კერძო სკოლებს დავალიანების მქონე მოსწავლეების გარიცხვის პროცესი გაუმარტივდებათ – რა ცვლილება იგეგმება კანონში
პარლამენტში დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც კერძო სკოლა უფლებამოსილი იქნება, ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს, მოსწავლის სტატუსი დავალიანების წარმოშობის სემესტრის დასრულებიდან, მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე შეუწყვიტოს.
კანონპროექტის ავტორები განათლების კომიტეტის წევრები, დეპუტატები შალვა პაპუაშვილი და გიორგი ამილახვარი არიან კერძო სკოლის უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით ცვლილება “ზოგადი განათლების კანონში უნდა განხორციელდეს. ცვლილებების მიზეზად ინიციატორები კანონში არსებულ ხარვეზს ასახელებენ.
„ბოლო წლების სასკოლო პრაქტიკის თანახმად, კერძო სკოლების მოსწავლეთა მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები, ხშირ შემთხვევაში ეკონომიკური ან სხვა სახის პრობლემების გამო ვერ/აღასრულებენ კერძო სკოლასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და წარმოეშობათ ფინანსური დავალიანება, ხოლო კერძო სკოლას არ აქვს სამართლებრივი ბერკეტი, რომ მომსახურება შეუწყვიტოს დამკვეთს ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო.
„ასეთ ვითარებაში, კერძო სკოლები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, რეალურად მიმართონ რაიმე ქმედით ღონისძიებას. ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა“. შესაბამისად, არ არსებობს კერძო სკოლიდან მოსწავლის იძულების წესით სხვა სკოლაში გადაყვანის ან გარიცხვის სამართლებრივი საფუძველი.
„კანონმდებლობის მიხედვით, მოსწავლის ერთი სკოლიდან სხვა სკოლაში გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მიმღები სკოლის მიერ მობილობის მოთხოვნის შესახებ განცხადების გაგზავნით. ამ უკანასკნელის საფუძველს კი წარმოადგენს მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება. ამდენად, თუ მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი არ მივა მიმღებ სკოლაში და არ დაწერს განცხადებას მოსწავლის სკოლაში მიღების თაობაზე, მოსწავლე სკოლას ვერ შეიცვლის.
„მიუხედავად არაერთი ასეთი შემთხვევისა, კერძო სკოლები კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამო იძულებული არიან, ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს ჩვეულებრივ რეჟიმში მიაწოდონ საგანმანათლებლო სერვისი. გარდა ამისა, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც მოსწავლეს არ აქვს ფინანსური დავალიანება, თუმცა მშობელს/კანონიერ წარმომდგენელს სხვადასხვა მიზეზის გამო აღარ სურს მოსწავლემ სწავლა გააგრძელოს კერძო სკოლაში.
„ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სხვა სკოლაში გადასასვლელი დოკუმენტების დროულად გადაცემას მიმღები სკოლისთვის, რათა მოსწავლეს არ წარმოეშვას ფინანსური დავალიანება. წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს ამ სამართლებრივი ხარვეზების გამოსწორებას“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, კერძო სკოლა უფლებამოსილი იქნება ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს შეუწყვიტოს მოსწავლის სტატუსი ფინანსური დავალიანების წარმოშობის სემესტრის დასრულებიდან, მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე.
კერძო სკოლა ვალდებული იქნება, მოსწავლისთვის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე ან სხვა სკოლაში მობილობის სურვილის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების დღესვე აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს განათლების,მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას, მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობა კერძო სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი იქნება. სტატუსშეწყვეტილი მოსწავლის სხვა კერძო სკოლაში სწავლის გაუგრძელებლობის შემთხვევაში, სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სტატუსშეწყვეტილი მოსწავლისათვის საჯარო სკოლაში განათლების მიღების ხელმისაწვდომობას.
- დამტკიცდა პროფესიული კოლეჯებისა და კოლეჯის დირექტორის ახალი სტანდარტი by ARIS.GE-განათლება
- როგორია მოსწავლეთა სტატუსის შეჩერების, გარიცხვისა და დონის დაძლევით ამორიცხვის უახლესი სტატისტიკა და სკოლის მიტოვების მიზეზები by ARIS.GE-განათლება
- ქართული ენა ციფრულ ეპოქაში – „მშობლების თაობას არ ესმის, რაზე საუბრობენ შვილები, მოძალებულია ბარბარიზმები!“ by განათლებული ბლოგი