GE

„მარტივი ტესტები“ ინგლისურში, თუ უკეთ მომზადებული თაობა? – აბიტურიენტები ტესტში გრამატიკის ნაკლებობაზე მიუთითებენ

6 და 7 ივლისს 2026 წლის აბიტურიენტებმა გამოცდას ინგლისურ ენაში აბარებენ. სამი სხვადასხვა სესიის მონაწილეები ინგლისურს საკმაოდ მარტივ და იოლ ტესტირებად აფასებენ.

უცხოური ენის ეროვნულ გამოცდაზე მომავალი სტუდენტების ცოდნა B1 დონეზე მოწმდება და როგორც აპლიკანტები EDU.ARIS.GE-სთან ამბობენ, ინგლისურის გამოცდის სიმარტივე, მათი შეფასებით, განპირობებულია როგორც მოსწავლეების უკეთესი მომზადებით, ასევე ტესტის ფორმატითაც:

7 ივლისს, ინგლისურის მესამე სესიიდან გამოსული აბიტურიენტების თქმით, ტესტები იმაზე მარტივი იყო, ვიდრე ფიქრობდნენ რომ იქნებოდა.

„სიტყვების ჩასმის ორივე სავრჯიშო ძალიან მარტივი იყო, დიალოგი მით უმეტეს. კითხვები იყო wildlife documentary-ს შესახებ, საინტერესო იყო და მარტივად გასააზრებელი. ესეს რაც შეეხება, დაახლოებით ასეთი სათაურით მოვიდა: ადამიანები, რომლებიც ბუნებრივად ლიდერები არ არიან, შეუძლიათ პოზიტიურად შეცვალონ საზოგადოება“. ჩემთვის უმარტივესი გამოცდა იყო“,- ამბობს 39-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი თეა უზნაძე.

„წერა ერთ საათში დავასრულე, მერე მომწყინდა და გამოვედი“ – აბიტურიენტები ინგლისურის ტესტს მარტივად აფასებენ

ნიკუშა წერედიანი (II სესია) გამოცდის სიმარტივეს ტესტში გრამატიკული საკითხების ნაკლებობას უკავშირებს.

“ჩემი აზრით, ინგლისურის გამოცდა იოლია იმის გამო, რომ ბავშვს არ მოეთხოვება გრამატიკის ცოდნა. ერთადერთი სავარჯიშო, რომელშიც შეიძლება ის დაგჭირდეს, არის თემა და მანდაც არაა კრიტიკული 1-2 გრამატიკული შეცდომის დაშვება. პრეპოსიშენების დასმის დავალებაშიც ჩვეულებრივად, მოსმენითაც ხვდები, რომელია სწორი.

„ვფიქრობ, ეს არის ორივე საკითხის გაერთიანება. ჩვენი თაობის 90%-მა იცის ინგლისურად კითხვა და ელემენტარული ანალიზი, გამოცდაც ზუსტად ამაზეა მორგებული. უნდა გართულდეს და ეს გართულებაც უნდა იყოს მეტი გრამატიკის საკითხები და დავალებები, მაგალითად ელემენტარული: „ჩასვი სიტყვა სწორ დროში”.

EDU.ARIS.GE იმ აბიტურიენტსაც ესაუბრა, რომელსაც ეს გამოცდა აქამდეც ჩაუბარებია და გიგასგან საინტერესო შეფასება მოისმინა:

„ძალიან მარტივია. მესამედ ვაბარებ და „მუღამზეა“ უკვე რამდენად მალე გამოვალ, მოსწრებაზეა უბრალოდ, მექანიკურად რა დროც შეიძლება დაგჭირდეს, თორემ თუ ნორმალურად სწავლობ სკოლაშიც, დაფიქრება ამ ტესტებზე საერთოდ არ გჭირდება. შეიძლება, სრულად ვერ გართულდეს, მაგრამ განაწილების მხრივ, შეიძლება, ვინმემ რამე გაკეთოს. ბოლოს, 80 აქვს იმასაც, 80 აქვს ამასაც, მაგრამ ვიღაცამ იცის შეიძლება C1 და ვიღაცამ B1“, – გვიხსნის აბიტურიენტი გიგა ნემსიწვერიძე (II სესია).

თიკა ნანიტაშვილის (II სესია). თქმით, გამოცდის ფორმატი იმდენად მარტივია და ისეთი სავარჯიშოებია შესასრულებელი, რომლებსაც ყველა დაწერს და შეძლებს უნივერსიტეტში ჩარიცხვას. სწორედ ამიტომ, თიკა თვლის, რომ ტესტი B2 დონის უნდა იყოს.

ლიზი კი ფიქრობს, რომ გამოცდის სტრუქტურა მარტივია, მაგრამ არც ისე, რომ აუცილებლობას წარმოადგენდეს მისი გართულება და დონის აწევა: „ეს უფრო იმით არის გამოწვეული, რომ ინგლისური კარგად იცის ჩვენმა თაობამ, ფილმებსა და სოციალურ ქსელებში ძირითადად ინგლისურის მოსმენა და წაკითხვა გვიწევს”. (II სესია).

„თემაც მარტივი იყო, სტრუქტურაც და ფორმატიც, მაგრამ ცოდნაც, რა თქმა უნდა, უდიდეს როლს თამაშობს, ამ თაობისთვის განსაკუთრებით. არ ვფიქრობ, რომ საჭირო არის დონის აწევა. ვფიქრობ, უნდა იყოს ეს დონე, რომ ყველას თანაბარი შანსი ჰქონდეს გამოცდის ჩაბარების. სხვამ შეიძლება ისე არ იცის, როგორც მე ვიცი, რადგან მე ყოველდღიური კონტაქტი მაქვს ინგლისურთან”, – გვიყვება მარიამ ჩიტორელიძე (II სესია).

როგორც აბიტურიენტების შეფასებებიდან ჩანს, ინგლისურის გამოცდის სიმარტივეს ისინი რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ტესტის ფორმატი და გრამატიკული დავალებების სიმცირე, გამოცდის წარმატებულად ჩაბარებას უფრო ხელმისაწვდომს ხდის, ნაწილი კი ამას თანამედროვე თაობის ინგლისური ენის უკეთ ცოდნითა და ყოველდღიურ ცხოვრებაში უცხო ენასთან ხშირი კონტაქტით ხსნის. მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა, რესპონდენტების უმეტესობა თანხმდება, რომ არსებული ფორმატი აბიტურიენტებს საკუთარი ცოდნის წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს.

ამავე თემაზე:

„წერა ერთ საათში დავასრულე, მერე მომწყინდა და გამოვედი“ – აბიტურიენტები ინგლისურის ტესტს მარტივად აფასებენ

მოამზადა მარიამ ბარამიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური