GE

კსუ-ის აფილირებული პროფესორი პიტერ ლიდიარდი სამუშაო ვიზიტით კსუ-ს ესტუმრა

დიდი ბრიტანეთის ვესტმისტერის უნივერსიტეტის ემერიტუსი (აკადემიური წოდება, რომელიც ენიჭება მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის) პროფესორი, ცნობილი იმუნოლოგი, თანამედროვე სამედიცინო განათლების ექსპერტი და ამავდროულად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი – პიტერ ლიდიარდი, აქტიურადაა ჩართული კსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესში.

პიტერ ლიდიარდი, ვიზიტის ფარგლებში, კსუ-ის კანცლერს – ვახტანგ წივწივაძეს, მედიცინის ფაკულტეტის დეკანს – ლალი მეკოკიშვილსა და სტუდენტებს შეხვდა. პროფესორმა, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, თავისივე ავტორობით გამოცემული წიგნიც უსახსოვრა.

პროფესორმა მონაწილეობა მიიღო განახლებული სილაბუსების განხილვაშიც. მისი ინიციატივითა და უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენლების ჩართულობით, მედიცინის ფაკულტეტზე – ონლაინ ლექციების, შემეცნებითი აუდიოფაილებისა და სტუდენტებთან დისტანციური კონსულტაციების სისტემა ამოქმედდება.

მედიცინის ფაკულტეტის, იმუნოლოგიის სასწავლო დისციპლინის ხელმძღვანელ – ნინო ამაღლობელთან და ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, მაისის თვეში – პროფესორი – პიტერ ლიდიარდი ლექცია-სემინარებს, PBL სესიებსა და მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის, მედიცინის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებში – ტრენინგს ჩაატარებს.

აღნიშნული აქტივობები მედიცინის ფაკულტეტზე სწავლების თანამედროვე სტანდარტების განვითარებასა და სასწავლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციას – მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური