პასუხი განათლების მინისტრს – „დათქმულ ვადაში ყველა კლასის ყველა სახელმძღვანელოს განახლება წარმოუდგენელია!“
„მაქსიმუმ 2 წელიწადში, 2026 წლის სექტემბერში, ყველა საგნის, ყველა კლასის ახალი სახელმძღვანელო იქნება მერხებზე“, – ეს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის დაპირებაა. მისი განმარტებით, ახალი სასკოლო სტანდარტის შექმნისა და სახელმძღვანელოების განახლების, ადაპტირების ან საერთოდ, თავიდან დაწერის აუცილებლობა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების (ზგემი) შეცვლის შემდეგ დადგა.
„სასკოლო სტანდარტების გადამუშავება უკვე ფინიშისკენ მიდის, წლის ბოლოსთვის დავასრულებთ, რასაც მყისიერად მოჰყვება სახელმძღვანელოების საკითხი. და აი, თქვენთან ერთად შემიძლია ჩვენ საზოგადოებას დავპირდე, რომ არა უგვიანეს 2026 წლის სექტემბერისა, რაც ნიშნავს ორ წელს, თუმცა ვეცდებით უფრო მოკლე ვადაში… ეს ნიშნავს ყველა სასკოლო სტანდარტის განახლებას, შემდგომ ყველა სახელმძღვანელოს ან განახლებას, ან ადაპტირებას, ან საერთოდ ახლიდან დაწერას. მაქსიმუმ 2 წელიწადში, 2026 წლის სექტემბერში სასწავლო წელს ყველა საგნის, ყველა კლასის სახელმძღვანელო იქნება ახალი მერხებზე”, – განაცხადა განათლების მინისტრმა 2024 წლის ივნისში, საკანონმდებლო ორგანოში, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფებოდა.
საინტერესოა, არის თუ არა მინისტრის მიერ დათქმული ვადა საკმარისი იმისთვის, რომ 12 კლასის ყველა საგნის ყველა სახელმძღვანელოს სრულფასოვანი განახლება მოხდეს და 2026 წლის სექტემბერში მოსწავლეებს მერხებზე ახალი წიგნები მართლაც დახვდეთ? ამ კითხვაზე სახელმძღვანელოების ავტორებისა და პედაგოგების აბსოლუტურ უმრავლესობას ერთი, კონკრეტული პასუხი აქვს – არა! მეტიც, EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას სპეციალისტები თუ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები იმასაც აცხადებენ, რომ სახელმძღვანელოებში არსებული ხარვეზების უმთავრესი მიზეზი სწორედ ისაა, რომ განახლების ყველა ეტაპზე არაგონივრული ვადები იყო დათქმული და ავტორებს, ექსპერტებსა თუ გამომცემლობის წარმომადგენლებს, ყოველთვის დაჩქარებული ტემპით უწევდათ მუშაობა.
გარდა ამისა, სასკოლო სახელმძღვანელოების შეფასების შესახებ კვლევას, რომელსაც მაია მიმინოშვილის უწყება – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი ატარებდა და რომელიც, თუ გიორგი ამილახვარის სიტყვებს დავუჯერებთ, უკვე დასრულებულია და სტანდარტების განახლებაც მის შედეგებზე დაყრდნობით ხორციელდება, დღის სინათლე ჯერაც არ უნახავს. მინისტრისგან განსხვავებით კი, განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სსიპ-ში EDU.ARIS.GE-ს არწმუნებენ, რომ: „სახელმძღვანელოების შექმნისა და შეფასების ძირითადი საფუძველი ესგ და საგნობრივი სტანდარტებია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტანდარტების გადამუშავება-განახლების პროცესი. როგორც აქამდეც აღინიშნა, სახელმძღვანელოების კვლევა ძალზე კომპლექსური პროცესია, შესაბამისად, კვლევით მოპოვებული ინფორმაცია ახალი საგნობრივი სტანდარტების კონტექსტშიც უნდა გაანალიზდეს. ამ გარემოების გათვალიწინებით, კვლევის ანგარიშს ამ ეტაპზე ვერ ჩავთვლით დასრულებულად. დასრულებულია მხოლოდ მონაცემთა შეგროვების და არა მონაცემთა დამუშავების და ანალიზის ნაწილი“.
წინამდებარე ინფორმაციის მიუხედავად, გავყვეთ მინისტრის დანაპირებს. „სახელმძღვანელოები იქნება იმ ეროვნული სულისკვეთებით და პრინციპებით, რაც ახალ ზგემშია“, – მინისტრის ამ განმარტების მიუხედავად, ჯერჯერობით გაურკვევლობაში არიან სახელმძღვანელოების ავტორები და არ იციან, კონკრეტულად რა უნდა შეცვალონ პროგრამაში. არადა, სწორედ ამ ცვლილებებზეა დამოკიდებული ის, თუ რა დრო დასჭირდება 1 წიგნზე მუშაობას. განსაკუთრებით დაბნეულობაა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პედაგოგებში და მიაჩნიათ, რომ მათ საგნებში, პროგრამაში თითქმის არაფერია შესაცვლელი, თუმცა ფუნდამენტური ცვლილებების აუცილებლობას ვერც სხვა საგნების სახელმძღვანელოების ავტორები ხედავენ, რადგან მათი თქმით, „ეროვნული სულისკვეთება, არც არსებულ სახელმძღვანელოებს აკლია“.
საბაზო და საშუალო საფეხურების ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების ავტორი, პედაგოგი მაია მენაბდე EDU.ARIS.GE-სთან აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით მისთვის უცნობია, კონკრეტულად რა ტიპის ცვლილებები უნდა განხორციელდეს მისი საგნის სახელმძღვანელოში. ავტორის შეფასებით, ყველა ის საკითხი, რომლებზეც ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში (ზგემი) განსაკუთრებული აქცენტი კეთდება, სახელმძღვანელოში მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი. ამ ფონზე, ავტორი ძირეული ცვლილებების აუცილებლობას ვერ ხედავს.
„სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე ძალიან ბუნდოვანია კონკრეტულად რა ცვლილებები იგეგმება. არ ვიცით დეტალები, არ გვაქვს კონკრეტული მითითებები, არ ვიცით სტრუქტურაც იცვლება თუ არა. მით უმეტეს, მე-7 კლასიდან მე-11 კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოებმა არც ისე დიდი ხნის წინ გაიარა გრიფირება. მე-11 კლასის სახელმძღვანელოზე კი წინა წელს ვიმუშავეთ და ის, რა თქმა უნდა, მორგებულია ახალ საგნობრივ სტანდარტს. ახალ ზგემში წამოწეულია ისეთი საკითხები, როგორიცაა ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთება, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემა და დემოკრატიული ღირებულებები… ჩვენი სახელმძღვანელოები სწორედ ამ პრინციპებზეა აგებული თავისი ტექსტებით, აქტივობებით, კრიტიკული კითხვებით და ამ ფონზე, არა მგონია, ამ კუთხით რაიმე განსაკუთრებული ცვლილებები იყოს საჭირო“, – ამბობს მაია მენაბდე.
ავტორი ჩვენთან სახელმძღვანელოს მომზადების ვადებზეც საუბრობს. მისი თქმით, ყოველთვის პრობლემა იყო ის, რომ ავტორებს ამ მნიშვნელოვანი საქმის შესრულება საკმაოდ მოკლე ვადებში უწევდათ. მისი აზრით, არც ამჯერად დაანონსებული დროა გონივრული ვადა:
„სახელმძღვანელოზე მუშაობა შრომატევადი პროცესია და ყოველთვის რთული იყო, ჩავტეულიყავით მოცემულ დროში. მით უმეტეს, ჩვენ, ავტორები, მხოლოდ ამ საქმეს არ ვემსახურებით და პრაქტიკოსი მასწავლებლებიც ვართ. ეს, ერთი მხრივ, კარგია, რადგან გვაქვს საშუალება, სახელმძღვანელოში ის შევიტანოთ, რაც გაკვეთილზე გაგვიკეთებია. მასალის საგაკვეთილო სივრცეში დატესტვა არსებული ხარვეზების აღმოფხვრის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ზოგადად, სახელმძღვანელოებში ხარვეზების არსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ დროის უკმარისობაა – წიგნზე მუშაობს 4 ავტორი, გამომცემლობის თანამშრომლები, ორჯერ ამოწმებენ ექსპერტები და მაინც შესაძლოა, გაიპაროს ხარვეზები, რადგან სინამდვილეში, ყველა რგოლი დაჩქარებული ტემპით მუშაობს. რთულია კონკრეტულად განსაზღვრო, რა დრო სჭირდება სრულყოფილი სახელმძღვანელოს შექმნას ან განახლებას, მაგრამ წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, ვთვლი, რომ მე-7 კლასიდან მე-11 კლასის ჩათვლით საგნის ყველა სახელმძღვანელოს 1-2 წელში რეორგანიზაცია არარეალურია. ჩემი აზრით, ისევ აჩქარებული ტემპის გამო, ეს უმნიშვნელოვანესი საქმე დაზიანდება. მით უმეტეს, როგორც მოგახსენეთ, ამ დრომდე არც დეტალები ვიცით და ამ საკითხზე არც სამინისტროს წარმომადგენლებთან გვქონია შეხვედრა“, – აცხადებს ქალბატონი მაია.
გეოგრაფიისა და ბუნების სახელმძღვანელოების ავტორი მაია ბლიაძე გვიხსნის, რომ დათქმულ ვადაში ყველა კლასის ყველა სახელმძღვანელოს განახლება, წარმოუდგენელია:
„გულწრფელად გეტყვით, თუ ხარისხზე ვართ ორიენტირებული და თუ გვინდა, წიგნები იყოს 2026 წელს, სახელმძღვანელოებზე მუშაობა უკვე დაწყებული უნდა გვქონდეს. მით უმეტეს, როცა საუბარია ყველა კლასის ყველა სახელმძღვანელოს შეცვლაზე. სამწუხაროდ, არ ვიცი, როგორ წარმოუდგენია სამინისტროს ამის რეალიზება. როგორც მინისტრმა ბრძანა, აქვს ხედვა და სტრატეგიული გეგმა, რომელსაც მე ჯერ არ ვიცნობ. არც ის ვიცი, სხვა ავტორებმა თუ იციან. მხოლოდ ერთი საფეხური რომ ავიღოთ – მე-7, მე-8, მე-9 და საბაზო საფეხურის გახანგრძლივების შემთხვევაში მე-10 კლასები, 4 სახელმძღვანელოს მომზადება წელიწადში ან წელიწადსა და 2 თვეში, ყოვლად წარმოუდგენლად მეჩვენება. მეტიც, 1 კლასის სახელმძღვანელოზე რომ ვმუშაობდით, ეს დრო მაშინ იყო ძალიან ცოტა. 4 კლასის სახელმძღვანელოების ამ ვადაში შექმნა კი, არარეალური მგონია. თუ გვინდა ხარისხიანი სახელმძღვანელოები, აუცილებლად გონივრული ვადები უნდა გვქონდეს. კარგი იქნება, თუ ვადებიც გახანგრძლივდება და საკონკურსო წესებიც გადაიხედება“.
რა დრო იგულისხმება „გონივრულ ვადაში“, ამის წინასწარ თქმაც, საკმაოდ რთულია. მით უმეტეს, რომ ჯერ არც ქალბატონმა მაიამ იცის, სახელმძღვანელოებში კონკრეტულად რა ცვლილებები უნდა შევიდეს.
„წლებია გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელოების ავტორი გახლავართ და ამ საგნების სახელმძღვანელოები ყველა თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას მოვარგეთ. ჩემი საგნების სახელმძღვანელოებში ფუნდამენტური ცვლილებების აუცილებლობას ვერ ვხედავ. კონტინენტების გეოგრაფიასა და ბუნებისმეტყველებაში არაფერი შეიცვლება. ცვლილებები ალბათ მხოლოდ საქართველოს გეოგრაფიას შეეხება. ნანახი მაქვს სტანდარტის სამუშაო ვერსია. ის ეფუძნება ახალ ზგემს, რომელშიც წინ არის წამოწეული სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემა. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი უფრო მეტად უნდა აისახოს სახელმძღვანელოში. თუმცა, მიმაჩნია, რომ არც წინა სახელმძღვანელოებს აკლდა ეს თემატიკა. ასე რომ, ვფიქრობ, ჩემი მიმართულებით ძირეული ცვლილებები არ განხორციელდება. უბრალოდ, ავტორები ვეცდებით, აქცენტი მეტად გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის ბუნების მრავალფეროვნებაზე, მის მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობებზე. სიმართლე გითხრათ, რადგან ჯერ არც კი დაძრულა ეს პროცესი, კონცეფციაზე არ გვიფიქრია“, – გვითხრა მაია ბლიაძემ.
ისტორიის სახელმძღვანელოების ავტორმა, პედაგოგმა, გიორგი უგულავამ EDU.ARIS.GE-ს გაუმხილა, რომ არ არის გამორიცხული, დათქმული ვადა გახანგრძლივდეს. ზოგადად, სახელმძღვანელოების განახლებას კი, ავტორი მიესალმება:
„ზოგადად, სახელმძღვანელოების განახლება უწყვეტი და ბუნებრივი პროცესია და არ უკავშირდება მხოლოდ ზგემის ცვლილებას. თითოეულ სახელმძღვანელოს აქვს სასიცოცხლო ვადა, რადგან იცვლებიან მოსწავლეები, იცვლება ინფორმაცია, მიდგომა, მეთოდოლოგია. ამ პროცესში ყველაზე პრობლემური საკითხი არის დრო. სამწუხაროდ, ხშირად, ავტორებსა და გამომცემლობებს მუშაობა ისეთ მოკლე ვადებში უწევთ, რომ სრულფასოვნად გადახედვის, გაუმჯობესების, სიღრმისეულად გადამუშავების დრო ფიზიკურად არ რჩება. ამიტომ ბევრი რამ პოსტფაქტუმ იჩენს თავს. ვადები ასევე დამოკიდებულია ავტორთა კოლექტივის რაოდენობაზე, გამომცემლობის სიმძლავრეზე. ვფიქრობ, მინიმუმ 1 წელი მაინცაა საჭირო. სამინისტროსთან უშუალო შეხება მაქვს და ვიცი, ეს პრობლემა გაცნობიერებული აქვთ და სრული მზაობაა, რომ დრო უფრო მეტი იყოს. ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, რომელიც ნაჩქარევად არ უნდა გაკეთდეს“, – განმარტავს ავტორი.
ბატონი გიორგის ინფორმაციით, განახლების პროცესში მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ საბაზო საფეხური 4 წლით განისაზღვრება და ისტორიის პროგრამა განიტვირთება – 3 წლის ნაცვლად, 4 წელზე გადანაწილდება. სახელმძღვანელოების შინაარსობრივ მხარეზე საუბარი კი, ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორს, ახალი სტანდარტის შექმნამდე, ნაადრევად მიაჩნია:
„კონკრეტულად ისტორიის სახელმძღვანელოები, როგორც ვიცი, სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, არ მიიჩნევა ყველაზე პრობლემურ სახელმძღვანელოებად. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მისი დახვეწა საჭირო არაა. მეც კი, ჩემივე წიგნში, რაღაც დროის მერე, გარკვეული ცვლილებების შეტანის სურვილი გამჩენია. ზგემი არ ემსახურება მხოლოდ ერთი დისციპლინის ინტერესებს. ის მოგვიწოდებს, როგორ ფასეულობით სივრცეზე უნდა დაშენდეს თითოეული საგნის სწავლება. სკოლა პროფესიონალს კი არა, კარგ მოქალაქეს აღზრდის. კარგი მოქალაქე კი, სწორედ იმ ფასეულობებს ეფუძნება, რომლებზეც ზგემშია აქცენტი გაკეთებული. ვერ იქნები სრულყოფილი, თუ არ იცნობ დემოკრატიულ ფასეულობებს და არ ხარ პატრიოტი. ასე რომ, ვფიქრობ, ისტორიის შემთხვევაში, არსებული სახელმძღვანელოებიც პასუხობდა ეროვნულ ღირებულებებს. ალბათ, უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება კულტურული იდენტობის საკითხზე, საქართველოს აღქმაზე გლობალურ კონტექსტში… მაგრამ ეს არ არის ძირეული ცვლილებები და ეს არ ნიშნავს, რომ აქამდე რაც გვიკეთებია, არასწორი იყო და სახელმძღვანელო თავიდან უნდა დავწეროთ. სწორედ ამიტომ, ამ პროცესს ვუწოდებ ევოლუციურს და არა რევოლუციურს“.
გიორგი უგულავას აზრით, სახელმძღვანელოების პროცესი სრულფასოვანი იქნება, თუ სამინისტრო პილოტირების პრინციპს აირჩევს.
„პირველ ეტაპზე მგონია საბაზო საფეხურის განახლების მიმართულებით წავალთ, თუნდაც იმიტომ, რომ ამ საფეხურის წიგნები უფრო დიდი ხანია შეიქმნა, ვიდრე საშუალო საფეხურის. მხარს ვუჭერ იდეას, რომ იყოს პილოტირება და რაც შეგვაქვს სკოლაში, გავტესტოთ 1 სემესტრის ან 1 წლის განმავლობაში. ეს ძალიან კარგი იქნება, რადგან სასწავლო პროცესი ყველაზე კარგად გიჩვენებს სახელმძღვანელოს რა ღირსებები და ნაკლოვანებები აქვს. თუ ამ მიმართულებით წავალთ, ნამდვილად იქნება წინგადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა ბატონმა გიორგიმ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია მალე დასრულდეს სტანდარტის შექმნის პროცესი, რაზედაც პირდაპირაა მიბმული სახელმძღვანელოების განახლების საკითხი.
სტანდარტზე მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და როდის დასრულდება, არ ვიცით. შესაბამისად, არც ის ვიცით, როდის დაიწყება სახელმძღვანელოების განახლების პროცესი. განათლების მინისტრი ამტკიცებს, რომ აქვთ „გააზრებული ხედვა დროშიც და სივრცეშიც“, როგორ უნდა მოესწროს 2026 წლამდე ყველა კლასის, ყველა საგნის, ყველა სახელმძღვანელოს განახლება. ამ ფონზე, ძალიან რთულია წარმოიდგინო, რა ჯადოქრობის ჩატარებას გეგმავს განათლების სამინისტრო.
EDU.ARIS.GE-მ გამომცემლობების წარმომადგენლებთან გაარკვია, რომ 1 ახალ წიგნზე მუშაობას, საშუალოდ 4-5 თვე სჭირდება. ერთ წიგნში ცვლილებების შეტანას კი – ცვლილებების რაოდენობიდან გამომდინარე, 1-2 თვე. ამას იმ დროსაც რომ დავუმატებთ, რაც 12 კლასის 10-ზე მეტი საგნის სახელმძღვანელოების ავტორებს ცვლილებებზე მუშაობაზე, წიგნების განახლებაზე, ადაპტირებაზე ან თავიდან დაწერაზე დასჭირდებათ, მინისტრის დაპირება, რბილად რომ ვთქვათ, რთულად შესასრულებლად მოგვეჩვენება. იმედია, განახლების პროცესში გაითვალისწინებენ, რომ სიჩქარეს, მით უმეტეს განათლების რეფორმაში, კარგი არასდროს მოუტანია და ავტორებს, ექსპერტებს, გამომცემლობების წარმომადგენლებს, ისევ დაჩქარებული ტემპით მუშაობას არ აიძულებენ, რასაც მხოლოდ უარყოფით შედეგი შეიძლება მოჰყვეს.
ასევე იხილეთ:
დაიწყება თუ არა სკოლაში ქართული ენის ცალკე საგნად სწავლება? – რა პასუხი აქვს განათლების მინისტრს
დავიწყოთ თუ არა სკოლებში ქართული ენის ცალკე საგნად სწავლება?
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება
- პაატა სალია პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილედ აირჩიეს by ARIS.GE-განათლება