GE

კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტები ღვინის ესპანელ ექსპერტებს შეხვდნენ

8-14 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, „კავკასიის სავაჭრო სახლისა“ და „იბერია ცენტრის“ (ქეთევან გორგილაძე) ორგანიზებით, ესპანელი ღვინის ექსპერტების, ხესუს მიგელ ოლივარესა და კარლოს კინტანას ვიზიტი შედგა.

8 აპრილს, „საქართველოს ღვინის კლუბში“ ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, 9-10 აპრილს კი სტუმრები კახეთის რეგიონს ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები და მარნები მოინახულეს.

11 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ექსპერტები კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცირე მარნების წარმომადგენლებს შეხვდნენ. აუდიტორიისთვის გაიმართა ლექცია თემაზე: „ბიო ღვინოს წარმოება – ევროპული გამოცდილება ტექნოლოგიებში და ექსპორტის ახალი შესაძლებლობები საქართველოსათვის“. სტუმრებმა ასევე დააჭაშნიკეს მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა მიერ მომზადებული ექსპერიმენტული ღვინის ნიმუშები და გაუწიეს შესაბამისი კონსულტაციები.

12 აპრილს, ესპანელი სტუმრები ეწვივნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ჯიღაურაში, სადაც დაათვალიერეს ქართული და ინტროდუცირებული ვაზის ჯიშების კოლექცია და დააგემოვნეს ვაზის იშვიათი ჯიშებიდან დამზადებული ღვინოები.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები პრაქტიკას ესპანეთში გაივლიან, ასევე დაიგეგმა კვლევითი პროექტი, რომელიც ესპანური ღვინის ქართული ტექნოლოგიებით, ხოლო ქართული ღვინის ესპანური ტექნოლოგიებით დამზადებას ითვალისწინებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური