GE

კორონავირუსის მიზეზით დახურული სკოლებისა და კლასების მონაცემები განახლდა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რაოდენობა თანდათან იკლებს.

განათლების უწყების მიერ 12 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, ბოლო შვიდი დღის მონაცემების მიხედვით, დისტანციურ სწავლებაზე 89 სკოლა და 398 ცალკეული კლასი იმყოფება. რაც შეეხება რისკის ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, დისტანციურად 110 მასწავლებელი ასწავლის.

სამინისტროს განმარტებითვე, გასული კვირის მონაცემებთან შედარებით, შემცირებულია ასევე ინფიცირებულ პედაგოგთა რიცხვი.

„ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებლების 0.6%-ს დაუდასტურდა, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71.7%”, – აცხადებენ მიხეილ ჩხენკელის უწყებაში.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ კოვიდსტატისტიკას, stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემების მიხედვით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 588 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 46 პირი გარდაიცვალა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, განახლებული მონაცემებით, აღნიშნული დღიური მაჩვენებელი 7,18%-ია. ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე აცრილია – 2 311 840, დღიურად აცრილთა რაოდენობა კი 2 500-ს შეადგენს.

ასევე იხილეთ:

13 დეკემბრიდან საჯარო ბაღებს COVID-19-ის შემთხვევებზე ახალი რეაგირება ექნებათ – რეგულაციების დოკუმენტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური