GE

მასწავლებელთა გამოცდაზე გამოყენებული ტესტები – ქართული ენა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-VI)

დღეიდან 2018 წლის ეროვნულ გამოცდებს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველებიც შეუერთდნენ. დღეს მათ გამოცდა დაწყებითი კლასების ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ჩააბარეს. ტესტები, რომლებიც მათ დღეს დილით, პირველ სესიაზე წერეს, უკვე ცნობილია.

იხილეთ: მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

მასწავლებელთა გამოცდაზე დღეს 7 200-ზე მეტი აპლიკანტი უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა დარეგისტრირებული მასწავლებლებიდან და მასწავლებლობის მსურველებიდან საგამოცდო ცენტრებში აპლიკანტთა დაახლოებით 28% არ მივიდა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და საგნის გამოცდაზე ყველაზე მეტი აპლიკანტი დაწყებითების გამოცდაზე დარეგისტრირდა, ყველაზე ცოტა კი, ტრადიციულად, ფრანგული ენის გამოცდაზე. პროფესიული უნარების გამოცდას კი, რომელიც გასული წლიდან ისევ ტარდება, 10 028 აპლიკანტი ჩააბარებს. პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების ვალდებულება მხოლოდ მოქმედ პედაგოგებს აქვთ, მათ, ვისაც ეს გამოცდა გასულ წლებში არ ჩაუბარებია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ჯამში მასწავლებელთა გამოცდაზე დაახლოებით 28 000 აპლიკანტია დარეგისტრირებული. აქედან ნაწილი უკვე მოქმედი მასწავლებელია, რომელთაც კომპეტენციის დადასტურება სურთ, ნაწილი კი პროფესიაში შესვლის მსურველი. ისინი გამოცდებს 23 ივლისს დაასრულებენ.

განახლებადი ინფორმაცია მასწავლებელთა გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური