GE

მასწავლებელი სტუდენტი, რომელიც ლექციებზე შვილთან ერთად დადის

3 თვის ალექსანდრეს დედა, 32-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მასწავლებელი და ილიას უნივერსიტეტის მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტი თათია ლაბაძე, ლექციებზე შვილთან ერთად დადის.

EDU.ARIS.GE თათიას ლექციაზე ესტუმრა. ამბობს, რომ  მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამაზე სწავლა მაშინ დაიწყო, როდესაც ფეხმძიმედ იყო, თუმცა არ დაუხევია უკან იმის გამო, რომ ბავშვის გაჩენა მალე უწევდა. იცოდა, რომ მეორე სემესტრის გატარება ბავშვთან ერთად მოუხდებოდა და პროგრამაზე მაინც ჩააბარა. ფიქრობს, რომ პროგრამის დასრულებასთან ერთად მისი პატარაც გაიზრდება და უფროსი მასწავლებლის სტატუსსაც მიიღებს.

„არ დავკარგე ერთი წელი. თუ გავჩერდებოდი და ფეხმძიმე არ ვივლიდი, ერთი წელი პროფესიულ წინსვლისთვის დამაკლდებოდა. ახლა კი ყველაფერი მექნება: პატარასაც გავზრდი და უფრო მასწავლებლის სტატუსიც მექნება.

მინდა ვისაუბრო, სამსახურში ჩემი მიღების პროცესზეც. დირექტორმა მასწავლებლად ფეხმძიმე მიმიღო. მას არ გაუთვალისწინებია ჩემი მუცელი. მშობლებსაც აუხსნა, რომ ფეხმძიმობა არ ნიშნავს ავად ყოფნას, რომ ეს არის ძალიან კარგი მდგომარეობა. რასაკვირველია, მე მოსწავლეების წინაშეც  ვგრძნობდი პასუხისმგებლობას და ვფიქრობდი, რომ შვილის გაჩენის შემდეგ, სამსახურს მალევე დავუბრუნდებოდი“, – ამბობს თათია.

რაც შეეხება ლექციებზე ბავშვთან ერთად სიარულს, იმიტომ გადაწყვიტა, რომ  მხოლოდ შაბათობით აქვს უნივერსიტეტში ლექციები, თან დილიდან საღამომდე. ამდენხანს კი ვერც ბავშვთან განშორებას აიტანდა და ლექციების გაცდენაც ცუდად იმოქმედებდა მის აკადემიურ მოსწრებაზე. სხვა ვარიანტზეც ფიქრობდა, რომ ლექციის შუალედებეში მამიკო მოიყვანდა ბავშვს საჭმელად და შემდეგ ისევ უკან წაიყვანდა, თუმცა ალექსანდრე ისეთი ყოჩაღი აღმოჩნდა, რომ დედას არც სწავლის პროცესში უშლის ხელს და რაც მთავარია, თვითონაც ძალიან მშვიდად გრძნობს მასთან ერთად ლექციებზე თავს.

„ბუნებრივ კვებაზე არის და არ მინდოდა, მთელი დღე ყოფილიყო ხელოვნურზე. მეორე იმიტომაც, რომ არ მინდა,  მთელი დღე მოშორებული ვიყო ბავშვს. დილის 9-საათიდან საღამოს 7- საათამდე მაქვს ლექციები. კიდევ იმიტომ, რომ ავირჩიე დევიზი „ბავშვი ყველგან“. თან ამაში თვითონ ბავშვიც მიწყობს ხელს. თვითონ არის უპრობლემო. უკვე მყავდა „იავნანას“ საქველმოქმედო კონცერტზე, ანუ შეუძლია წყნარად ყოფნა. პრეზენტაციაზე, ერთი თვის იყო, რომ მოვიყვანე. ახლა უკვე აქტიურად დავდივართ უნივერსიტეტში. ჯერ-ჯერობით ვახერხებ, რომ არც ბავშვს მოვაკლო ყურადღება და ლექციებიც არ გავაცდინო. თუ დავნებდებდებოდი, ბავშვი რომ გაჩნდა, არც სამსახურში გავიდოდი“.

–ლექციებზე როგორ იქცევა ალექსანდრე?

–ლექციებზე არ გვიშლის ხელს. არავის აწუხებს. 2-ჯერ უკვე ეძინა. სანამ ლექციებს დავასრულებ, მესამე ძილსაც მოასწრებს. მერე წავალთ სახლში. შესვენებებზე ჩემთან ერთად ისვენებს. რაც ძალიან მომწონს, ესაა კომუნიკაცია ჩემს ჯგუფელებთან. ამდენ გაღიმებულ სახეს ერთად რომ უყურებს, ძალიან მიხარია.

–თათია, თქვენ სკოლაშიც ასწავლით. თან მალევე გახვედით სამსახურში. როგორ შეათავსეთ საქმე და მშობლის ვალდებულებები?

–ალექსანდრეს სამუშაო დღეებში ჩემ გარეშე ცოტა ხანს უწევს ყოფნა. მეორე სმენის მასწავლებელი ვარ სკოლაში. სანამ წავალ სამსახურში, ვაჭმევ და ვტოვებ. ჩემს მოსვლამდე მარტო ერთხელ უწევს ხელოვნური საკვების მიღება. 11- საათზე მივდივარ სახლიდან და 4-ის ნახევარზე უკვე სახლში ვარ. დიდ დროს არ ატარებს ჩემ გარეშე.

თან ძიძაც არ ჰქვია იმას, ვისაც ვუტოვებ. ის არის ჩემი მოსწავლის მშობელი, რომელიც მეორე დედასავითაა ალექსანდრესთვის და ძალიან იმედიანად ვარ, რომ ვტოვებ მასთან. სახლიდან რომ გავდივარ,  მხოლოდ იმ ბავშვებზე ვფიქრობ, რომლებსაც ვასწავლი. ტელეფონის ეკრანზე დაყენებული ბავშვის ფოტოც შევცვალე, საათს რომ დავხედავდი,  არ გამხსენებოდა და ფიქრებით მასთან არ წავსულიყავი და საგაკვეთილო პროცესს არ დაკლებოდა რამე. რომ ვაჭმევ, მაშინ სკოლის გეგმებზეც ვფიქრობ, უნივერსიტეტის დავალებებზეც. ჯერ-ჯერობით ამ ყველაფერს ერთდოულად ვახერხებ.

–თათია, ბევრმა დედამ, არამარტო მასწავლებელმა, არამედ სხვა სფეროში დასაქმებულებმაც, დაანება  სამსახურს, შვილის გაჩენის შემდეგ, თავი. ქალებს ძალიან არ გვიყვარს ამ სიტყვის ხმარება, მაგრამ  მაინც უნდა ვთქვა, ბევრი „დაჯდა“ სახლში. მათ რას ურჩევდით?

–ბავშვის გაჩენა იმას არ ნიშნავს, რომ სახლში უნდა ჩაჯდე და მოწყდე ყველაფერს. პირიქით, უნდა გახდე უფრო აქტიური. პირველ რიგში, იმიტომ რომ ბავშვი როდესაც გაიზრდება, იამაყოს თავისი რეალიზებული დედით. სულ იმაზე ვფიქრობ, ალექსანდრე რომ გაიზრდება, ლექციებზე გადაღებულ ფოტოებსაც ვაჩვენებ და იმ ამბებსაც მოვუყვები, ლექციებზე როგორ დამყავდა და იმედია, რომ მერე იამაყებს. ძალიან მინდა ჩემსავით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ლექციებზე, ბევრს ვხედავდე, რომ მარტო არ ვიგრძნო თავი.

შვილის ყოლა არ ნიშნავს იმას, რომ სხვა საქმეებს აუცილებლად უნდა ჩამოშორდე. ბავშვის გაჩენამ არ უნდა შეგიშალოს ხელი საქმიანობაში და მით უმეტეს, განათლების მიღებაში. ჩემი სამსახურიც და განათლებაც სამომავლოდ სჭირდება ისევ და ისევ ჩემს შვილს. ბავშვმა უფრო სასიამოვნო გახადა ჩემი მუშაობის და სწავლის პროცესი. ზუსტად ვიცი, რის გამო ვაკეთებ ამ ყველაფერს და ხალისით ვაკეთებ.

ესაუბრა ცისანა შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური