GE

„თამარ, წარმატებები! – მნიშვნელოვან მომენტებში შვილის გვერდით ყოფნა აუცილებელია“

„თამარ, წარმატებები!“ – ამ სიტყვებს ეძახდა საგამოცდო ცენტრისკენ მიმავალ შვილს მამა 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს და ცდილობდა, შვილის ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი – პირველ გამოცდაზე შესვლა, ფოტოზე აესახა.

ემოციურ სცენას EDU.ARIS.GE 191-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრთან შეესწრო. მამა, რომელიც თავადაც ფოტოზე ავსახეთ, ლუკა ჭყონია აღმოჩნდა. გამოცდაზე, შვილის საგულშემატკივროდ, მარტო იყო მისული და როგორც თავად გვითხრა, აპირებს, თამარს ყველა გამოცდაზე გამოჰყვეს.

„შვილს ვგულშემატკივრობ, თამარს. სავარაუდოდ, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩააბარებს. დედას არ სცალია და მარტო წამოვედი. ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა. შესვლამდე ფოტო გადავუღე, სამახსოვროდ“, – გვითხრა მან.

ბატონი ლუკა მამების იმ მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც შვილს გამოცდებზე მიჰყვებიან. EDU.ARIS.GE ერთიან ეროვნულ გამოცდებს მრავალი წელია აშუქებს, თუმცა საგულშემატკივროდ მისული მამა, ჩვენთვისაც კი არცთუ ხშირი სანახავია. როგორც წესი, ამ პროცესში მამების ჩართულობა შვილების ცენტრამდე მანქანით მიყვანით შემოიფარგლება ხოლმე. საგულშემატკივროდ კი, სიცხეში, უმეტესად დედები რჩებიან. ჩვენი რესპონდენტი ასე არ აპირებს და მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვან მომენტებში შვილის გვერდით ყოფნა აუცილებელია.

„მამაშვილური ურთიერთობაც გვაქვს და მეგობრულიც. ძალიან თავისუფლად გავზარდე. სიმკაცრე ნაკლებად მახასიათებს. მნიშვნელოვან მომენტებში უნდა ხოლმე, რომ მის გვერდით ვიყო და მეც მინდა, რა თქმა უნდა. მაგალითად, სკოლა რომ დაასრულა, ბანკეტზე უნდოდა მის გვერდით ვყოფილიყავი და მეც წავედი. ოჯახის წევრების მხარდაჭერა ასეთ დროს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა დრო არ გაქვს, მაგრამ მაინც პოულობ. მე ახლა სამსახურში უნდა ვიყო, მაგრამ აქ ვარ და გამოცდის ბოლომდე დავიცდი.

„მთელი ცხოვრება შრომაში გავატარე. ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მქონოდა, რომ ჩემს ოჯახს და, პირველ რიგში, შვილებს არაფერი მოჰკლებოდათ, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ყველაზე ძვირფასი მათთვის და ასევე ჩვენთვის ისაა, რომ მათთან რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ. დრო გადის და როცა უკან მოიხედავ, ნახავ, რომ ისინი უკვე დიდები არიან და და იმ ტკბილ, ბავშვობის წლებს ვეღარ დაიბრუნებ, ვერანაირ ფასად“, – გვითხრა მამამ, ლუკა ჭყონიამ.

EDU.ARIS.GE თამარს და თითოეულ აბიტურიენტს წარმატებებს უსურვებს!

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური