„..მაშინ, შეიძლება, ყველა სტუდენტი დასაჭერი გახდეს“ – რატომ არ აკონტროლებენ უნივერსიტეტები ნაყიდ დავალებებს
პრობლემა, რომელზეც ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ისინი, ვისაც მასთან ბრძოლა ევალებათ, არაფერს აკეთებენ – ასე შეიძლება შეფასდეს მოკლედ საკითხი, რომელსაც დღევანდელი სტატია ეძღვნება. საუბარია მანკიერ პრაქტიკაზე, რომელიც სტუდენტებში ფართოდ გავრცელებულია და რომელიც საუნივერსიტეტო დავალებების, ნაშრომების, ინტელექტუალური მასალის ყიდვასა და საკუთრად გასაღებას გულისხმობს.
სერვისი მარტივად ხელმისაწვდომია სოციალურ ქსელებში. არაერთი გვერდი არსებობს, რომლებიც თავიანთ მომსახურებას პოტენციურ კლიენტებს სრულიად ღიად სთავაზობენ. როგორც მათთან საუბრით გავარკვიეთ, ფასები განსხვავებულია მასალის თემატიკის, ზომისა და საფეხურის მიხედვით და სხვადასხვა სამუშაოს ფასი რამდენიმე ათეული ლარიდან რამდენიმე ასეულ ლარამდე მერყეობს.
გვერდები ფასდაკლებასაც გვთავაზობენ იმ შემთხვევაში, თუკი ყველა ნაშრომს მათ დავუკვეთავთ. თანხის ჩარიცხვას, როგორც წესი, ეტაპობრივად ითხოვენ. თავდაპირველად, ავანსის სახით გარკვეულ პროცენტს, ნაშრომის ჩაბარების შემდეგ კი დარჩენილ თანხას.
რაც შეეხება ვადებს, რეფერატის შემთხვევაში საქმის 3-4 დღეში დასრულების პირობას დებენ, საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების შემთხვევაში კი მათი ეტაპობრივი ჩაბარების იმ ვადების დასრულებამდე, რომლებიც სტუდენტებს უნივერსიტეტის მხრიდან აქვთ დაწესებული.
ამასთანავე, სერვისის შემომთავაზებლები სრულ გარანტიას იძლევიან, რომ მასალას კვალიფიციური პროფესიონალები შეასრულებენ, მაღალი ხარისხით, არ ექნება პლაგიატის პრობლემა და შემოწმებას თამამად გაივლის. ნაშრომს მიეცემა სრულყოფილი სახე – კვლევით, სქოლიოებით, დანომვრით, თავფურცელით, ბიბლიოგრაფიითა და ა.შ.
EDU.ARIS.GE ამაზე უკვე წერდა და გიყვებოდათ იმ მიზეზებზეც, რის გამოც სტუდენტები ამ ნაბიჯს დგამენ. წარმოგიდგინათ მათი პოზიციებიცა და არგუმენტებიც.
ამჯერად კი გვინდა, იმ გზებზე გიამბოთ, რომელთა მეშვეობითაც ამ ერთგვარი თაღლითობის მასშტაბის შემცირებაა შესაძლებელი. იმ ნაბიჯებზე, რომლებიც უნივერსიტეტების მხრიდანაა გადასადგმელი და რომელთაც, წესით, უნდა დგამდნენ კიდეც, რადგან როგორც ჩვენი რესპონდენტებისგან ვიგებთ (რომელთაც სხვადასხვა უნივერსიტეტში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ), დეკლარირებულ დონეზე სტუდენტის მხრიდან არაკეთილსინდისიერად შესრულებულ სამუშაოსა თუ დაუმსახურებლად მიღებული ნიშნის მიმართ ბრძოლა გამოცხადებული აქვთ. თუმცა, მათივე მონაყოლიდან ირკვევა, რომ დიდწილად, მხოლოდ დეკლარირებულად. რეალურად კი ამ ყველაფერთან ბრძოლის ეფექტური და პრაქტიკაში გამოცდილი სისტემის არარსებობა აჩენს საფუძვლიან ეჭვს იმისა, რომ სტუდენტების რაოდენობის ზრდაზე ორიენტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უბრალოდ „არ აწყობთ“ არაკეთილსინდისიერად შესრულებული დავალებების მკაცრი კონტროლი და ამის გამო სტუდენტების უნივერსიტეტიდან გარიცხვა.
ამაზე მეტყველებს მარტივი შედარებაც – სტუდენტების გარკვეულ ნაწილს ერთხელ მაინც უსარგებლია ამ მომსახურებით და ლექტორისთვის სხვის მიერ შესრულებული სამუშაო ჩაუბარებია, თუმცა ისეთების რაოდენობა, რომელთაც ამის გამო უნივერსიტეტი დაუტოვებიათ, ჩვენი რესპონდენტების თქმით, ძალიან მცირეა.
„არანაირი სახელმწიფო წესდება ამას არ არეგულირებს“ – იურისტი
არის თუ არა ეს თაღლითობა და რეგულირდება თუ არა კანონმდებლობით? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად იურისტ ლევან ალაფიშვილს დავუკავშირდით, რომელიც, ამავდროულად, სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორია და პრაქტიკაში უწევს შეხება პრობლემასთან, რომელზეც ვსაუბრობთ. ამბობს, რომ იმის კონტროლი, თუ რამდენად კეთილსინდისიერად შეასრულა სტუდენტმა დავალება და ვის მიერ მომზადებული ნაშრომი მიუტანა ლექტორს, თითქმის შეუძლებელია.
„როცა მომდის ნაშრომი, სადაც მხოლოდ პირადი ნომერია მითითებული, ან ისიც არა და დაშიფრულია, როგორ უნდა შევამოწმო ვინ დაწერა, ვინ იჯდა კომპიუტერთან? სამაგისტრო ნაშრომის შემთხვევაში კი აწერია სახელი და გვარი, მაგრამ ვინ დაწერა, რა ვიცი?!ლექტორის დანიშნულება ნაწარმოების წაკითხვა და მისი პროფესიული თუ ტექნიკური კუთხით შეფასებაა. ვინ შეასრულა ნაშრომი, ამას არ და ვერ შეაფასებს. მისი ფუნქციაც არაა“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან იურისტი.
მისივე თქმით, არ არსებობს არანაირი ნორმატიული ჩარჩო ამ მანკიერ ტრადიციასთან საბრძოლველად, არანაირი სახელმწიფო წესდება ამას არ არეგულირებს, ერთადერთი შესაძლებლობა ადამიანმა პასუხი აგოს სხვისი ინტელექტუალური საკუთრების საკუთრად გასაღების გამო მაშინ ჩნდება, თუკი ავტორი ამის გამო დავას დაიწყებს. სასწავლო დაწესებულებას კი, მისი თქმით, ამის გამოვლენა არ შეუძლია.
„მაგ საკითხზე, არა მხოლოდ საქართველო, საერთაშორისო თანამეგობრობაც ვერ არის ჩამოყალიბებული. სანამ არსებობს საავტორო უფლებები და მისი გაყიდვა შეიძლება, მანამდე თაღლითობაზე საუბარი სამართლებრივად სწორი არ არის. მე რომ რაღაც დავწერო და ვიღაცას მივყიდო, მყიდველმა ხომ კანონის შესაბამისად მოიპოვა უფლება ამ ნაწარმოებზე? მე მხოლოდ სახელის უფლება მრჩება, ისიც შემიძლია გამოვიყენო, შემიძლია – არა. პრობლემის გასაღები აქ თუ არ მოიძებნა, მხოლოდ უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის ურთიერთობაში რაიმე გადაწყვეტილების მოძიება ეფექტური ვერ იქნება, თორემ საერთაშორისო საზოგადოება, დღემდე, მივიდოდა.
„არსებობს სამართლებრივი თაღლითობა და ასევე არსებობს ე.წ. “ფროდი”, რომელიც მეცნიერებასა და აუდიტში გამოიყენება და არაკეთილსინდისიერებას ნიშნავს. ეს არაა ერთი და იგივე მნიშვნელობის ტერმინი. ეს რომ ერთი და იგივე იყოს, მაშინ, შეიძლება, ყველა სტუდენტი დასაჭერი გახდეს. ასე რომ, „ფროდი“ ქართულად არაკეთილსინდისიერი ნაშრომის, ან ავტორის სახელით ჯობია მოვიხსენით, ვიდრე თაღლითის“, – აცხადებს ალაფიშვილი.
რაც შეეხება გამოსავალს, ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ ამ ყველაფრის პრევენციის საშუალება ტექნოლოგიური და ტექნიკური გადაწყვეტა შეიძლება იყოს და არა კანონში ცვლილებები, რადგან ამის კონტროლი ობიექტურად შეუძლებელია. პრევენციის ერთ-ერთ საშუალებად თემატიკის ცვლა და დავალებად არა ზოგადი, არამედ ვიწრო, კონკრეტული საკითხების მიცემა ესახება.
„ერთადერთი ტექნიკური საშუალებაა, თუკი სასწავლო დაწესებულება სტუდენტს დაავალდებულებს ნაშრომი თავისსავე პროგრამაში შექმნას. სხვადასხვა დაცული „სოფტი“ არსებობს, მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც მოიაზრებენ ნაშრომის არა დაწერას და ამობეჭდვას, ან გამოგზავნას, არამედ უნივერსიტეტისავე სისტემაში შესვლას და იქ მუშაობას. თუმცა, ესეც არაა საბოლოოდ დაზღვევა, რადგან სტუდენტს შეუძლია სხვას გადასცეს თავისი პაროლი და იმ პროგრამაში სხვა იმუშავებს. ანუ, სრულყოფილი მექანიზმის მოძიება, რომელიც მაგ მანკიერ პრაქტიკას გამორიცხავს, შეუძლებელია“, – დასძენს იურისტი.
„ყველასათვის გასაგები უნდა იყოს, რომ სტუდენტი მკაცრად დაისჯება იმ შემთხვევაში, თუკი სხვის ნაშრომს თავისად გაასაღებს“ – პროფესორი
„ეს პრობლემა ახალი არ არის, საბჭოთა დროსაც იყო. არა მხოლოდ სტუდენტურ ნაშრომების, არამედ დისერტაციებსაც კი წერდნენ შეკვეთით, ფულის სანაცვლოდ და იცავდნენ”, – ასე იწყებს ჩვენთან საუბარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი ალექსანდრე კუხიანიძე და აქვე დასძენს, რომ დროთა განმავლობაში გავრცელების მასშტაბები და ხელმისაწვდომობის სიმარტივეც გაიზარდა. ის გამოცდილებაზე დაყრდნობით იმ ხერხებსაც გვიმხელს, რომლებიც საკუთარ პრაქტიკაში დანერგა და ფიქრობს, რომ ამით თაღლითობის რისკი საგრძნობლად შეამცირა. თუმცა, ვერ აღკვეთა.
„სტუდენტი თემას სემესტრის დასაწყისში იღებს და მთელი სემესტრის განმავლობაში ვაკონტროლებ როგორ ამზადებს მას. სამუშაო გეგმას წერს, ვუხსნი როგორ უნდა დაიწყოს კვლევა, რა მეთოდები გამოიყენოს, როგორ დააგროვოს მასალა, გააანალიზოს და ა.შ. ესაა მასალის მომზადების სამზარეულო, რასაც სტუდენტი ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ ნაბიჯ-ნაბიჯ გადის. ბოლოს კი უშუალოდ კვლევის შედეგს ამზადებს. ამ შემთხვევაში იმის ალბათობა, რომ სტუდენტი სემესტრის ბოლოს ვინმეს ნაშრომს დამიდებს, ნაკლებია, თუმცა, გარანტია არაფრის არსებობს“, – ანიშნავს ალექსანდრე კუხიანიძე.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი ლექტორს ეჭვი გაუჩნდება, რომ ჩაბარებული მასალა არ ეკუთვნის სტუდენტს, რომლის სახელიცა და გვარიც აწერია? რისი უფლებამოსილება ეძლევა მას უნივერსიტეტისგან? – ეს კითხვები დავუსვით ჩვენს რესპონდენტს, რომელიც ამბობს, რომ საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, მას სტუდენტის მიმართ სათანადო ღონისძიებების მთელი სიმკაცრით გატარების თავისუფლება აქვს, თუმცა აქვე იმასაც დასძენს, რომ მსგავსი შემთხვევის წინაშე ჯერ არ დამდგარა.
„სემესტრის ბოლოს კვლევითი ნაშრომების საჯარო განხილვა ეწყობა. ნაშრომიდან კითხვებს ვუსვამ, შენიშვნებს გამოვთქვამ. თუ დავრწმუნდი, რომ მისი მომზადებული არ არის, ვაცხადებ, რომ ნაშრომს არ მივიღებ. თუ თაღლითობაა და სხვისი სამუშაო აქვს მითვისებული, კურსში მის მონაწილეობას საერთოდ ვაუქმებ. ასეთი შემთხვევა ჩემთან არ ყოფილა და თუ იქნება, ასე მოვიქცევი“, – აცხადებს პროფესორი.
რაც შეეხება იმას, თუ რა ტიპის ხელშეწყობა სჭირდებათ ამ პროცესში პროფესორებს უნივერსიტეტის მხრიდან, რა სისტემური მიდგომა უნდა შეიმუშაოს დაწესებულებამ პრობლემის აღმოფხვრის თუ არა, მინიმუმამდე შემცირებისთვის მაინც და აკეთებს თუ არა ყველაფერს, ალექსანდრე კუხიანიძე შემდეგნაირად გვპასუხობს – „ასეთი სისტემა რომ ყოფილიყო, მაშინ პრობლემაც არ იქნებოდა მწვავე. როგორც ჩანს, ასეთი სისტემა, უნივერსიტეტის დონეზე, არ არსებობს“.
მიიჩნევს, რომ ამ ბრძოლაში, პროფესორთან ერთად, უნივერსიტეტსაც აქვს საკუთარი როლი შესასრულებელი. კონკრეტულად კი „ამ თაღლითური სქემის“ გამომყენებელთა მიმართ უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებით. ისევე როგორც პლაგიატის დროს, რომლის მიმართაც მიდგომა ბოლო წლებში გამკაცრდა, ნაშრომების ყიდვის შემთხვევაშიც, კუხიანიძის აზრით, გარკვეული ნორმატიული დოკუმენტის მიღებაა საჭირო- „რათა ყველასათვის გასაგები იყოს, რომ სტუდენტი მკაცრად დაისჯება იმ შემთხვევაში, თუკი სხვის ნაშრომს თავისად გაასაღებს“, – დასძენს იგი.
„ძირითად შემთხვევაში ასეა – მოდი, ამაზე ცოტა თვალი დავხუჭოთ“ – ექსპერტი
პრობლემა კარგად ნაცნობია განათლების სპეციალისტებისთვისაც. განათლების მკვლევარი, პროფესორი გიორგი გახელაძე, რომელსაც ასევე გააჩნია აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება გვეუბნება, რომ ახალგაზრდები მასალების ყიდვის ხერხს მიმართავენ არა მხოლოდ საკვანძო ნაშრომების შექმნისას, არამედ მიმდინარე დავალებების შესრულებისასაც კი. ახლა უკვე განსაკუთრებით პოპულარულია ChatGPT, რომელსაც აგრეთვე აქტიურად იყენებენ.
ამ მანკიერ პრაქტიკასთან ბრძოლის პროცესში უნივერსიტეტის პასუხისმგებლობაზე საუბრისას სპეციალისტი აცხადებს, რომ სამართლებრივ-ნორმატიული თვალსაზრისით, შემთხვევა, გამოვლენის შემთხვევაში, ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში აკრძალული და დასჯადია. თუმცა, ეს, მხოლოდ დეკლარაციულ და სამართლებრივ დონეზე – „ფორმალურად ასეა, ამ თვალსაზრისით უნივერსიტეტები პირნათელნი არიან“, -გვეუბნება იგი. მთავარი კი, მისივე თქმით, დეკლარირებულად გაცხადებული სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვა და პროფესორისთვის შესაბამისი გარემო შექმნაა, რაშიც აკადემიურ პერსონალს ასეთ საკითხებში ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარება, სასწავლო-მეთოდური სტრატეგიებისა და ხერხების სწავლა იგულისხმება.
„ვერც ერთი უნივერსიტეტი და უმაღლესი სკოლა, დედამიწის ზურგზე, ვერ იტყვის, რომ გადაწერის, მოპარვის ფაქტები გააქრო. საუბარი მხოლოდ შემცირებასა და მინიმიზაციაზეა“, – დასძენს გიორგი გახელაძე.
რატომ ვერ, ან არ ხერხდება ეს, თუკი პრობლემას ყველა ხედავს და ყველა აღიარებს რომ იგი გადასაჭრელია? ექსპერტს ამაზე მარტივი პასუხი აქვს – ნების არარსებობა როგორც უნივერსიტეტის, ისე საზოგადოების მხრიდან.
„ნებისმიერი უნივერსიტეტი, დაფინანსების წესების გამო, იძულებულია რაც შეიძლება მეტი სტუდენტი ჩარიცხოს და შეინარჩუნოს. ერთ-ერთი მოტივი არის ის, რომ ეს ყველაფერი მათ სტუდენტებსა და შემოსავალს დააკარგვინებს – „მოდი, ამაზე ცოტა თვალი დავხუჭოთ“ – ძირითად შემთხვევაში ასეა. ეს, განსაკუთრებით, დიდ, საჯარო უმაღლესებში შეიმჩნევა. მონდომება ამის გამოვლენის თაობაზე, ბევრგან არ არის. უმეტეს შემთხვევაში, უნივერსიტეტები, არც არაფერს აკეთებენ. ორ უნივერსიტეტში ვმუშაობ, მაგრამ სხვების ვითარებაც ვიცი. დიახ, ამაზე დიდად არ ზრუნავენ.
„თუმცა, ეს მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლების კი არა, საზოგადოების სოციოლოგიური პრობლემაა და მასთან გამკლავებას საერთო ეროვნული ხასიათი ვერ აქვს. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, ყველა სფეროში, ჩალიჩზეა ორიენტირებული. საბჭოური მენტალობა ვერ მოვიშორეთ. ეს პრობლემაც ჩალიჩის ერთ-ერთი ფორმაა, მეტი კი არაფერი. ჩვენი საზოგადოება არა შექმნაზე, დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებასა და წინსვლაზეა ორიენტირებული საზოგადოებაა, არამედ ჩალიჩზე. ეს ყველაფერი დასაბამს იქიდან იღებს, როცა მშობლები ბავშვებს სასკოლო დავალებას უწერენ. ყველაფერი სწორედ აქედან იწყება“, – აცხადებს გიორგი გახელაძე.
2023 წელს სტუდენტი 34 843 ახალგაზრდა გახდა.
ამავე თემაზე:
როცა სტუდენტის აკადემიურ ნაშრომებს სხვა წერს – რატომ არ უნდა დავაწერინოთ სხვას ჩვენი დავალება?
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება