GE

კონკურსი, როგორც შესაძლებლობა – „ათეულში ყოფნა სარგებელს ჩემს სკოლასა და მოსწავლეებსაც მოუტანს“

სტატიაზე მუშაობა, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, მოსალოდნელზე ემოციური აღმოჩნდა. შეუძლებელია გულგრილი დარჩე, როცა ესაუბრები ადამიანებს, რომლებიც წლის საუკეთესო პედაგოგების ათეულში არიან და რომელთაც, ამ საპატიო სტატუსის მისაღებად, კარიერის განმავლობაში, ამდენი რამ აქვთ გაკეთებული, როცა ისმენ ისტორიებს და იზიარებ მათ სიხარულს საუკეთესოთა შორის დასახელების თაობაზე.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მონაწილე პედაგოგებზე გიამბობთ, რომელთა ცხოვრებაც, სულ რამდენიმე დღის წინ, რადიკალურად შეიცვალა. ახლა ისინი აღარ არიან რიგითი მასწავლებლები, სხვადასხვა კუთხიდან, ახლა მათ მთელი საქართველო იცნობს, კითხულობენ მათ ამბავს, ეცნობიან საქმიანობას და რაც მთავარია, ელიან, ელიან უფრო მეტს. EDU.ARIS.GE -მ ხუთი მათგანი უკვე გაგაცნოთ, დღეს კი მეორე ხუთეულს – მანუშაკ მკრტჩიანს, ნესტან ხორხომელიძეს, ლელა წურწუმიას, ნანა გოგატიშვილსა და თამარ ცანავას წარმოგიდგენთ.

„ჩვენთან ახლა ზეიმია” – 2023 წლის საუკეთესო ათეულის წევრი მასწავლებლების კარიერული გზა, განცდები და მოლოდინები

„გულით ვამბობ, რომ ქართული ენა ძალიან მიყვარს“ – მანუშაკ მკრტჩიანი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ როდიონოვკის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი, მანუშაკ მკრტჩიანი გვიყვება, რომ კონკურსში მონაწილეობაზე ვერასოდეს იოცნებებდა და საკუთარი ნებით განაცხადის შევსებასაც კი ვერ გაბედავდა, რომ არა 2022 წლის ათეულის ერთ-ერთი წევრის ინიციატივა და მონდომება, რომელმაც მანუშაკი კონკურსზე წარადგინა და დაარწმუნა, რომ აპლიკაცია შეევსო. მოგვიანებით კი, კონკურსის ორგანიზატორებისა თუ ჟიურის წევრების მხრიდან იმდენად დიდი კეთილგანწყობა იგრძნო, რომ ნერვიულობა და შიში მალევე მოეხსნა.

„ათეულის გამოცხადების დღეს ტელეფონიც კი არ ავიღე ხელში, იმდენად ვნერვიულობდი. ქმარმა მახარა, რომ ჩემი ფოტო ნახა, მაგრამ სანამ ჩემი სახელი და გვარი არ წავიკითხე, არ ვიჯერებდი. შოკში ვიყავი, ვერ წარმოიდგენთ ეს, ჩემთვის, როგორი მნიშვნელოვანი იყო“, – ამბობს ის EDU.ARIS.GE -სთან საუბრისას.

მანუშაკი თვითნასწავლია და მისი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ისწავლა ქართული ენა და როგორ გახდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ნებისმიერ ადამიანს დაარწმუნებს იმაში, რომ არ არსებობს წინააღმდეგობა, თუ გაქვს მიზანი და არ ნებდები. მანუშაკი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკადან არის. ეთნიკური სომხებით დასახლებულ ამ სოფელში ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანს იშვიათად შეხვდებით. მანუშაკი გვეუბნება, რომ იგი გაიზარდა გარემოში, სადაც ქართულად არავინ საუბრობდა. ქართული ენის შესწავლა სულ უნდოდა, თუმცა მკაცრი კლიმატური პირობების გამო, სოფელში, ქართული პედაგოგად სამუშაოდ, დიდი ხნით, არავინ ჩერდებოდა. მაშინ მანუშაკმა მარტომ, ყოველგვარი დახმარების გარეშე გადაწყვიტა ენა ისე შეესწავლა, რომ შემდეგ უკვე სხვებისთვის სწავლება შესძლებოდა.

ამბობს, რომ ეს მარტივი არ იყო, რადგან თითქმის არ ჰყავდა ადამიანი, რომელსაც რჩევას ჰკითხავდა. ამავდროულად, არ მიუწვდებოდა ხელი ინტერნეტზეც, რათა დამხმარე რესურსები იქ მაინც ენახა. მიუხედავად ამისა, ქართული წიგნებისა და ლექსიკონების მეშვეობით შეძლო 2 წელიწადში ესწავლა ენა, რომელსაც ახლა უამრავ ადამიანს ასწავლის არა მხოლოდ სკოლაში, არამედ მის გარეთაც.

„გულით ვამბობ, ქართული ენა ძალიან მიყვარს. როდესაც მასწავლებლად მუშაობა დავიწყე, ვნერვიულობდი, რადგან ენა ისე კარგად არ ვიცოდი, როგორც მინდოდა მცოდნოდა. 1-9 კლასებში შევდიოდი და ეს ძალიან რთული იყო. ყოველ საღამოს მეორე დღის გაკვეთილს ვამზადებდი. თავად ვსწავლობდი და ბავშვებამდე ისე მიმქონდა. დილას ადრე ვიწყებდი მზადებას და გვიან ღამემდე ვმუშაობდი. მრცხვენოდა, არ აღმოჩენილიყო, რომ რაიმე არ ვიცოდი. ისეთი პერიოდებიც კი მქონია, როცა მიტირია, რადგან სირთულეებს მარტო ვეღარ ვუმკლავდებოდი. ზოგჯერ, სკოლაში წასვლაც არ მინდოდა იმის გამო, რომ ზოგიერთი თემის თარგმნა არ შემეძლო“, – გვიყვება მანუშაკი.

მართალია თვითნასწავლია, მაგრამ წარმატებით აქვს ჩაბარებული ყველა პროფესიული გამოცდა და გავლილი აქვს ყველა ეტაპი. ამ ურთულესი გზის შედეგად, მანუშაკი უკვე 15 წელია ქართულის პედაგოგია. საკუთარი სურვილითა და ინიციატივით, მსურველებისთვის ენის სწავლება სკოლის ფარგლებს გარეთაც დაიწყო. ასწავლის ყველა ასაკის ადამიანს და წუხს, რომ უფროსი თაობა ნაკლებ ენთუზიაზმს იჩენს. გაკვეთილებს, კვირაში ორჯერ, სრულიად უსასყიდლოდ ატარებს. ქართულის შესწავლის მსურველთა რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ სახლის ფართობი საკმარისი აღარ იყო. ამიტომ, საკუთარი სახსრებით მოიძია ფართი, რომელსაც მეუღლის დახმარებით არემონტებს და სულ მალე, ახალ ფართში უფრო მეტ მოსწავლეს მიიღებს. რა თქმა უნდა, ისევ უანგაროდ.

„აქ ყველა ბავშვს უნდა ქართული ისწავლოს და ყველა მშობელი ცდილობს ასწავლოს თავის შვილს. ქართულის სწავლა პოპულარული გახდა. ჩვენი სოფლიდან უკვე ქართულ უმაღლესებში აბარებენ. დაახლოებით 10 წლის წინ ასე არ იყო“, – ამბობს იგი და ფიქრობს, რომ მისი მაგალითი კიდევ ერთი სტიმულის მიმცემი ფაქტორი გახდება ყველა ნინოწმინდელისთვის, განსაკუთრებით კი მოსწავლეებისთვის. მისი თქმით, ბევრი მოსწავლე გეგმავს ქართული ენის მასწავლებელი გახდეს და უხარია, რომ ამ მიზნის მისაღწევად ისეთივე მძიმე გზის გავლა არ მოუწევთ, როგორიც თავად გაიარა.

მანუშაკს ძალიან ბევრი სამომავლო გეგმა აქვს. მათ შორის, მშობლიურ მხარეში ბანაკის მოწყობა, სადაც ეთნიკურად ქართველი და სომეხი ბავშვები ერთად დაისვენებენ. ფიქრობს, რომ ერთმანეთთან ურთიერთობით ენის ბარიერის მოხსნა ბევრად გაადვილდება. მისი კიდევ ერთი მიზანი მშობლიური სოფლის მიმდებარე მთაზე ქართული ანბანის გამოსახვაა. ეს საქმეც, საკუთარი ძალებით, უკვე დაწყებული აქვს და ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანის შემდეგ მის საზეიმოდ გახსნასაც გეგმავს. დარწმუნებულია, რომ კონკურსში მონაწილეობა ამ მიზნების მიღწევაშიც დაეხმარება.

„ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები მოსწავლეები არიან“ – ნესტან ხორხომელიძე

„ამ კონკურსით პედაგოგი და მის მიერ გაწეული შრომა დაფასდა“ – ეს ჩვენი მომდევნო რესპონდენტის, ათეულის კიდევ ერთი წევრის, – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის, ნესტან ხორხომელიძის სიტყვებია, რომელიც „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ იგი უზარმაზარ საქმეს აკეთებს. კონკურსში წარადგინა ადამიანმა, რომელთანაც მხოლოდ ერთხელ მოუწია საქმიანი შეხება, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მისთვის ქალბატონი ნესტანის შესრულებული სამუშაო იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ თითქმის უცნობ ადამიანს რეკომენდაცია გაუწია. მონაწილეობაზეც მისი პატივისცემის გამო დათანხმდა. როგორც კონკურსის მონაწილე პედაგოგების უმეტესობას, თავმდაბლობა არ აძლევდა საშუალებას საკუთარი თავი საუკეთესო მასწავლებლის რანგში წარმოედგინა.

„მერჩივნა ჩემთვის, წყნარად მეკეთებინა საქმე, რომელიც მიყვარს. არ ვთვლი, რომ რაიმე განსაკუთრებულს ვაკეთებ“, – გვეუბნება ქალბატონი ნესტანი და აქვე დასძენს, რომ თანხმობის კიდევ ერთი მიზეზი იმის გაცნობიერებაა, რომ ეს სარგებელს არა მხოლოდ პირადად მას, არამედ სკოლასა და მოსწავლეებსაც მოუტანს, რომელთა წინაშეც პასუხისმგებლობას გრძნობს.

ქალბატონი ნესტანი, 2009 წლიდან, პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ასწავლის. მის პროექტებს წარმატება არაერთხელ აქვთ მოპოვებული. სულ ახლახან ეკოსკოლების საერთაშორისო პროგრამაში გაიმარჯვეს და ჯილდო – მწვანე დროშაც მოიპოვეს. ამრიგად, შუაფხოს საჯარო სკოლა, საქართველოს მასშტაბით, ერთ-ერთი პირველი სკოლაა, რომელმაც ამ პროგრამაში გაიმარჯვა და მსოფლიოს 70 სკოლას შორის მოხვდა. პროგრამის ფარგლებში, ქალბატონი ნესტანი და მისი მოსწავლეები კლიმატის ცვლილების თემატიკაზე იმუშავებენ.
„ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები მოსწავლეები არიან. ისინი არიან ჩემი საქმიანობის მოტივატორები“, – ამბობს იგი და იმის მისახვედრად, რომ ეს გრძნობა ორმხრივია, მარტივი სტატისტიკაც კმარა – შუაფხოს სკოლის მოსწავლეების დიდი ნაწილი უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად გეოგრაფიას ირჩევს, მათი დიდი ნაწილისთვის კი გეოგრაფია პროფესიულ არჩევანადაც იქცა.

მხოლოდ გეოგრაფიის კარგი ცოდნა არ არის ის, რის გადაცემასაც ქალბატონი ნესტანი საკუთარი მოსწავლეებისთვის ცდილობს. ყველაზე პატარა მოსწავლეებშიც კი დემოკრატიული ღირებულებების, მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ცნობიერების ამაღლება და კანონის უზენაესობის პატივისცემა ქალბატონ ნესტანს, პედაგოგის უპირველეს მოვალეობად მიაჩნია.

„მე თუ არ გავაკეთე ეს ყველაფერი, ვერც მათ მოვთხოვ. ამიტომ, ვცდილობ ჩემი ქმედებებით მაგალითი ვაჩვენო. სკოლა, ჩვენს რეალობაში, ყველაფერია. როცა არაფორმალური განათლების მიმართულებით რაიმე პროექტს ვახორციელებთ და წარმატებას ვაღწევთ, ჩემი მოსწავლეები მეუბნებიან – გვინდა მასწავლებლები გავხდეთ, რათა მოსწავლეებისთვის მოტივაციის მიმცემები ვიყოთ, ისევე როგორ თქვენო და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს“, – დასძენს იგი.

„მასწავლებელთა ათეული, არის ერთობა, რომელსაც შეუძლია ბევრი სასიკეთო რამ გააკეთოს“ – ლელა წურწუმია

გორის N12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების, მოქალაქეობისა და ისტორიის მასწავლებელი ლელა წურწუმია „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე“ ყოფილმა მასწავლებელმა, ყოფილმა მოსწავლეებმა, მოქმედმა კოლეგებმა და მეგობრებმა წარადგინეს. ვინაიდან მისი კონკურსში მონაწილეობის საჭიროება ამდენმა ადამიანმა დაინახა, თავი ვალდებულად იგრძნო ამ რთულ, მაგრამ საინტერესო მარათონში ჩაბმულიყო. კონკურსში მონაწილეობის მთავარ ბენეფიტად მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია მიაჩნია და იმედოვნებს, რომ გახდება მაგალითი, რომლის გამოც ახალგაზრდებს პროფესიაში შესვლა მოუნდებათ.

„ძალიან მინდოდა ათეულში მოვხვედრილიყავი, რადგან ესაა მასწავლებელთა ერთობა, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი სასიკეთო რამ გააკეთოს. კარგი მასწავლებლის საზომი, ალბათ, ისაა, თუ რამდენად ვასწავლით მოსწავლეებს აზროვნებას, რათა თავისუფლად იცხოვრონ თავისუფალ, მრავალფეროვან, დემოკრატიულ საზოგადოებაში. სწავლა-სწავლების მიზანიც ხომ ესაა – დავეხმაროთ მოსწავლეებს საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებაში“, – ამბობს ქალბატონი ლელა.

ჩვენს კითხვაზე, თუ რის გამო შეაჩერეს, მისი აზრით, არჩევანი მასზე ჟიურის წევრებმა და რა იყო ის მთავარი კრიტერიუმი, რამაც ის სხვა მონაწილეებისგან გამოარჩია, გვპასუხობს, რომ მთავარი არაფორმალური განათლებისთვის გაწეული სამუშაო იქნებოდა. პედაგოგის მიერ შესრულებული სამუშაოს ჩამონათვალი კი მართლაც საკმაოდ ვრცელი და მრავალფეროვანია. მაგალითად “მეწარმეობის კლუბი”, რომელიც გასულ წელს შეიქმნა და სადაც მოსწავლეები მეწარმეობის უნარებს ივითარებენ. მის ფარგლებში ბავშვებმა დეკორატიული სანთლების წარმოებას მიჰყვეს ხელი. ძველი სანთლების გადამუშავების ტექნოლოგიის შესწავლით მათ ახლების დამზადება შეძლეს. თითოეული სანთელი გარკვეული გზავნილის მატარებელია იმ პირისთვის, ვინც მას შეიძენს, ან გააჩუქებს. ამ პროექტით ქალბატონი ლელა მდგრადი განვითარების მე-12 მიზანს ასრულებს, რომელიც ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობას ეხება. სულ მალე, მისი მოსწავლეები სილიკონის ჩამოსხმის ტექნოლოგიას შეისწავლიან, გორის ღირსშესანიშნაობების გამოსახულებით სამშვენისებს დაამზადებენ და ამ გზით მშობლიური ქალაქს პოპულარიზაციას გაუწევენ.

„ძალიან მინდა ხუთეულში მოვხვდე, რათა ჩემი შესაძლებლობების გამოვლენა და იდეების განხორციელება კიდევ უფრო მეტად შევძლო. სხვადასხვა საგნის მასწავლებლის ერთობა ქმნის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა მიმართულებით განვახორციელოთ ერთობლივი აქტივობები, რომლებიც ცვლილებებს მოიტანს. მაწუხებს მაღალმთიანი რეგიონების პრობლემები, სოფლებიდან ხალხის გადინება, ხარისხიან განათლებაზე დაბალი ხელმისაწვდომობა და ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთობით ამ მიმართულებით ბევრი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ. არაფორმალური განათლების გაძლიერება ამ მოწყვლად ჯგუფებში, ალბათ, ძალიან სასარგებლო იქნება მათთვისაც და ჩვენთვისაც. პროექტების განხორციელება მაღალმთიანი რეგიონებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – ამბობს ქალბატონი ლელა სამომავლო გეგმებზე საუბრისას.

„კონკურსში გამარჯვებას მივუძღვნიდი სკოლას, რომელსაც წარმოვადგენ და ჩემს მოსწავლეებს“ – ნანა გოგატიშვილი

„როცა ასეთ სერიოზულ და საპასუხისმგებლო კონკურსში მონაწილეობას გადაწყვეტ, აუცილებელია გადახედო, შეაჯამო, გააანალიზო, ობიექტურად და კრიტიკულად შეაფასო საკუთარი საქმიანობა და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო. როცა, ჩემ მიერ შევსებული აპლიკაციის საბოლოო ვერსია გადავიკითხე, ჩავთვალე, რომ ამ რთულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მზად ვიყავი“, – ასე დაიწყო თავგადასავალი სახელად „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის N182 საჯარო სკოლის მე და საზოგადოების, მოქალაქეობისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ნანა გოგატიშვილისთვის.

„ეს ემოცია არასოდეს დამავიწყდება. იყო ბევრი სიხარული, ბევრი სატელეფონო ზარი, მოლოცვა. ყველაზე მეტად მახარებდა ჩემი მოსწავლეების, მშობლებისა და კოლეგების გულწრფელი მილოცვები, რადგან ყველაზე კარგად მათ იციან ჩემი საქმიანობის შესახებ, შესაბამისად, ყველაზე ობიექტური შემფასებლები ისინი არიან. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრობა, არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ამავე დროს, ძლიერი ერთობის წევრობის, გამოცდილების გაზიარებისა და შეძენის, შესანიშნავი შესაძლებლობა, რაც ბუნებრივია, მომავალი საქმიანობის უფრო საინტერესოდ და ეფექტურად დაგეგმვის, ახალი იდეების განხორციელების საფუძველი გახდება“, – გვეუბნება ინტერვიუში ქალბატონი ნანა.

სხვა მონაწილეების მსგავსად, კონკურსს ისიც განიხილავს როგორც შესაძლებლობას, გახადოს საკუთარი საქმიანობა უფრო მასშტაბური, საინტერესო და მრავალფეროვანი. თუმცა, მისი საქმიანობა ერთფეროვნებას არც აქამდე უჩიოდა – ჩართული იყო და არის არაერთ საერთაშორისო გრძელვადიან პროექტში, მენტორის სტატუსით. თითოეული პროექტი ისეთ აქტუალურ საკითხებს შეეხება, როგორიცაა დემოკრატიული სკოლა- მოსწავლეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღებაში, გენდერული თანასწორობა, ევროინტეგრაცია, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობა და ა. შ. მისი სამომავლო მიზანია ერთობლივ პროექტი ნებისმიერ სკოლასთან, რაც სკოლებს შორის თანამშრომლობითი კულტურის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

საგნის სწავლების გარდა, მისი ყოველდღიური საქმიანობა მოსწავლეებში ჯანსაღი მიდგომებისა, დამოკიდებულებებისა და აზროვნების განვითარებაზე ზრუნვაა. ცდილობს შექმნას გარემო, რომელიც ზრდის აქტიურ მოქალაქეს, რომელსაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი უფლებები და მოვალეობები ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე და პატივს სცემს სხვის უფლებებს.

„კარგი მასწავლებელი ხარ მაშინ, როდესაც ზრუნავ იმაზე, რომ შენს მოსწავლეებს სკოლაში მოსვლა უხაროდეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ მუდმივად ზრუნავ შენს პროფესიულ განვითარებაზე, რაც საშუალებას გაძლევს საინტერესოდ დაგეგმო სწავლა სწავლების პროცესი, მოსწავლეებს შესთავაზო ინოვაციური მეთოდებით სწავლება, ინტეგრირებული პროექტების განხორციელება, მათი ინტერესის სფეროების გათვალისწინებით დაგეგმო აქტივობები, რაც სასკოლო ცხოვრებას, მოსწავლეებისთვის, სახალისოს, საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის“, – ამბობს EDU.ARIS.GE -სთან ინტერვიუში პედაგოგი.

„თუ გავიმარჯვებ, პირველ რიგში, დედას მივუძღვნი, ისაა ჩემი ბურჯი“ – თამარ ცანავა

გზას, კონკურსზე წარდგენიდან ათეულში მოხვედრამდე სასიამოვნოსა და საინტერესოს უწოდებს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ ცანავა.

ჟიურის წევრების არჩევანის მასზე შეჩერების მიზეზად სამოქალაქო აქტივიზმს ასახელებს, რომლითაც აქტიურადაა დაკავებული და მრავალფეროვანი გეგმები აქვს. საკუთარი ძალებისა და გაჩენილი ახალი შესაძლებლობების მიმართვას სამომავლოდაც ამ კუთხით გეგმავს. აქტიურადაა დაკავებული მასწავლებლების უფლებების დაცვით და დღეს ამას ემსახურება ჯგუფი „მასწავლებლები ცვლილებებისთვის“ რომელიც სოციალურ ქსელში აქვს შექმნილი და რომელიც ადამიანებს ამ იდეის გარშემო აერთიანებს. უკვე ჩანს მათი ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგიც, რომელიც ჯერ კიდევ ჯგუფის შექმნამდე დადგა – თამარმა წამოიწყო და თანამოაზრეებთან ერთად იბრძოდა მასწავლებელთა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხზე, რომელიც დღეს უკვე კანონად იქცა და ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით არაერთი პედაგოგი სარგებლობს, რაც თამარს დიდ გამარჯვებად მიაჩნია.

„აი, ამ კრიტერიუმის გამო მგონია, რომ შემარჩიეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ როგორც ინგლისურის პედაგოგი კლასს ვაკლებ რამეს. ჩემი ბავშვებისთვის 24 საათის განმავლობაში ვშრომობ. ჩემი გაკვეთილები არაა ერთფეროვანი, ვიყენებ ყველანაირ თანამედროვე მეთოდს, პროექტულ სწავლებას და ა.შ. ყველგან ვმონაწილეობ, თუკი რაიმე საერთაშორისო ტრენინგი არსებობს. უკვე მეორედ, ფინალისტი ვარ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის, სადაც საქართველოდან მხოლოდ ორი მასწავლებელი მიდის ხოლმე. ასე რომ, ჩემი საგნის მხრივ არანაკლებს ვაკეთებ, თუმცა მგონია, რომ კონკურსში მაინც აქტივიზმის გამო ვარ“, – გვეუბნება თამარი.

ელის, რომ ცხოვრების იმ ეტაპის შემდეგ, რასაც ეროვნულ ჯილდოზე მონაწილეობა ჰქვია, მეტი ადამიანი გაიცნობს და გაიგებს, რომ არსებობენ მასწავლებლები, რომელთათვისაც სულერთი არაა როგორი განათლების სისტემა იქნება ქვეყანაში, რომელთაც „შეუძლიათ ხმა ამოიღონ“.

„მინდა, მაგალითი ვიყო იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც, ხშირად, შესაძლოა, თავს დაჩაგრულად გრძნობდნენ. მაგალითად მე, დაჩაგრულად ვგრძნობდი თავს, როცა ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას ვერ ვიღებდი. სწორედ ამიტომ დავიწყე ბრძოლა და თუ განსაზღვრავ მიზანს, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ათეულის წევრობა ზუსტად ამაში დამეხმარება – უფრო მეტად გავუზიარო ჩემი გამოცდილება სხვებს, მეტმა ახალგაზრდა მასწავლებელმა დაიწყოს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა. პატარა ცვლილებებით დიდ ცვლილებაზე უნდა გავიდეთ. ბედნიერი მასწავლებელი და კარგი მოსწავლე ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. დემოტივირებული მასწავლებელი თავისუფალ მოქალაქეს ვერ გაზრდის“, – ამბობს თამარი.

სამომავლო გეგმად პედაგოგთა ღირსეული პენსიისა და ჯანდაცვის პირობებისთვის ბრძოლა აქვს დასახული. ამბობს, რომ ეს პედაგოგებს ძალიან აწუხებთ და 30-40 წლიანი სტაჟის მქონე მასწავლებლები თავს დაუფასებლად არ უნდა გრძნობდნენ. დარწმუნებულია, რომ ამ მიზანსაც აუცილებლად მიაღწევს, რადგან მისი მოთხოვნა სამართლიანია.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ უკვე მეშვიდედ ტარდება. იგი განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა და მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია. კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორები არიან ლიბერთი ბანკი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპონსორები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc) და ალტე უნივერსიტეტი, ხოლო ჯილდოს მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.

2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური