GE

კსუ-ის სამაგისტრო პროგრამის განხილვის პროცესში “დოიჩე ველე აკადემიის” წარმომადგენლები ჩაერთნენ

კსუ-ის სამაგისტრო პროგრამის „მულტიმედიის წარმოება და კვლევა” განხილვის პროცესში, „დოიჩე ველე აკადემიის ” წარმომადგენლები ჩაერთნენ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის პროფესორ-მასწავლებლები, უკვე თითქმის წელიწადია, ახალი სამაგისტრო პროგრამის: „მულტიმედიის წარმოება და კვლევა”, შემუშავების პროცესში არიან. ბოლო სამუშაო შეხვედრის ფორმატი განსხვავებული სახით წარიმართა. დასავლელ კოლეგებთან ერთობლივი ონლაინ კონფერენცია მიზნად პროგრამის სრულყოფას ისახავდა.

ევროპულ გამოცდილებას, ამჯერად, პედაგოგებს ცნობილი გერმანული მედიაორგანიზაციის „დოიჩე ველე აკადემიის ” წარმომადგენლები უზიარებდნენ.

DW აკადემია, 2004 წლიდან ტელე-რადიო, ასევე ახალი მედიის ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება. დამოუკიდებელი მედია სისტემების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, ის ევროპაში წამყვანი ორგანიზაციაა. მრავალწლიანი გამოცდილება, ასევე «Deutsche Welle»-ს ტრადიცია ჟურნალისტური საქმიანობის ხარისხისა და მედია კომპეტენციის მაღალი მაჩვენებლის გარანტია.

ონლაინ კონფერენციაში, კსუ-ის მხრიდან, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი – ზაზა ცოტნიაშვილი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი – ირინა ღვინერია, მულტიმედია ცენტრის პროდიუსერი – რუსუდან კვარაცხელია, მულტიმედია ცენტრის კონსულტანტი – ანა ჯანიკაშვილი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმართულებით – ანჟელა აბულაძე ჩაერთნენ, ხოლო „დოიჩე ველე აკადემიას” – კრისტოფ შმიდტი და ლინა ფრიდრიხი წარმოადგენდნენ.

ონლაინ კონფერენციის ფარგლებში, მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები რამდენიმე ძირითადი მიმართულებით დასახეს, მათ შორის: საქმიანი ვიზიტები, კონსულტაციები, ერთობლივი კონფერენციები და ლექტორების მოწვევის ორგანიზება, რაც საუკეთესო გერმანული გამოცდილების გაზიარებასა და, საბოლოოდ, სამაგისტრო პროგრამის სრულყოფას მოემსახურება.

სტუდენტების მიღება აღნიშნულ პროგრამაზე ახალი სასწავლო წლიდან იგეგმება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური