერსიტეტი 2 წლის მანძილზე აფინანსებდა გაზეთს „საქართველოს დემოგრაფია“, რომელიც მიეწოდებოდა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს და ამით ხდებოდა მოსახლეობის ინფორმირება არსებული მძიმე დემოგრაფიული ვითარების შესახებ.

დამდეგი ქრისტეშობის დღესასწაული მსურს სწორედ ამ უნივერსიტეტიდან მივულოცო სრულიად საქართველოს.  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ბატონი ვახტანგ წივწივაძე საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გტკიოდეს და იღწვოდე შენი სამშობლოსთვის. ვისურვებდი, ბევრმა უნივერსიტეტმა და ორგანიზაციამ მიბაძოს ამ უნივერსიტეტს. საქართველოს გენოფონდის გადარჩენა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ, თითოეული მოქალაქის საზრუნავია. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ვახტანგს და უნივერსიტეტის  მთელ  კოლექტივს. ვულოცავ შობა-ახალ წელს სრულიად საქართველოს და ვუსურვებ ყველაზე მთავარს – ბევრ ახალ სიცოცხლეს“.

დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ბატონი ვახტანგ წივწივაძე 5 წელია ფონდთან თანამშრომლობს და ბევრი სასიკეთო საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოებას შობა-ახალი წელი მიულოცეს მოწვეულმა სტუმრებმაც. პატარებისთვის სპეციალური მუსიკალური ნომერი შეასრულა მომღერალმა ირმა სოხაძემ.  ბოლოს,  პატარებს სანატრელი სანტა ეწვიათ და  უნივერსიტეტის სახელით საახალწლო საჩუქრები გადასცა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური