GE

მამები საგამოცდო ცენტრებიდან – აქ მინისტრიც და სხვებიც ერთნაირად ღელავენ

ვინ თქვა, რომ მხოლოდ დედები დაჰყვებიან აბიტურიენტ შვილებს გამოცდებზე და მხოლოდ მათ აქვთ აჩქარებული გულის პულსი?! არა, მეგობრებო, საგამოცდო ცენტრებთან სხვა რეალობაა და EDU.ARIS.GE -ს არაერთი ჟურნალისტია ამის მოწმე.

გაინტერესებთ, როგორ უსიტყვოდ ღელავენ და განიცდიან მამები? დიახ, უსიტყვოდ! ერთი შეხედვით, მათ ნერვიულობა არ ეტყობათ, მაგრამ ყველა მკაცრი მამის გულიც სათუთი ხდება, როცა საქმე შვილსა და მის მომავალს ეხება.

მაგალითად, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს, როცა აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში წერდნენ, 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრთან საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე და მისი აბიტურიენტი შვილი ფაქტობრივად პირველები გამოცხადდნენ და მინისტრი აპლიკანტების ვრცელ რიგში საკმაოდ დიდხანს იდგა.

აღსანიშნავია, ისიც რომ სამ ივლისს, მთავრობის სხდომაც იმართებოდა და მინისტრი მამა ჯერ თავის გოგონას ახლდა საგამოცდო ცენტრში მხარდაჭერის მიზნით, შემდეგ კი სხდომას დაესწრო. საკუთარი განცდების შესახებ ღიად საუბრისგან ბატონმა ირაკლიმ თავი შეიკავა და დაგვპირდა, რომ “სხვა დროს აუცილებლად ისაუბრებს..”.

2023 წლის აბიტურიენტია საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის შვილიც.

აბიტურიენტებიც არ მალავენ, რომ გამოცდების მიმდინარეობისას, დედებთან ერთად, მამების მხარდაჭერა, კიდევ უფრო მეთ თავდაჯერებულობასა და რწმენას მატებთ.

„თამარ, წარმატებები! – მნიშვნელოვან მომენტებში შვილის გვერდით ყოფნა აუცილებელია“

მოდით, ახლა ისევ მამების განცდებს დავუბრუნდეთ.

EDU.ARIS.GE მუხიანის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრთან იმყოფება. გულშემატკივრების რიგებს ვაკვირდებით. ვხედავთ, რომ კაცებიც მრავლად არიან და რთული გამოსაცნობი არაა, მათგან რომელია მშობელი. სხვათა შორის, არა მხოლოდ მამები, აბიტურიენტების ბიძებიც აქ არიან.

ვანო ივანიშვილი, აბიტურიენტი ბიჭის ბიძაა. როგორც ის ჩვენთან ამბობს, ძმა ემიგრანტია, ამიტომ საკუთარ ძმისშვილს გამოცდაზე თავად ახლავს და მაქსიმალური მხარდაჭერის გამოხატვას ცდილობს:

“ჩემი ძმა უცხოეთში ცხოვრობს. ჩემი სურვილიც იყო და თავადაც მთხოვა, რომ მხოლოდ მე გავყოლოდი გამოცდაზე. ორივე კაცები ვართ და ერთმანეთის გარემოცვაში თავს კომფორტულად ვგრძნობთ. ცოტა აღელვებულია, მაგრამ არ ნერვიულობს ისე, რომ ხელი შეეშალოს. ვისურვებდი, რომ არა მხოლოდ მამები, არამედ ბიძებიც დაჰყვებოდნენ გამოცდაზე, თუ მათ ამის სურვილი აქვთ. ჩემი ძმისშვილი ბიჭია და კაცისთვის კაცის უხმო  მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. უფრო თავისუფლად არიან. ნაკლებად სტრესულიც არის, რადგან 2 კაცი ვართ, გვესმის ერთმანეთის და მშვიდად ვართ”, – გვეუბნება ვანო ივანიშვილი.

ჩვენი შემდეგი რესპონდენტი, ირაკლი სირაძეც აბიტურიენტი ბიჭის მამაა, ისიც მეუღლის გარეშე გამოჰყვა ვაჟს გამოცდაზე და შვილისთვის საჭირო ნივთებით არის შეიარაღებული.

“ხელში მიჭირავს შვილის პირადობა და საგამოცდო ბარათი. წყალი თავად აქვს. გეტყვით, რომ დილით 6 საათზე ავდექით, პირველი მე გავიღვიძე, მაგრამ მისი გაღვიძება არ დამჭირდა. ორივე მშვიდად და აუღელვებლად მოვემზადეთ და გამოვედით. საგამოცდო ცენტრში ოჯახის ავტომობილით მოვედით და აქ, მანქანაში ვაპირებ დაველოდო, სანამ გამოცდა არ დასრულდება“.

მამას ვკითხეთ, ხომ არ მისცა შვილს საგამოცდო დაპირება. მან ჩვენთან საუბარში ღიმილით თქვა, რომ დაპირება ნამდვილად მისცა, თუმცა ვერ გაასაჯაროებს, რადგან ოჯახის საიდუმლოა.

EDU.ARIS.GE ერთიან ეროვნულ გამოცდებს მრავალი წელია აშუქებს და სასიამოვნოა იმის ნახვა, რომ მითი, თითქოს საგამოცდო ცენტრებთან მხოლოდ დედები ფორიაქობენ, დამსხვრეულია. აქ მინისტრიცა და სხვა მამებიც ერთნაირად ნერვიულობენ.

ასევე იხილეთ:

„რეგიონებიდან ჩამოვდივართ… ხომ შეიძლება, შვილს ადამიანურად ვუგულშემატკივრო“ – მშობლები გორის ცენტრიდან

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური