კერძო სკოლის მასწავლებელს კარიერულ სქემაში ჩართვის ვალდებულება აღარ ექნება – განათლების სამინისტრო ცვლილებათა სიას აქვეყნებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დღეს, 20 სექტემბერს იმ სიახლეების სიას აქვეყნებს, რაც უწყების ინფორმაციით, განათლების მინისტრმა კერძო სკოლების წარმომადგენლებისთვის ახალი რეფორმების შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე წარმოადგინა. სამინისტრო წერს, რომ გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების წარმომადგენლებს სრულიად ახალი ხედვა შესთავაზა და
როგორც უწყების ინფორმაციაში ვკითხულობთ, კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შემუშავებული ახალი გადაწყვეტილებები, რომელთა მიზანია კერძო სკოლების დამოუკიდებლობისა და აკადემიური თავისუფლების ხარისხის მაქსიმალურად გაზრდა, ასეთია:
ავტორიზაციის კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები
- რეგიონის მცირეკონტინგენტიანი კერძო სკოლები ისარგებლებენ ავტორიზაციის დებულებით დადგენილი საფასურის 50%-იანი შეღავათით;
- ავტორიზაციის ციკლი განისაზღვრება 9 წლით იმ სკოლებისთვის, რომელთაც ახალი სტანდარტით გაიარეს ავტორიზაცია;
- ავტორიზაციისას ცენტრი აღარ განსაზღვრავს სავალდებულოდ წარსადგენ მტკიცებულებებს და სკოლა თვითონ გადაწყვეტს, თუ რა გზით დაადასტურებს სტანდარტებთან შესაბამისობას;
- კერძო სკოლას მიეცემა უფლება, განახორციელოს სასკოლო მზაობის პროგრამა ცალკე იურიდიული პირის დაფუძნების გარეშე;
- განხორციელდება ცვლილებები საერთაშორისო პროგრამების აღიარების წესში და განისაზღვრება უცხოური ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მოთხოვნები და პირობები.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მიმართულებით:
- კერძო სკოლის მასწავლებლები გათავისუფლდებიან „პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში‘‘ ჩართვის ვალდებულებისგან;
- მოწვეული უცხოელი მასწავლებლებისთვის მოიხსნება კვირეული დატვირთვის 9-საათიანი შეზღუდვა;
- უცხო ქვეყნის მოქალაქე მასწავლებლობის უფლებას მოიპოვებს უცხო ქვეყანაში გაცემული უფლების აღიარების გზით;
- სსიპ „მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის‘‘ მხარდამჭერ ტრენინგებზე წვდომა თანაბრად ექნებათ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის მასწავლებლებს.
რაც შეეხება ადმინისტრირებას – ამ კუთხით საერთაშორისოდ აღიარებული პროგრამების განმახორციელებელ კერძო სკოლებს:
- მოსწავლეთა რეესტრში საკუთარი მოსწავლეების შესახებ ინფორმაციის ასახვის შესაძლებლობა მიეცემათ;
- ექსტერნატის წესით ზოგადი განათლების აღიარება შესაძლებელი გახდა იმ ენაზე, რომელზეც მიმდინარეობს სასწავლო პროცესი;
- საერთაშორისო პროგრამების კურსდამთავრებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებები შეეხო ასევე ეროვნულ სასწავლო გეგმას, კერძოდ:
- უქმდება ეროვნული სასწავლო გეგმის III კარი, რომელიც აღწერს წლიურ სარეკომენდაციო პროგრამებს და მიზნის მიღწევის გზებსა და საშუალებებს;
- კერძო სკოლებისთვის სავალდებულოდ განისაზღვრება, მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმის I თავი, რომელიც განსაზღვრავს სწავლა-სწავლების მიზნებსა და პრინციპებს;
- კერძო სკოლებისთვის სავალდებულო იქნება საგნობრივი ჯგუფის ფარგლებში საფეხურის ბოლოს განსაზღვრული მიზნის მიღწევა. სკოლა თავად განსაზღვრავს რომელი საგნის/საგნების ფარგლებში, რა გზით, როგორი საათობრივი დატვირთვით მიაღწევს დადგენილ მიზანს;
- კლასის დაძლევის იდეა ჩანაცვლდა საფეხურის დაძლევის იდეით. სკოლა ვალდებულია საფეხურის დაძლევამდე კლასის დაძლევის მიზნით მოსწავლეებს შესთავაზოს მხარდამჭერი პროგრამები. ექსტერნი შეეხება მხოლოდ საფეხურის დაძლევას;
- სკოლას უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი შეფასების სისტემა, რომლის კონვერტირება უნდა ხდებოდეს 10 ბალიან სისტემაში;
- სკოლას უფლება აქვს განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენოს მისთვის სასურველი ფორმითა და რაოდენობებით. გაუქმდება განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და რაოდენობები;
- სკოლას უფლება აქვს განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენოს მე-5 კლასის მე-2 სემესტრამდეც. მოიხსნა განმსაზღვრელი შეფასების დაწყებასთან დაკავშირებული ასაკობრივი შეზღუდვა;
- ქართული, როგორც მეორე ენის შეფასება განხორციელდება დიფერენცირებულად უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მოსწავლეები შეფასდებიან მათი მზაობის დონისა და სწავლების პერიოდის შესაბამისად;
- კერძო სკოლებს უფლება მიეცემათ სასწავლო პროცესში გამოიყენონ არაგრიფირებული, შეთანხმებული სახელმძღვანელოები;
- კერძო სკოლას უფლება აქვს თავად განსაზღვროს კლასის დამრიგებლის ფორმა და ფუნქციები. გაუქმდება დამრიგებლის ინსტიტუტის არსებობის სავალდებულოობა;
- განისაზღვრება მხოლოდ აკადემიური წლის ხანგრძლივობა (30-35 კვირა).
ასევე იხილეთ:
„საგანმანათლებლო ბედნიერების მარცვლებით“ სავსე კვირა და უშინაარსო სიახლეები
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება
- განათლების სამინისტრო: კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე – ისინი იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- მინისტრი გაფიცვებზე: „სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა“ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო