GE

მასწავლებელთა გამოცდების შედეგები, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს გამოცხადდება

დღეიდან 2019 წლის ეროვნულ გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვნენ. დღეს გამოცდა პროფესიულ უნარებში ტარდება. დილის 08:00 საათიდან ხალხმრავლობა იყო 175-ე სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში, სადაც რეგისტრაციის პროცესს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე დაესწრო. მისი თქმით, მასწავლებელთა გამოცდის შედეგები, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში გამოცხადდება.

„დღეს დაიწყო მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების ტესტირებები. მოგეხსენებათ, ამ ტესტირებას გადიან როგორც მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლები ასევე მასწავლებლობის მსურველები. პრაქტიკოსი მასწავლებლები დაგროვებული ქულების შესაბამისად და სქემის შესაბამისად  აგროვებენ კრედიტებს, ხოლო რაც შეეხება პირებს, რომლებიც არ არიან პროფესიაში, მათ უნდა დააგროვონ საერთო ქულების 60%-ზე მეტი რომ ჩაბარებულად ჩავთვალოთ საგნობრივი გამოცდა, თუმცა დღეს პროფესიული უნარებით დაიწყო გამოცდა და ხვალაც გაგრძელდება. ამ შემთხვევაში, ამ გამოცდას მხოლოდ პრაქტიკოსი მასწავლებლები აბარებენ“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

მისივე თქმით, გამოცდაზე გასვლის მსურველი პედაგოგები ყოველთვის ბევრნი იყვნენ, თუმცა წელს უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა.

„10 ათასზე მეტია დარეგისტრირებული ადამიანი, რომელიც არ არის მასწავლებელი და სურს პროფესიაში შევიდეს. შესაბამისად, ინტერესი აშკარად გაზრდილია. ჯამში 31500-მდე აპლიკანტმა გამოხატა სურვილი, რომ გაევლო რეგისტრაცია. წლევანდელ ტესტებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, გამარტივებული არაა, არის დაახლოებით იგივე სირთულის, რაც იყო წინა წლებში“, – გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს გამოცდებზე დარეგისტრირებულ პირებს დროულად გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრებთან,პირადობით და საგამოცდო ბარათით,სადაც მითითებულია თითოეული გამოცდის დრო და ადგილი.

მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდები ქართულ ენასთან ერთად, რუსულ, სომხურ  და აზერბაიჯანულ ენებზეც ტარდება. პროცესი 21 ივლისს დასრულდება.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური