„საგანმანათლებლო ბედნიერების მარცვლებით“ სავსე კვირა და უშინაარსო სიახლეები
ბედნიერების მარცვლები განათლებაში…
განათლების მინისტრად ორჯერ მოსული მიხეილ ჩხენკელის მიკეტილ კაბინეტში ჯდომის შემდეგ, დღეს უკვე აღარავის უკვირს წინამორბედისგან განსხვავებული, თუმცა სასურველი ტელევიზიების პირდაპირ ეთერებში მოსაუბრე თავმომწონე განათლებისა და მეცნიერების შედარებით ახალი მინისტრის ხილვა, რომელიც ცისფერი ეკრანებიდან პოზიტიური საგანმანათლებლო სიახლეების მარცვლებს აბნევს. მაგრამ საკმარისია, შინაარსობრივი კითხვა დასვათ, რომ ვეღარც მინისტრისგან მიიღებთ მომზადებულ პასუხს და არც საჯარო ინფორმაციის წესით გიპასუხებენ. საქართველოში მედიას უკვე აჩვევენ, რომ კითხვა, რომელზე პასუხიც არ სურთ, ნებისმიერი კანონის დარღვევის ფასად უპასუხო დარჩება. კანონდარღვევისთვის პასუხის მომთხოვნი არავინ ეგულებათ და მშვიდად არიან. საგანმანათლებლო უწყებების პრესსამსახურებზე აქ არაფერს ვიტყვით, თავისი უბედურებაც ჰყოფნით… მიზეზი, რატომ ვერ ვიგებთ პოზიტიურ ამბებზე შინაარსობრივ განმარტებებს იოლი მისახვედრია – ყველა “სიახლე” ნაჩქარევად გამოცხადებული, მოუმზადებელი და დაუგეგმავია. მიდგომა ასეთია – ჯერ საზოგადოებასთან ვიწონებთ თავს და შემდეგ ვიწყებთ საკითხზე მუშაობას. თუკი წლების განმავლობაში გამოქვეყნებულ კანონებს ყურადღებით ნახავთ, ამის არაერთ მაგალითს იქაც იპოვით.
ამ რეალობის სულ ახალი მაგალითია ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის პრემიერის ნაჩუქარი საბიუჯეტო მარცვალიც. განათლების მინისტრი არ მალავს, რომ საკითხზე მუშაობას, როგორც უნივერსიტეტებთან, ისე ფინანსთა სამინისტროსთან, ახლა იწყებენ (ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში – 15 სექტემბერი; საგანმანათლებლო სისტემის სიახლეებზე საუბარი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში – 17 სექტემბერი). არადა, სტუდენტებს ამაყად განუცხადეს – ამ სემესტრიდანვე გელიან მშობლიურ უნივერსიტეტებშიო. რომ იცოდეთ, არც თავად უმაღლესებმა იციან, როგორი უნდა იყოს მათი ქცევა. 15 სექტემბერსვე, მხოლოდ ერთმა სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოუწოდა სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, რომ დეკანატებს უნდა მიმართონ და დრო სულ რამდენიმე დღე აქვთ, სასწავლო წელს სექტემბრის ბოლომდე თითქმის ყველა უმაღლესი იწყებს.
გასული კვირა საგანმანათლებლო ბედნიერების მარცვლების ბნევის მხრივ მართლაც დახუნძლული იყო. განათლების მინისტრმა მასწავლებლების საყურადღებოდ თქვა, რომ წლის ბოლომდე ისეთ სიახლეებს გაიგებენ, ერთი მათგანიც არ დარჩება, ეს ამბები არ გაუხარდესო. შინაარსი არც ამ დროს გაგვიმხილა. მასწავლებლებმა კი ტრადიციულად სახელფასო წინსვლაზე დაიწყეს სჯა-ბაასი. მასწავლებლებო! წელს ეროვნული დღეც დაგიწესეს და როგორც გვითხრეს, ეს თქვენი აღიარება, სახელმწიფოს გვერდში დგომაა და მაინცდამაინც საბაზო ხელფასის მატების პოზიტივს ნუ მოითხოვთ კატეგორიულად. ჰო, ესეც უნდა ვთქვათ: მასწავლებლის ეროვნული პრემიის მისაღებად კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები ჯერაც არ დაზუსტებულა. ინფორმაციას, რომელი კრიტერიუმი რას ნიშნავს და გულისხმობს, სამინისტროს ერთ-ერთი გვერდი დღეგამოშვებით გვიქვეყნებს.
განათლების მინისტრი: წლის ბოლომდე არ დარჩება მასწავლებელი, ვისაც ეს სიახლეები არ გაუხარდება
მართალია, სკოლის მოსწავლეების მშობლების ნაწილმა სასწავლო წლის პირველ დღეს გზა გადაკეტა და სკოლის მშენებლობა მოითხოვა, მაგრამ არც აქ დააყოვნა პოზიტივმა – მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს პრემიერის მიერ დაანონსებული 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე წელში ქართულ სკოლებს საერთაშორისო სტანდარტებზე გაიყვანს. აქვე სათქმელია და ვერ გადავდებთ, რომ აქციის მონაწილე მშობლებსა და მოსწავლეებს ამ კონკრეტული სკოლის აშენებას 800 სკოლის პროგრამის გამოცხადებამდე დაჰპირდნენ… აქ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განათლების მინისტრმა პრობლემური სკოლების (სადაც მშენებლობა-რეაბილიტაცია გაჭიანურდა ავტ.) რაოდენობაზე მონაცემები ორი დღის განმავლობაში ამ თანმიმდევრობით მოგვაწოდა: ჯერ 200, შემდეგ 100, შემდეგ 14 და ბოლოს 10-მდე. ინფრასტრუქტურულად გაუმართავი სკოლების რაოდენობა პრაქტიკაშიც ასეთი სისწრაფით თუ შემცირდება, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.
17 სექტემბერს, განათლების მინისტრმა ახლა ის გვითხრა, პროფესიული განათლება უმაღლეს კლასებში პრაქტიკულად სავალდებულო გახდებაო და ზოგადი განათლების ატესტატთან ერთად, მოსწავლეს ერთი “პროფესია უკვე შეძენილი ექნება თავისი ანაზღაურებითა და დასაქმებითო”. აბა, როგორია?
განათლების სამინისტროს დაფინანსება 47 მილიონი ლარით გაიზრდება და ორ მიმართულებას მოხმარდება
ახალი განათლების მინისტრის ხედვის უახლოეს მომავალში წარმოდგენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას ჯერ კიდევ გიორგი ამილახვარის წარდგენის დღეს დაუანონსა. აქედან 6 თვის შემდეგ, 17 სექტემბერს მინისტრისგან მოვისმინეთ, რომ უახლოეს პერიოდში დიდი პრეზენტაცია იქნება. იმედს ვიტოვებთ, შინაარსიანი ბედნიერების მარცვლები ახლა მაინც შეგვხვდება.
ცხადია, გასულ კვირაში საგანმანათლებლო ბედნიერების მარცვლების სიუხვე სულაც არ გვწყინს, პირიქით. ჩვენი სურვილიც და მოთხოვნაც საგანმანათლებლო სიახლეების შინაარსობრივად წარმოჩენა და დროულ კითხვებზე დროული პასუხებია, რომ მკითხველს ყოველგვარი შელამაზების გარეშე მივაწოდოთ. განათლება ხომ ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტია? ასე გვახსოვს.
იხილეთ კიდევ ერთი პოზიტივი:
- განათლების მინისტრს აჭარაშიც 6 მოადგილე ეყოლება – თორნიკე რიჟვაძის დადგენილება უკვე ძალაშია by ARIS.GE-განათლება
- სტუდენტების პროტესტის გამო, ბსუ-ში სასწავლო პროცესი ნაწილობრივ ჩაიშალა by ARIS.GE-განათლება
- მინისტრი გაფიცვებზე: „სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა“ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო