„მაღალკლასელების სკოლაში დაბრუნებაზე არასწორი მოლოდინი არ უნდა იქმნებოდეს“
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი კეთდება VII-XII კლასების სკოლებში დასაბრუნებლად, მშობლებისა და მოსწავლეების უმრავლესობაში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.
ისინი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აღნიშნავენ, რომ გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სკოლებში სწავლის სრულფასოვან აღდგენაზე საუბარი ნაადრევია და შვილებს საფრთხის ქვეშ არ დააყენებენ. ჩვენი რესპონდენტების რამდენიმე კომენტარს უცვლელად წარმოგიდგენთ.
თამილა სახეჩიძე, მე-11 კლასის მოსწავლის მშობელი: „სწავლა, რომ დაიწყო უსამართლოდ მიმაჩნდა, რომ მხოლოდ დაბალ კლასებს მისცეს სკოლაში სიარულის უფლება, მაგრამ შემდეგ ისეთ რიცხვებს მიაღწია კორონავირუსმა, რომ, ალბათ, მაინც დისტანციურ სწავლებას ავირჩევდი ჩემი შვილისთვის. წინა სემესტრისგან განსხვავებით, ახლა უფრო კარგად უტარდება დისტანციური გაკვეთილები და მივეჩვიეთ კიდეც. სკოლაში გვითხრეს, რომ სავარაუდოდ, მეორე სემესტრამდე არ მოხერხდება კლასებში გაკვეთილებზე დასწრება და რომც იყოს, ასეთ მდგომარეობაში ბავშვს სკოლაში არ გავუშვებ.“
მირცა მამსირაშვილი, მე-7 კლასის მოსწავლის მშობელი: „რაც გაიხსნა ის სკოლებიც დახურეს ნახევარზე მეტი, დღე არ გავა რომელიმე სკოლა ან ბაღი არ დაიხუროს და მაღალ კლასელების დაბრუნებაზე საუბარი ტყუილი პოპულიზმი მგონია. მესმის იმ მშობლებისაც, ვისაც უნდა, რომ სკოლაში იარონ ბავშვებმა, მაგრამ სანამ ასეთი მაღალი რიცხვებია ვირუსის დაფიქსირების, ვფიქრობ, უკეთესია სწავლა დისტანციურად თუ გაგრძელდება. ტყუილი მოლოდინის შექმნა სწორი არ მგონია, ისედაც დაძაბული აქვს ყველას ნერვები.“
ქეთი ჭუმბურიძე: „ჩემი შვილი მესამე კლასშია, კერძო სკოლაში დადის და მოგვცეს შესაძლებლობა, რომ დისტანციურად ესწავლა. ეს იყო ჩემი სურვილი. როგორც ექიმი, ვხვდებოდი, რომ გართულდებოდა ეპიდსიტუაცია და ვამჯობინე სახლში ყოფილიყო. ახლა მე-4 – მე-6 კლასები გაუშვეს დისტანციურზე, მალე ერთი თვე გავა. რაც სწავლა დაიწყო და იხურება სკოლები, არ მგონია არათუ მაღალკლასელების დაბრუნება, საერთოდ სკოლის სივრცეში სწავლის გაგრძელება იყოს შესაძლებელი მოცემულ ვითარებაში.“
თამთა კუპატაძე, მე-7 კლასის მოსწავლისა და პირველკლასელის მშობელი: “როგორც მშობელი დილემის წინაშე ვარ, არც ერთ დისტანციურ გაკვეთილს არ აცდენს ჩემი შვილი და ძალიან დიდი დროის გატარება უხდება ეკრანთან, ეს მაწუხებს ძალიან, მაგრამ ისიც არ მინდა, რომ ვირუსი შეხვდეს და რისკის ქვეშ აღმოჩნდეს. ახლა ასე თუ ისე აწყობილია ეს ონლაინ სისტემა და ვფიქრობ ამ ეტაპზე, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით დისტანციურად ჯობია.”
ვახო, მე-8 კლასის მოსწავლე: „ჩემი ძმა მესამე კლასშია და დადის სკოლაში, მე დისტანციურად მიტარდება, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, სკოლაში მაინც გაგვიჭირდება წესების დაცვა და ამიტომ შევეგუე, რომ ჯერჯერობით სახლიდან მომიწევს დისტანციურად სწავლა. მასწავლებლებიც გვეუბნებიან, რომ მეორე სემესტრამდე ონლაინ გაკვეთილები გვექნება. მგონი უკვე აღარც მახსოვს, როგორ მიტარდებოდა კლასში გაკვეთილები.“
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება