GE

მაღალ სართულიანი თუ მაღალსართულიანი? 10 კაციანი თუ 10-კაციანი? თავზეხელაღებული თუ თავზე ხელაღებული?

გრამატიკულ ცნობარში კუთვნილებითი კომპოზიტების მართლწერას მიმოვიხილავთ.

კუთვნილებითი მნიშვნელობის მქონე რთული სიტყვები ( კომპოზიტები), შემადგენელ ფუძეთა რაოდენობის მიუხედავად, ერთად უნდა დავწეროთ.

სანიმუშოდ განვიხილოთ კომპოზიტი – ლამაზკაბიანი.

სიტყვა ორი დამოუკიდებელი ფუძისგან შედგება – ლამაზი და კაბა. – იან სუფიქსის დამატებით იწარმოება ახალი სიტყვა – ლამაზკაბიანი. აღნიშნული წესის თანახმად, მიღებული კომპოზიტი უნდა დაიწეროს ერთად, განცალკევების გარეშე. შესაბამისად, სწორია:

მაღალსართულიანი

ლამაზკაბიანი

ქუდბედიანი

მრავალუცნობიანი

ზოგჯერ კუთვნილებითი მნიშვნელობის მქონე კომპოზიტის წარმოებისას საჭიროა ციფრის ან რაიმე სიმბოლოს გამოყენება. ასეთ შემთხვევაში პირველი ნაწილი მომდევნოს დეფისით უნდა გამოეყოს. შესაბამისად, სწორი იქნება:

10-კაციანი

X-უცნობიანი

50-თეთრიანი

3-შვილიანი

თუ კუთვნილებით კომპოზიტს წინ უძღვის -ზე ან -ში თანდებულიანი ადგილის გარემოება, სიტყვები განცალკევებით უნდა დავწეროთ. შესაბამისად, სწორი იქნება:

თავზე ხელაღებული

მუხლებში თავჩარგული

გრამატიკული ცნობარის სხვა გაკვეთილები

რუბრიკის ავტორი: ნინო ლომიძე, ფილოლოგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური