კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტებს გამოცდების მოგვიანებით ჩაბარება არ შეეძლებათ
თუკი აბიტურიენტი კორინავირუსით დაინფიცირდება, მას სტუდენტობის ერთი წლით გადადება მოუწევს. მოგვიანებით, გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა, კორონავირუსით დაავადებულ აბიტურიენტებს, არ მიეცემათ. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს კითხვას დღეს, მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა უპასუხა, სადაც 2020 წლის ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
„თუ აბიტურიენტს კორონავიურისი დაუდასტურდება, საგამოცდო სივრცეში არ დაიშვება. ის ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. თქვენ იცით, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორების პრეცედენტი არ არსებობს. როგორც წინა წლებში, წელსაც იქნება აბიტურიენტების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც ჩაბარებას ვერ შეძლებენ. ასეთი აბიტურიენტები წინა წლებშიც გვყავდა. მათ შორის, მონაწილეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ იღებდნენ. ასე რომ, წელსაც ასე იქნება – გამოცდებში მონაწილეობას ისინი მომავალ წელს მიიღებენ“, – აღნიშნა მიცკევიჩმა.
ამავე პრესკონფერენციაზე, უკვე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან ამირან გამყრელიძესთან ვცადეთ გაგვერკვია ფიქრობს თუ არა, რომ ეს ფაქტი აბიტურიენტებს სიმპტომების დამალვისაკენ უბიძგებს, თუნდაც გამოცდაზე გასვლის წინ სიცხის დამწევი პრეპარატის დალევით.
ამირან გამყრელიძე: ეს ფაქტორი, შეილება, ბიძგი იყოს, მაგრამ ვერ დამალავს. ლაბორატორიულ ტესტში მაინც ხომ ვერ დამალავს.
Edu.aris.ge: თუ ამ ტესტსაც არ გაიკეთებს? თუკი სიმპტომების დამალვა აქვს გადაწყვეტილი, ტესტზეც ხომ არ წავა?
ამირან გამყრელიძე: ადგილზე ხომ ესწრება სამედიცინო პერსონალი და ისინი დაადგენენ.
Edu.aris.ge: გამოცდაზე შესვლისას? როგორ? თუ დამწევი აქვს მიღებული და ხველასაც მალავს?
ამირან გამყრელიძე: რთული კითხვაა. ეს, თავისთავად, არაკეთილსინდისიერი ქმედებაა. თუმცა, იმ ადამიანებს, რომლებიც დარბაზში ბრძანდებიან, ყველას ნიღაბი ეკეთებათ. ნიღაბი სერიოზული დამცავი საშუალებაა. რამდენ ხანს დამალავს ტემპერატურას? მეორე, მესამე დღეს გამოუვლინდება და მაინც გახდება იძულებული სამედიცინო დაწესებულებას მიმართოს და ტესტირება ჩაიტაროს. ასე რომ, ამის რისკი დაბალია.
ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევები. მოგეხსენებათ, საქართველოში შემოსული თითოეული ადამიანი კარანტინში მიდის. პანდემიის საწყის ეტაპზე ამ მეთოდს იყენებდნენ – იმისათვის, რომ თერმოსკრინინგის შედეგად საავამდყოფოში არ გადაეყვანათ, ადამიანები საზღვარზე სიცხის დამწევ საშუალებას იღებდნენ, მაგრამ შემდგომ ეს მაინც ვლინდებოდა კარანტინში, ან თვითიზოლაციაში. ამიტომაცაა, რომ ჩვენ დაავადებების დიდი გავრცელება არ გვაქვს. ამაში როლი საკარანტინო სივრცეებმა და სხვა ალტერნატიულმა საშუალებებმა თამაშეს.
რომელი აბიტურიენტი არ დაიშვება ეროვნულ გამოცდებზე – ამირან გამყრელიძის განმარტება
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება