GE

კსუ-ის პარტნიორობით აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსსა და ჟურნალისტთა გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა

ფეხბურთს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს და ხელი შეუწყოს პოლიტიკური კულტურის ამაღლებასა და სოციალურ ჩართულობას – ამ იდეითა და მიზნით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის დიპლომატიური კლუბის პარტნიორობით, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსსა და ჟურნალისტთა გუნდებს შორის, ამხანაგური მატჩი გაიმართა.

სპორტული შეხვედრა რასიზმისა და სხვა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ წარმართულ საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, (FARE Action Week 2017) რომელსაც კოორდინაციას ორგანიზაციათა ქსელი – ფეხბურთი რასიზმის წინააღმდეგ ევროპაში (FARE) უწევს.

აქციას რამდენიმე ძირითადი მიზანი ამოძრავებს:

  • დისკრიმინაციასთან ბრძოლა;
  • რასიზმისა და ექსტრემიზმის პრევენციაში – ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა თუ დიპლომატების როლის წინ წამოწევა;
  • წარმომავლობისა და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, თითოეული ადამიანის ჩართულობა ფეხბურთის განვითარებაში;

კვირეულის ფარგლებში, ბოლო წლებში ევროპის 70 ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ – (არგენტინა, ბრაზილია, კამერუნი, მექსიკა და ა.შ.) 4000-მდე ღონისძიება ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ (FARE Action Week 2017) სპორტის სამყაროში დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი სოციალური აქტივობაა, რომელიც ასიათასობით ადამიანს ერთი მთავარი მესიჯით აერთიანებს, რომ ფეხბურთისთვის ბარიერები არ არსებობს. აღნიშნული აქცია, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტის, სპორტული ჟურნალისტების ასოციაციისა და დიპლომატთა ჯგუფის თანადახმარებით (EUMM) ჩატარდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური