მამულაშვილი: “მასწავლებლის სახლის ფუნქცია იცვლება.”
მასწავლებლებს სერთიფიცირების გამოცდებისთვის მასწავლებლის სახლი აღარ მოამზადებს. მუშავდება მასწავლებლის ახალი სტანდარტი, მასწავლებლებს შესაბამისი კატეგორიის მისაღებად გარკვეული რაოდენობის კრედიტების დაგროვება მოუწევთ – Aris.ge-განათლება გთავაზობთ ინტერვიუს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ეროვნული ცენტრის დირექტორთან, გია მამულაშვილთან.
მასწავლებლის სახელით ცნობილი ცენტრი კრიტიკის ადრესატი ხშირად გამხდარა. განსაკუთრებით, წელს, როცა სერთიფიცირების შედეგებმა სრული კრახი განიცადა.
ცენტრის ბიუჯეტი დაახლოებით 18 მილიონს შეადგენს. აქედან, 4 მილიონი პედაგოგთა ტრენინგების, სემინარებისა და კონფერენციისთვისაა გამოყოფილი.ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რას აკეთებს მასწავლებლის სახლი და რატომ გვაჩვენეს პედაგოგებმა მომზადების დაბალი დონე? ცენტრის დირექტორთან ინტერვიუ სწორედ მასწავლებლის სახლის ფუნქციის გარკვევით დავიწყეთ.
ბატონო გია, რა არის მასწავლებლის სახლის ფუნქცია?
მასწავლებლის პროფესიული გადამზადების ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საქმეში. ცენტრში სხვადასხვა პროგრამები ფუნქციონირებს: ინკლუზიური განათლების პროგრამა, ასწავლე საქართველოსთვის – მაღალმთიან რეგიონებში პედაგოგთა დეფიციტის შემთხვევაში მასწავლებლებს ვაგზავნით. ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”,” ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა”, ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”, ”მაძიებლობის” პროგრამები. მასწავლებლებს ვეხმარებით ტრენინგებით, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. მუდმივად ვატარებთ სემინარებს, კონფერენციებს.
საქართველოს მასშტაბით უკვე 3 მასწავლებლის სახლი ფუნქციონირებს – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ტრენინგებისთვის გამოყოფილი 4 მილიონი როგორ ნაწილდება?
ტრენინგები საჭიროების მიხედვით ფინანსდება. კონკრეტულად რომელიმე სახლისთვის ბიუჯოტი გამოყოფილი არ არის. ვაპირებთ, მასწავლებლის სახლის გახსნას თელავსა და ზუგდიდში.
რას აკეთებს ცენტრი მასწავლებლის კვალიფიკაციის განვითარებისთვის?
ცენტრის პროგრამები მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას ემსახურება. ვატარებთ ტრენინგებს, სემინარებს, კონფერენციებს. სკოლის ბაზაზე ახალი მსხვილი პროგრამა ამოქმედდა. ამ ეტაპზე 200 საპილოტე სკოლაა ჩართული, სადაც ადგილზე ვამზადებთ მასწავლებელთა ჯგუფს, რომელშიც სკოლის მიერ შერჩეული 7 პედაგოგი შედის. ეს იქნება ერთგვარი ხიდი ცენტრსა და სკოლას შორის. თუ აქამდე ჩვენ ვუგეგმავდით მათ სხვადასხვა აქტივობებს, ამიერიდან, თვითონ გვეტყვიან რა სჭირდებათ, როგორ დავეხმაროთ. ეს მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მათ პროფესიულ განვითრებაში. ახლო მომავალში ახალი პროგრამას ”21 -ე საუკუნის სკოლა” განვახორციელებთ. სკოლებში გრძელვადიანი კურსები გვექნება. მასწავლებელს დავეხმარებით, რომ ტრენინგზე მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს. მუშავდება მასწავლებლის ახალი სტანდარტი, რაც ხელს შეუწყობს პედაგოგთა განვითარებას. ახალ სქემაში ყველა მასწავლებელი ჩაერთვება, რომელიც კრედიტების დაგროვების მეშვეობით, მოკლე ვადაში მიიღებს კონკრეტული კატეგორიის წოდებას. მასწავლებლებს არჩევანის საშუალება ექნებათ სერთიფიცირების გამოცდით ან კრედიტების დაგროვებით აიმაღლებენ კვალიფიკაციას. დეტალების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს შეიძლება საბოლოო ვარიანტი არ იყოს. ახალი სქემის შესახებ მალე შეიტყობთ.
რამდენად მჭირდოა ცენტრსა და მასწავლებლებს შორის ურთიერთობა?
კონტაქტი არის, მაგრამ ეს საკმარისი არაა. მასწავლებლებს ხშირად ვხდებით, ვუსმენთ, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. ამ კუთხით ახალი პროგრამა დაგვეხმარება. სკოლებში შექმნილი ჯგუფი იქნება კარგი გამტარი ცენტრსა და სკოლას შორის.
წლევანდელი სერთიფიცირების გამოცდების შედეგები არასახარბიელოდ გამოიყურება, მასწავლებლის სახლი ამ მიმართულებით პედაგოგებს არ ეხმარება? მათ ხომ წინასაგამოცდო ტრენინგებს უტარებთ? რაში გამოიხატება მათი დახმარება და პროფესიული განვითარება?
ანალოგიური შედეგები სერთიფიცირების გამოცდის დაწყებიდან იყო. თავიდან, მასწავლებლებს საგამოცდოდ კერძო კომპანიები ამზადებდნენ. ვაუჩერული დაფინანსებით, მასწავლებელი კონკრეტულ კომპანიას თავად ირჩევდა. საგამოცდოდ 4-5 დღიან ტრენინგში მონაწილეობდა. 2 წლის წინ, მაშინდელმა ხელისუფლებამ ცენტრალიზებული გზით წასვლა და ამ კომპანიების ჩაძირვა გადაწყვიტა. ამიტომ, ჩვენს ცენტრს დაავალეს საგამოცდოდ მასწავლებლების მომზადება. რაც მცდარი გადაწყვეტილება იყო. ცენტრის ფუნქცია მასწავლებლის საგამოცდოდ მომზადება არ არის, არამედ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვაა. ყველა მასწავლებელს ტრენინგებით ვერ გასწვდები. ცენტრის მიდგომა შეიცვალა, საგამოცდო ტრენინგებს კვლავ კერძო კომპანიები განახორციელებენ. ამ საკითხზე სამინისტრო მუშაობს.
რა ბედი ელით სერთიფიცირებულ პედაგოგებს, რომლებიც სკოლაში არ მუშაობენ? სქემაში როგორ უნდა ჩაერთონ?
სამინისტრო ამ საკითხს განიხილავს. მოკლე ხანში მათ სხვადასხვა პროგრამებს შევთავაზებთ.
ქუთაისელი პედაგოგები ჩივიან, თბილისის მასწავლებლის სახლის ანალოგიური ტრენინგებს არ გვიტარებენო. ჩვენი ინფორმაციით, ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას მაღალმთიანი რეგიონის სკოლებიც, რატომ?
ტრენინგი, რომ ჩატარდეს, ამისთვის ჯგუფი უნდა შედგეს, მინიმუმ 10 მონაწილე უნდა იყოს. 2-3 ადამიანს ვერ ჩავუტარებთ, ამის ფინანსური და ადამიანური რესურსი არ გვაქვს. ამიტომ, ჩანს, თითქოს, ტრენინგებს არ ვუტარებთ. ვცდილობთ, ტრენინგები ადგილზე ჩავატაროთ. ძირითადად, რაიონულ ცენტრებში ვატარებთ, თუმცა, ბევრი სოფლებიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებს. ვგეგმავთ, მომავალში მხოლოდ რაიონულ ცენტრების გარდა, სოფლებშიც ჩავატაროთ. თუმცა, აუცილებელი პირობაა, რომ ჯგუფი უნდა შედგეს.
სალომე არის© გოგოხია
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება