GE

დამტკიცდა სტუდენტის უფლებები და მოვალეობები ახალ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვისას – დიპლომატიის აკადემიის წესდება

ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – დიპლომატიის აკადემიის წესდების თანახმად, რომელიც 22 ივნისს დამტკიცდა, საგანმანათლებლო დაწესებულება გარდა საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისა, განახორციელებს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.

წესდებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აწერს ხელს, დეტალურად არის გაწერილი აკადემიის მიზნები, ამოცანები, მუშაობის პრინციპი, სტრუქტურა და სტუდენტების ჩარიცხვისა თუ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისა და შეჩერების, ასევე აღდგენის საკითხები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დიპლომატიის აკადემიის წესდება:

რეგულირების სფერო

წინამდებარე წესდება განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დიპლომატიის აკადემიის (შემდგომში – აკადემია) სტატუსს, მიზნებსა და ამოცანებს, უფლებამოსილებებს, სტრუქტურას, მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს, საგანმანათლებლო საქმიანობასა და აკადემიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

აკადემიის სტატუსი და ანგარიშვალდებულება

1. აკადემია წარმოადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ასევე ახორციელებს „უმაღლესი განათლების შესახებ“, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.

2. აკადემიას, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, უფლება აქვს განახორციელოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით განსაზღვრული საქმიანობა.

3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, აკადემიას გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. ის საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს და გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, დებს გარიგებებს, შეუძლია სასამართლოში წარდგეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ.

4. აკადემიის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ წესდებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

5. აკადემიის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დიპლომატიის აკადემია“.

6. აკადემიის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, ———- ქუჩა №.

7. აკადემიას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, დამოუკიდებელი ორგანიზაციული კოდი, საიდენტიფიკაციო კოდი, სახელმწიფო ბიუჯეტისა და საკუთარი შემოსავლების სახაზინო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), მრგვალი ბეჭედი – მცირე სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების (ქართულ და ინგლისურ ენებზე) გამოსახულებით, სატიტულო ბლანკი, შტამპი, ოფიციალური ვებ-გვერდი, ლოგო და საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.

8. აკადემია კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებში და დოკუმენტების შემუშავებაში.

9. აკადემია ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე „უმაღლესი განათლების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონენებისა და ამ წესდებით დადგენილ ფარგლებში.

აკადემიის მიზნები და ამოცანები

1. აკადემიის მიზნებია:

ა) დემოკრატიულ, ჰუმანისტურ და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული განათლების ხელშეწყობა:

ა.ა) ეროვნული და საერთაშორისო დიპლომატიური ეთიკის, პროფესიული პასუხისმგებლობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობა;

ა.ბ) დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მშვიდობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პრინციპებზე დაფუძნებული განათლების უზრუნველყოფა.

ბ) პიროვნული და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა:

ბ.ა) პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სფეროებში ხარისხიანი უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისა და სტუდენტთა აკადემიური განვითარების ხელშეწყობა;

ბ.ბ) დიპლომატიური, ანალიტიკური, ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარების განვითარება;

ბ.გ) პროფესიული ზრდის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და უწყვეტი განათლების შესაძლებლობის შექმნა.

გ) კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება:

გ.ა) თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტების მომზადება;

გ.ბ) კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე;

გ.გ) დიპლომატიური და საჯარო სამსახურისთვის, ასევე საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების მქონე სპეციალისტების მომზადება.

დ) მეცნიერებისა და კვლევითი საქმიანობის განვითარება:

დ.ა) გლობალური და რეგიონული პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის მიმართულებით კვლევითი საქმიანობის განვითარება;

დ.ბ) სამეცნიერო და აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარებისა და კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა;

დ.გ) კვლევაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპების დანერგვა და განვითარება.

ე) საერთაშორისო ინტეგრაცია და მობილობა:

ე.ა) სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის აკადემიური გაცვლის და საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობა;

ე.ბ) უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაცია;

ე.გ) საერთაშორისო აკადემიურ ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობა, პარტნიორობის განვითარება და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების ხელშეწყობა.

2. აკადემიის ამოცანებია:

ა) საგანმანათლებლო საქმიანობა:

ა.ა) საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის მიმართულებით;

ა.ბ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;

ა.გ) სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა (კვლევაზე დაფუძნებული სწავლება, პრაქტიკული სიმულაციები, დიპლომატიური მოლაპარაკებების მოდელირება და სხვა);

ა.დ) საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის უზრუნველყოფა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.

ბ) ხარისხის უზრუნველყოფა:

ბ.ა) ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება;

ბ.ბ) სწავლებისა და შეფასების ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი და გაუმჯობესება;

ბ.გ) შიდა და გარე შეფასების მექანიზმების დანერგვა.

გ) აკადემიის თავისუფლება და ავტონომია:

გ.ა) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა;

გ.ბ) ინსტიტუციური ავტონომიის დაცვა, კანონმდებლობისა და ამ წესდების ფარგლებში;

გ.გ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისა და სტუდენტების მონაწილეობა.

დ) კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობა:

დ.ა) საგარეო პოლიტიკის, რეგიონული და გლობალური საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე კვლევითი საქმიანობის განხორციელება;

დ.ბ) პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული კვლევებისა და პროგნოზირების განვითარება;

დ.გ) სახელმწიფო უწყებებისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიტიკური, კვლევითი და საექსპერტო მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

ე) საერთაშორისო თანამშრომლობა:

ე.ა) უცხოურ უნივერსიტეტებთან, შესაბამისი პროფილის მქონე აკადემიებთან, კვლევით ცენტრებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ე.ბ) საერთაშორისო პარტნიორებთან კოლაბორაციით აკადემიური გაცვლის, ერთობლივი პროექტებისა და კვლევითი ინიციატივების ხელშეწყობა;

ე.გ) აკადემიური პროცესის ინტერნაციონალიზაციის და საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის შენარჩუნების მიზნით უცხოელი პროფესორების, მკვლევრებისა და ექსპერტების მონაწილეობის ხელშეწყობა.

ვ) სტუდენტზე ორიენტირებული გარემო:

ვ.ა) სტუდენტთა აკადემიური, სოციალური და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

ვ.ბ) თანასწორი, არადისკრიმინაციული და ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა.

ზ) ინსტიტუციური განვითარება:

ზ.ა) აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება;

ზ.ბ) აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა;

ზ.გ) თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სასწავლო და ადმინისტრაციულ პროცესებში.

თ) საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი როლი:

თ.ა) თანამედროვე სტანდარტების ახალი ცოდნის შექმნა;

თ.ბ) დიპლომატიური განათლების პოპულარიზაცია;

თ.გ) საჯარო დისკუსიებისა და კონფერენციების, ასევე სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება.

აკადემიის საქმიანობის პრინციპები

აკადემია, თავისი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისას, ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

ა) აკადემიური თავისუფლების, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და უნივერსიტეტური ავტონომიის პატივისცემას;

ბ) კანონიერების, სამართლიანობისა და კეთილსინდისიერ ადმინისტრირებას;

გ) კოლეგიურ, მონაწილეობით და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მმართველობას;

დ) ხარისხზე ორიენტირებულ განათლებას, უწყვეტ განვითარებას და უზრუნველყოფის მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას;

ე) გამჭვირვალობის, საჯაროობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას;

ვ) თანასწორობის, ინკლუზიურობისა და დისკრიმინაციის აკრძალვას, განურჩევლად პირის ეთნიკური, სოციალური, რელიგიური, პოლიტიკური ან სხვა ნიშნით კუთვნილებისა;

ზ) საერთაშორისო თანამშრომლობას, ინტერნაციონალიზაციისა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადობის უზრუნველყოფას;

თ) განათლების, კვლევისა და პრაქტიკის ერთიანობას;

ი) საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას;

კ) ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში დიპლომატიის როლის წარმოჩენას;

ლ) სტუდენტზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს;

მ) ეთიკური სტანდარტების, პროფესიული პასუხისმგებლობისა და აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვას.

თავი II

აკადემიის სტრუქტურა და მართვა

მუხლი 5. აკადემიის მართვის პრინციპები

1. აკადემიის მართვა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმებისა და აკადემიური თავისუფლების პრინციპების საფუძველზე განხორციელებულ ინსტიტუციურ მმართველობას.

2. აკადემია უზრუნველყოფს:

ა) გადაწყვეტილებების, ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციული აქტების, წლიური ანგარიშების, სტრატეგიული დოკუმენტებისა და სხვა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისთვის;

ბ) აკადემიური პერსონალის, ადმინისტრაციული პერსონალის, სტუდენტებისა და შესაბამის შემთხვევებში სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და მისი შესრულების მონიტორინგის პროცესში;

გ) აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის შერჩევისა და კონკურსების საჯაროობას, გამჭვირვალობასა და თანასწორ პირობებში ჩატარებას;

დ) სწავლების, კვლევის, შეფასებისა და ადმინისტრირების პროცესების განხორციელებას ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების საფუძველზე;

ე) პერსონალური მონაცემების დაცვის, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და ეთიკური ნორმების დაცვას;

ვ) სტუდენტთა უფლებების, აკადემიური თავისუფლებისა და სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების დაცვას.

3. აკადემიის მართვის სისტემა უზრუნველყოფს უფლებამოსილებათა გამიჯვნას, პასუხისმგებლობების განსაზღვრულობას, ეფექტიან ადმინისტრირებასა და ინსტიტუციური განვითარების მდგრადობას.

მუხლი 6. აკადემიის სტრუქტურა

1. აკადემიის ორგანიზაციული სტრუქტურა უზრუნველყოფს აკადემიის მისიის, სტრატეგიული მიზნების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტიან განხორციელებას.

2. აკადემიის სტრუქტურა მოიცავს:

ა) მართვის ორგანოებს;

ბ) ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებს;

გ) ადმინისტრაციულ და დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებს.

3. აკადემიის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს წარმოადგენს ფაკულტეტი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვას, განხორციელებასა და განვითარებას.

4. აკადემიაში იქმნება:

ა) კვლევითი და ანალიტიკური ცენტრები;

ბ) უწყვეტი განათლებისა და პროფესიული განვითარების ერთეულები;

გ) საერთაშორისო თანამშრომლობისა და აკადემიური მობილობის ხელშემწყობი სტრუქტურები;

დ) ბიბლიოთეკა;

ე) სტუდენტური მომსახურებისა და კარიერული განვითარების ერთეულები;

ვ) სხვა სტრუქტურული ერთეულები აკადემიის მიზნებისა და საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისად.

5. აკადემიის სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია, ფუნქციები, ანგარიშვალდებულება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და აკადემიის შიდა სამართლებრივი აქტებით.

6. აკადემიის სტრუქტურა ეფუძნება ეფექტიანობის, ფუნქციური გამიჯვნის, მოქნილობის, ხარისხის უზრუნველყოფისა და ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის პრინციპებს.

მუხლი 7. აკადემიის მართვის ორგანოები და სტრუქტურული ერთეულები

1. აკადემიის მართვის ორგანოებია/სუბიექტია:

ა) რექტორი;

ბ) მმართველი საბჭო;

გ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

2. აკადემიის ადმინისტრაციული და აკადემიური საქმიანობის განხორციელებას უზრუნველყოფენ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც ფუნქციონირებენ ამ წესდების, შიდა სამართლებრივი აქტებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

3. აკადემიის მართვის ორგანოებისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა ეფუძნება:

ა) უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპს;

ბ) ურთიერთთანამშრომლობასა და ინსტიტუციურ კოორდინაციას;

გ) სუბორდინაციისა და ანგარიშვალდებულების პრინციპს;

დ) აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის დაცვას;

ე) ხარისხის უზრუნველყოფისა და შედეგზე ორიენტირებული მმართველობის პრინციპს.

4. აკადემიის მართვის ორგანოები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ კანონმდებლობის, ამ წესდებისა და აკადემიის შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

5. აკადემიის სტრუქტურული ერთეულების შექმნის, რეორგანიზაციისა და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 8. აკადემიის რექტორი

1. რექტორი არის აკადემიის უმაღლესი აღმასრულებელი და აკადემიური ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

2. რექტორი ხელმძღვანელობს აკადემიის ყოველდღიურ საქმიანობას და პასუხისმგებელია აკადემიის სტრატეგიული, აკადემიური, ადმინისტრაციული და ფინანსური საქმიანობის განხორციელებაზე საქართველოს კანონმდებლობის, აკადემიის წესდებისა და მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად.

3. რექტორი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.

4. რექტორი:

ა) წარმოადგენს აკადემიას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პარტნიორ საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან, აგრეთვე სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;

ბ) უზრუნველყოფს აკადემიის საქმიანობის ორგანიზებასა და მართვას, აკადემიის განვითარების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმებისა და მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას;

გ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მათ შორის სტუდენტის სტატუსის მინიჭების, შეჩერების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხებზე;

დ) ხელს აწერს აკადემიის მიერ გაცემულ დიპლომებს, სერტიფიკატებსა და სხვა საგანმანათლებლო დოკუმენტებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) უზრუნველყოფს აკადემიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციას და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების პირობების შექმნას;

ვ) საქართველოს კანონმდებლობისა და აკადემიის შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს აკადემიის ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს;

ზ) უზრუნველყოფს აკადემიური და მოწვეული პერსონალის კონკურსების, შერჩევისა და საქმიანობის ორგანიზაციულ მხარდაჭერას კანონმდებლობითა და შიდა რეგულაციებით დადგენილი წესით;

თ) პასუხისმგებელია აკადემიის ბიუჯეტის შესრულებაზე, ფინანსური და მატერიალური რესურსების მიზნობრივ და ეფექტიან გამოყენებაზე;

ი) უზრუნველყოფს აკადემიის ქონების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სათანადო ფუნქციონირებასა და განვითარებას;

კ) ხელს უწყობს აკადემიის საერთაშორისო თანამშრომლობის, ინტერნაციონალიზაციისა და პარტნიორული ქსელების განვითარებას;

ლ) ხელს უწყობს სწავლების, კვლევის, პროფესიული და უწყვეტი განათლების განვითარებას, თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვას;

მ) უზრუნველყოფს სტუდენტთა უფლებების, აკადემიური თავისუფლების, ეთიკური სტანდარტებისა და თანასწორობის პრინციპების დაცვას;

ნ) უზრუნველყოფს აკადემიის ავტორიზაციის და ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების მხარდაჭერას;

ო) მმართველ საბჭოს წარუდგენს საქმიანობის, ბიუჯეტის შესრულებისა და ინსტიტუციური განვითარების ანგარიშებს;

პ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, აკადემიის წესდებითა და სხვა შიდა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

ჟ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს აკადემიის საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ სარგოებს;

რ) ამტკიცებს აკადემიის საქმისწარმოების წესს;

ს) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, აკადემიის წესდებითა და სხვა შიდა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. რექტორი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით მოაწესრიგოს ის სამართლებრივი ურთიერთობები, რაც დარეგულირებული არ არის საქართველოს კანონმდებლობით, ამ წესდებით არ განეკუთვნება სხვა მართველი ორგანოს კომპეტენციას და წარმოადგენს აკადემიის შიდა ორგანიზაციულ საქმიანობას.

მუხლი 9. მმართველი საბჭო

1. აკადემიის მმართველი საბჭო წარმოადგენს აკადემიის უმაღლეს კოლეგიურ მმართველ ორგანოს, რომლის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მმართველი საბჭოს დებულებით.

2. მმართველი საბჭოს შემადგენლობაში შედის:

ა) რექტორი (თავმჯდომარე);

ბ) დეკანი;

გ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი;

დ) აკადემიური პერსონალი;

ე) სტუდენტი;

ვ) რექტორის გადაწყვეტილებით, შესაბამისი ადმინისტრაციული პერსონალი.

3. მმართველი საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) აკადემიის მისიის, ხედვის, ღირებულებებისა და განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა და მათი განხორციელების მონიტორინგი;

ბ) აკადემიის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების გეგმის, სამოქმედო გეგმებისა და ინსტიტუციური განვითარების პრიორიტეტების განხილვა და დამტკიცება;

გ) აკადემიის წლიური ბიუჯეტის, ფინანსური გეგმებისა და ფინანსური ანგარიშგებების განხილვა და რეკომენდაციების გაცემა, აგრეთვე ფინანსური რესურსების მიზნობრივი და ეფექტიანი გამოყენების კონტროლი;

დ) აკადემიის ორგანიზაციული სტრუქტურის, ძირითადი სტრუქტურული ერთეულების შექმნის, რეორგანიზაციისა და გაუქმების საკითხების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;

ე) აკადემიის შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის, სტრატეგიული და ინსტიტუციური პოლიტიკის, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი შიდა ნორმატიული აქტების განხილვა და დამტკიცება;

ვ) აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ფუნქციონირების, ინსტიტუციური განვითარების და ავტორიზაციის პროცესის ზედამხედველობა;

ზ) აკადემიის საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი და პროფესიული განვითარების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების მხარდაჭერა და მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა აკადემიის მისიასთან;

თ) საერთაშორისო თანამშრომლობის, პარტნიორული ურთიერთობებისა და ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის ხელშეწყობა;

ი) აკადემიის ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის განვითარების, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების განახლებისა და უსაფრთხო ფუნქციონირების საკითხების განხილვა;

კ) აკადემიის საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება, ანგარიშების მოსმენა და რეკომენდაციების გაცემა აკადემიის ხელმძღვანელობისათვის;

ლ) კანონმდებლობით, აკადემიის წესდებითა და სხვა შიდა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. მმართველი საბჭო საქმიანობას წარმართავს კოლეგიურობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, აკადემიური თავისუფლების პატივისცემისა და ინსტიტუციური განვითარების ინტერესების საფუძველზე.

5. მმართველი საბჭოს შემადგენლობა, დაკომპლექტების წესი, წევრთა უფლებამოსილება, საქმიანობის ორგანიზება, გადაწყვეტილების მიღების პროცედურები და სხვა საკითხები დამატებით განისაზღვრება მმართველი საბჭოს დებულებით.

მუხლი 10. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

1. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმოადგენს აკადემიის მმართველ დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიაში განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარებას, ფუნქციონირებასა და უწყვეტ გაუმჯობესებას საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

2. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლობის, ობიექტურობის, გამჭვირვალობისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეფასების პრინციპების საფუძველზე.

3. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება:

ა) აკადემიის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის, მექანიზმებისა და პროცედურების შემუშავება, დანერგვა და განვითარება;

ბ) აკადემიის საქმიანობის შესაბამისობის შეფასება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებთან;

გ) საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, განხორციელების, შეფასებისა და განვითარების პროცესების მხარდაჭერა;

დ) სწავლა-სწავლების ხარისხის შეფასებისა და გაუმჯობესების მექანიზმების დანერგვა;

ე) სტუდენტთა, აკადემიური, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის გამოკითხვებისა და უკუკავშირის სისტემის ორგანიზება და შედეგების ანალიზი;

ვ) აკადემიური და ადმინისტრაციული პროცესების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ზ) თვითშეფასების პროცესების ორგანიზება და თვითშეფასების ანგარიშების მომზადების კოორდინაცია;

თ) ავტორიზაციის პროცესის ინსტიტუციური მხარდაჭერა;

ი) ხარისხის კულტურის განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;

კ) ინსტიტუციური მონაცემების შეგროვება, ანალიზი და ხარისხის მართვისა და განვითარების მიზნით გამოყენება;

ლ) ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების ხელშეწყობა;

მ) აკადემიის მმართველი ორგანოსა და სტრუქტურული ერთეულებისთვის რეკომენდაციების წარდგენა ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით, აკადემიის წესდებითა და შიდა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

4. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის, აკადემიის შიდა რეგულაციებისა და დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.

5. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი:

ა) ორგანიზებას უწევს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია მის ეფექტიან ფუნქციონირებაზე;

ბ) ახორციელებს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს და მონიტორინგის პროცესების კოორდინაციას;

გ) რექტორსა და მმართველ საბჭოს წარუდგენს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ფუნქციონირების, შეფასების შედეგებისა და გაუმჯობესების რეკომენდაციების შესახებ პერიოდულ და წლიურ ანგარიშებს;

დ) მონაწილეობს აკადემიის სტრატეგიული განვითარების, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებში;

ე) ასრულებს აკადემიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სტრუქტურა, საქმიანობის წესი, უფლებამოსილებები და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები დამატებით განისაზღვრება სამსახურის დებულებითა და აკადემიის რექტორის სამართლებრივი აქტით.

მუხლი 11. ფაკულტეტი

1. ფაკულტეტი წარმოადგენს აკადემიის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიის საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, პროფესიული და უწყვეტი განათლების საქმიანობის განხორციელებას შესაბამისი მიმართულებების ფარგლებში.

2. ფაკულტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვას, განვითარებას, განხორციელებასა და შეფასებას;

ბ) სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზებასა და აკადემიური ხარისხის უზრუნველყოფას;

გ) სტუდენტთა აკადემიური მხარდაჭერისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;

დ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და აკადემიური ინიციატივების განვითარებას;

ე) საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის პროცესების მხარდაჭერას;

ვ) თანამედროვე სწავლების მეთოდებისა და ინოვაციური საგანმანათლებლო პრაქტიკის დანერგვას;

ზ) პროგრამების შესაბამისობას შრომის ბაზრის, სახელმწიფო ინტერესებისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის მოთხოვნებთან;

თ) პროფესიული და უწყვეტი განათლების პროგრამების განვითარების ხელშეწყობას;

ი) აკადემიური კეთილსინდისიერების, ეთიკური ნორმებისა და აკადემიური თავისუფლების პრინციპების დაცვას.

3. ფაკულტეტს ხელმძღვანელობს დეკანი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობისა და აკადემიის შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.

4. დეკანი:

ა) ხელმძღვანელობს ფაკულტეტის საქმიანობას და პასუხისმგებელია მისი ფუნქციების ეფექტიან განხორციელებაზე;

ბ) უზრუნველყოფს ფაკულტეტის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაციას;

გ) ორგანიზებას უწევს ფაკულტეტის საბჭოს საქმიანობას და უზრუნველყოფს მისი გადაწყვეტილებების შესრულებას;

დ) მონაწილეობს აკადემიის სტრატეგიული, აკადემიური და ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში;

ე) რექტორსა და მმართველ საბჭოს წარუდგენს ფაკულტეტის საქმიანობის ანგარიშებსა და განვითარების წინადადებებს;

ვ) ასრულებს აკადემიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. ფაკულტეტის მმართველ კოლეგიურ ორგანოს წარმოადგენს ფაკულტეტის საბჭო.

6. ფაკულტეტის საბჭო:

ა) განიხილავს საგანმანათლებლო პროგრამების პროექტებს, მათში ცვლილებებსა და გაუმჯობესების საკითხებს და წარუდგენს მმართველ საბჭოს დასამტკიცებლად;

ბ) განიხილავს სწავლა-სწავლების, კვლევისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს ფაკულტეტის ფარგლებში;

გ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობას აკადემიის მისიასთან, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მოთხოვნებთან;

დ) განიხილავს სტუდენტთა აკადემიურ შედეგებთან, აკადემიურ კეთილსინდისიერებასა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს;

ე) შესაბამისი საფეხურის დასრულების შემდეგ ანიჭებს კურსდამთავრებულებს აკადემიურ კვალიფიკაციას და წარუდგენს გადაწყვეტილებას რექტორს დიპლომის გაცემის მიზნით;

ვ) განიხილავს ფაკულტეტის განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სამეცნიერო საქმიანობის საკითხებს;

ზ) ახორციელებს აკადემიის წესდებითა და სხვა შიდა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

7. ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობა, ფორმირების წესი, უფლებამოსილება და საქმიანობის ორგანიზება განისაზღვრება აკადემიის წესდებითა და ფაკულტეტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს რექტორი.

მუხლი 12. ადმინისტრაციული და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები

1. აკადემიაში ფუნქციონირებს შემდეგი ძირითადი ადმინისტრაციული ერთეულები:

ა) სასწავლო პროცესის ადმინისტრირების, შეფასებისა და სტუდენტური სერვისების სამსახური;

ბ) სტრატეგიული განვითარებისა და კვლევის სამსახური;

გ) კარიერული დაგეგმვისა და პროფესიული მომზადების სამსახური;

დ) საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

ე) ადმინისტრაცია;

ვ) ბიბლიოთეკა.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ერთეულების ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს რექტორი.

მუხლი 13. სამინისტროს როლი

1. აკადემია წარმოადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.

2. სამინისტრო:

ა) ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოფს აკადემიის ფინანსურ და სტრატეგიულ მხარდაჭერას;

გ) არ ერევა აკადემიური საქმიანობის შინაარსში.

მუხლი 14. გამჭვირვალობა

1. აკადემია უზრუნველყოფს:

ა) საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას;

ბ) გადაწყვეტილებების საჯაროობას.

2. აკადემია ვალდებულია სამინისტროს, მოთხოვნის შესაბამისად, წარუდგინოს საქმიანობის ანგარიში.

თავი III

აკადემიის პერსონალი

მუხლი 15. აკადემიის პერსონალი

1. აკადემიის პერსონალს წარმოადგენს:

ა) აკადემიური და მოწვეული პერსონალი;

ბ) ადმინისტრაციული პერსონალი;

გ) დამხმარე პერსონალი.

2. აკადემიის პერსონალის საქმიანობა ეფუძნება პროფესიონალიზმის, აკადემიური თავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს.

3. აკადემია უზრუნველყოფს პერსონალის შერჩევის, შეფასების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის პროცესების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას.

4. აკადემიის პერსონალის სამართლებრივი სტატუსი, უფლებამოსილებები, შრომითი პირობები და საქმიანობის შეფასების წესი, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და აკადემიის შიდა სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 16. აკადემიური პერსონალი

1. აკადემიური პერსონალის შემადგენლობაში შედის:

ა) წამყვანი პროფესორი;

ბ) პროფესორი;

გ) ასოცირებული პროფესორი;

დ) ასისტენტ-პროფესორი;

ე) ასისტენტი.

2. აკადემიას უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიწვიოს:

ა) მოწვეული ლექტორი;

ბ) პრაქტიკოსი ექსპერტი;

გ) უცხოელი პროფესორი ან მკვლევარი;

დ) დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელი, სპეციალური სასწავლო ან პრაქტიკული კომპონენტის განსახორციელებლად.

3. აკადემიური პერსონალი:

ა) ახორციელებს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით და მეთოდურ საქმიანობას;

ბ) მონაწილეობს საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვასა და განვითარებაში;

გ) უზრუნველყოფს სტუდენტთა ცოდნის, უნარების, ღირებულებებისა და პროფესიული კომპეტენციების განვითარებას;

დ) მონაწილეობს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფისა და ინსტიტუციური განვითარების პროცესებში;

ე) მონაწილეობს აკადემიის მართვაში კანონმდებლობისა და აკადემიის შიდა აქტების შესაბამისად;

ვ) იცავს აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის პრინციპებს.

4. აკადემიური პერსონალის საქმიანობა ეფუძნება აკადემიური თავისუფლების პრინციპს, რაც მოიცავს:

ა) სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას;

ბ) აკადემიური მოსაზრების თავისუფალ გამოხატვას;

გ) სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის დამოუკიდებლობას;

დ) პროფესიული ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვას.

5. აკადემიური თანამდებობის დაკავება ხდება ღია კონკურსის წესით, საქართველოს კანონმდებლობისა და აკადემიის შიდა რეგულაციების შესაბამისად.

6. აკადემიური პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, დატვირთვის წესი, შეფასების კრიტერიუმები და პროფესიული განვითარების მექანიზმები განისაზღვრება აკადემიის რექტორის სამართლებრივი აქტებით.

7. მოწვეული პერსონალის ფუნქციები, საკვალიფიკაციო მოთხოვნები, დატვირთვის წესი, შეფასების კრიტერიუმები და პროფესიული განვითარების მექანიზმები განისაზღვრება აკადემიის რექტორის სამართლებრივი აქტებით.

8. აკადემიური და მოწვეული პერსონალის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით, აკადემიის შიდა აქტებითა და მოქმედი კანონმდებლობით.

მუხლი 17. ადმინისტრაციული პერსონალი

1. ადმინისტრაციული პერსონალი უზრუნველყოფს აკადემიის მართვის, ორგანიზაციული და ადმინისტრაციული პროცესების განხორციელებას.

2. ადმინისტრაციული პერსონალის შემადგენლობაში შედის:

ა) სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები;

ბ) ადმინისტრაციული თანამშრომლები.

3. ადმინისტრაციული პერსონალი:

ა) უზრუნველყოფს აკადემიის სტრატეგიული და ოპერატიული საქმიანობის მხარდაჭერას;

ბ) ახორციელებს ფინანსურ, სამართლებრივ, ადამიანური რესურსების, სასწავლო პროცესების ადმინისტრირების, საერთაშორისო ურთიერთობების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;

გ) ხელს უწყობს აკადემიური და კვლევითი პროცესების ეფექტიან განხორციელებას;

დ) მონაწილეობს ინსტიტუციური ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების პროცესებში.

4. ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევა რექტორის გადაწყვეტილებით ხდება კონკურსით ან უკონკურსოდ, საქართველოს კანონმდებლობისა და აკადემიის რექტორის ადმინისტრაციული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. ადმინისტრაციული პერსონალის საქმიანობის შეფასების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის მექანიზმები განისაზღვრება აკადემიის რექტორის სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 18. დამხმარე პერსონალი

1. დამხმარე პერსონალი უზრუნველყოფს აკადემიის ფუნქციონირების ტექნიკურ და მომსახურებით მხარდაჭერას.

2. დამხმარე პერსონალის უფლებამოსილებები და ფუნქციები განისაზღვრება სამუშაო აღწერილობებითა და აკადემიის რექტორის სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 19. პერსონალის უფლებები

აკადემიის პერსონალს უფლება აქვს:

ა) ისარგებლოს აკადემიური თავისუფლებით;

ბ) მონაწილეობა მიიღოს აკადემიის მართვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დადგენილი წესით;

გ) ისარგებლოს პროფესიული, აკადემიური და კარიერული განვითარების შესაძლებლობებით;

დ) ისარგებლოს თანასწორი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი;

ე) მიიღოს საქმიანობისათვის საჭირო რესურსები და ინფორმაცია;

ვ) ისარგებლოს შრომითი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

მუხლი 20. პერსონალის ვალდებულებები

აკადემიის პერსონალი ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, აკადემიის წესდება და შიდა სამართლებრივი აქტები;

ბ) უზრუნველყოს დაკისრებული ფუნქციების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულება;

გ) დაიცვას პროფესიული ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები;

დ) ხელი შეუწყოს აკადემიის მისიის, მიზნებისა და სტრატეგიული ამოცანების განხორციელებას.

მუხლი 21. პერსონალის შერჩევა, შეფასება და განვითარება

1. აკადემია უზრუნველყოფს პერსონალის:

ა) ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ შერჩევას;

ბ) საქმიანობის პერიოდულ შეფასებას;

გ) პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.

2. პერსონალის შეფასება ეფუძნება:

ა) შესრულებული საქმიანობის ხარისხს;

ბ) სწავლებისა და კვლევის შედეგებს;

გ) ინსტიტუციური განვითარების პროცესში მონაწილეობას;

დ) პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობას.

3. აკადემია ხელს უწყობს პერსონალის მონაწილეობას:

ა) საერთაშორისო პროგრამებსა და აკადემიურ გაცვლებში;

ბ) ტრენინგებში, კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების პროგრამებში;

გ) კვლევით, ანალიტიკურ და საგამომცემლო საქმიანობაში.

4. პერსონალის შეფასებისა და განვითარების მექანიზმები დამატებით განისაზღვრება აკადემიის შიდა სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 22. შრომითი ურთიერთობები

აკადემიის პერსონალთან შრომითი ურთიერთობები რეგულირდება:

ა) საქართველოს შრომის კანონმდებლობით;

ბ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით;

გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონითა და მისგან გამომდინარე აქტებით;

დ) აკადემიის შიდა სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 23. ეთიკა, აკადემიური კეთილსინდისიერება და ინტერესთა კონფლიქტი

1. აკადემიის პერსონალი ვალდებულია დაიცვას პროფესიული ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტები.

2. აკადემია უზრუნველყოფს:

ა) ინტერესთა კონფლიქტის პრევენციისა და მართვის მექანიზმების არსებობას;

ბ) ეთიკური დარღვევების განხილვის სამართლიან პროცედურებს;

გ) აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის მექანიზმების ფუნქციონირებას.

3. აკადემიაში პლაგიატი, აკადემიური თაღლითობა, დისკრიმინაცია და ეთიკური ნორმების სხვა დარღვევები დაუშვებელია და იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობის, აკადემიის რექტორისა და მმართველი საბჭოს სამართლებრივი აქტით.

4. ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხები დამატებით რეგულირდება აკადემიის ეთიკის კოდექსითა და სხვა შესაბამისი შიდა სამართლებრივი აქტებით.

თავი IV

აკადემიის სტუდენტები

მუხლი 24. სტუდენტის სტატუსი და საგანმანათლებლო პროგრამები

1. აკადემია ახორციელებს:

ა) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას;

ბ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას;

გ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას;

დ) პროფესიული და უწყვეტი განათლების პროგრამებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სტუდენტის სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობისა და აკადემიის შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად ჩაირიცხა აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამაზე.

3. სტუდენტის სტატუსი მოიცავს კანონმდებლობით, აკადემიის წესდებითა და შიდა რეგულაციებით განსაზღვრულ უფლებებსა და მოვალეობებს.

4. აკადემია უზრუნველყოფს სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას, რომელიც ეფუძნება აკადემიური თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის, სტუდენტთა მხარდაჭერისა და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს.

5. პროფესიული და უწყვეტი განათლების პროგრამების მსმენელთა სტატუსი და მათთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება აკადემიის რექტორის სამართლებრივი აქტით.

მუხლი 25. სტუდენტთა ჩარიცხვა

1. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და რექტორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. აკადემიას უფლება აქვს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს:

ა) მობილობის წესით სტუდენტთა მიღება;

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიღება;

გ) ერთობლივ და გაცვლით პროგრამებზე სტუდენტთა ჩარიცხვა.

5. სტუდენტთა მიღების პროცესი ეფუძნება სამართლიანობის, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და საჯაროობის პრინციპებს.

6. სტუდენტთა მიღების დამატებითი პირობები და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის რექტორისა და აკადემიის შიდა სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 26. სტუდენტის უფლებები

1. აკადემიის სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში;

ბ) ისარგებლოს აკადემიური თავისუფლებით;

გ) მიიღოს სრული, სანდო და დროული ინფორმაცია აკადემიის საქმიანობის, საგანმანათლებლო პროგრამების, შეფასების სისტემისა და სტუდენტური სერვისების შესახებ;

დ) მონაწილეობა მიიღოს აკადემიის მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში, დადგენილი წესით;

ე) აირჩიოს და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობასა და წარმომადგენლობით ორგანოებში;

ვ) ისარგებლოს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და ელექტრონული რესურსებით;

ზ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, კვლევით და პროფესიულ პროექტებში;

თ) მიიღოს ობიექტური, სამართლიანი და გამჭვირვალე შეფასება;

ი) გაასაჩივროს შეფასების შედეგები და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები, დადგენილი წესით;

კ) ისარგებლოს მობილობის უფლებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ლ) მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო-კვლევით, ანალიტიკურ, სიმულაციურ და პრაქტიკულ საქმიანობაში;

მ) ისარგებლოს თანასწორი, უსაფრთხო და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოთი;

ნ) მიიღოს აკადემიური და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;

ო) ისარგებლოს პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებით.

2. აკადემია უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის შესაბამისი პირობებისა და გონივრული მისადაგების შექმნას.

3. სტუდენტთა უფლებების დაცვის მექანიზმები განისაზღვრება აკადემიის რექტორის სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 27. სტუდენტის მოვალეობები

სტუდენტი ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, აკადემიის წესდება და შიდა რეგულაციები;

ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული მოთხოვნები;

გ) დაიცვას აკადემიური კეთილსინდისიერებისა და ეთიკის ნორმები;

დ) არ დაუშვას პლაგიატი, გამოცდის გაყალბება და აკადემიური არაკეთილსინდისიერების სხვა ფორმები;

ე) გაუფრთხილდეს აკადემიის ქონებასა და რესურსებს;

ვ) პატივი სცეს სხვა სტუდენტების, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის უფლებებს;

ზ) დაიცვას აკადემიის მიერ დადგენილი შიდა უსაფრთხოებისა და ქცევის წესები.

მუხლი 28. სტუდენტის სტატუსის შეჩერება, აღდგენა და შეწყვეტა

1. სტუდენტის სტატუსის შეჩერება, აღდგენა და შეწყვეტა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და აკადემიის რექტორის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

2. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) პირადი განცხადება;

ბ) კანონმდებლობით ან აკადემიის შიდა აქტებით გათვალისწინებული სხვა გარემოება.

3. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები და პროცედურები განისაზღვრება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

4. სტუდენტს უფლება აქვს დადგენილი წესით გაასაჩივროს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.

მუხლი 29. სტუდენტის მონაწილეობა აკადემიის მართვაში

1. აკადემია უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას აკადემიის მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში.

2. აკადემიაში სტუდენტები წარმოდგენილი არიან:

ა) მმართველ და ფაკულტეტის საბჭოში;

ბ) ხარისხის უზრუნველყოფის თვითშეფასების ჯგუფში;

გ) სხვა საკონსულტაციო ჯგუფებში.

3. სტუდენტები უფლებამოსილი არიან აირჩიონ და არჩეულ იქნენ სტუდენტთა თვითმმართველობაში, კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

4. სტუდენტური თვითმმართველობა:

ა) წარმოადგენს სტუდენტთა ინტერესებს;

ბ) მონაწილეობს სტუდენტურ, აკადემიურ და სოციალურ ინიციატივებში;

გ) თანამშრომლობს აკადემიის მართვის ორგანოებთან;

დ) ხელს უწყობს სტუდენტური კულტურისა და აკადემიური გარემოს განვითარებას.

5. სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობა ეფუძნება დამოუკიდებლობის, დემოკრატიულობის, თანასწორობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს.

6. სტუდენტური თვითმმართველობის უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს აკადემიის რექტორი.

მუხლი 30. სწავლა-სწავლებისა და შეფასების სისტემა

1. აკადემიაში სწავლა-სწავლებისა და შეფასების პროცესი ეფუძნება:

ა) სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების პრინციპს;

ბ) სწავლის შედეგებზე ორიენტირებულ მიდგომას;

გ) აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვას;

დ) შეფასების გამჭვირვალობასა და ობიექტურობას.

2. შეფასების სისტემა შეესაბამება ევროპული კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების სისტემას (ECTS).

3. სტუდენტს უფლება აქვს:

ა) წინასწარ მიიღოს ინფორმაცია შეფასების ფორმების, კრიტერიუმებისა და კომპონენტების შესახებ;

ბ) მოითხოვოს შეფასების გადახედვა;

გ) დადგენილი წესით გაასაჩივროს შეფასების შედეგი.

4. შეფასების სისტემა, აკადემიური მოსწრების წესები და გასაჩივრების პროცედურები განისაზღვრება აკადემიის რექტორის სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 31. დისციპლინური პასუხისმგებლობა და აკადემიური კეთილსინდისიერება

1. აკადემიის წესების, ეთიკის ნორმებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების მოთხოვნების დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

2. დისციპლინური ღონისძიებები შეიძლება იყოს:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) სტუდენტის სტატუსის შეჩერება;

დ) სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.

3. დისციპლინური წარმოება ეფუძნება:

ა) სამართლიანობის;

ბ) პროპორციულობის;

გ) გამჭვირვალობის;

დ) სტუდენტის მოსმენისა და დაცვის უფლების უზრუნველყოფის პრინციპებს.

4. აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის შემთხვევები და მათზე რეაგირების მექანიზმები განისაზღვრება აკადემიის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით.

მუხლი 32. სტუდენტური მხარდაჭერის სერვისები

1. აკადემია უზრუნველყოფს სტუდენტთა აკადემიური, პროფესიული, საინფორმაციო და სოციალური მხარდაჭერის სერვისების ხელმისაწვდომობას.

2. აკადემია სტუდენტებს სთავაზობს:

ა) აკადემიურ კონსულტირებას;

ბ) კარიერული განვითარების მხარდაჭერას;

გ) საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ ინფორმირებას;

დ) ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერის მექანიზმებს შესაძლებლობის ფარგლებში;

ე) საბიბლიოთეკო, ელექტრონულ და საინფორმაციო რესურსებზე წვდომას.

3. აკადემიას უფლება აქვს დააწესოს სტიპენდიები, წახალისების ფორმები და სხვა მხარდამჭერი მექანიზმები რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

4. სტუდენტური მხარდაჭერის დამატებითი მექანიზმები შესაძლებელია დადგინდეს აკადემიის რექტორის სამართლებრივი აქტით.

თავი V

აკადემიის ქონება, დაფინანსება და სახელმწიფო კონტროლი

მუხლი 33. აკადემიის ქონება

1. აკადემიას, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გააჩნია დამოუკიდებელი ქონება, რომელიც გამოიყენება აკადემიის მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად.

2. აკადემიის ქონება შედგება:

ა) სახელმწიფოს/სამინისტროს მიერ გადაცემული ქონებისაგან;

ბ) საბიუჯეტო, სამინისტროს მიერ გადაცემული ან საკუთარი საქმიანობის შედეგად შეძენილი ქონებისაგან;

გ) გრანტებითა და შემოწირულობებით მიღებული ქონებისაგან;

დ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან მიღებული ქონებისაგან.

3. აკადემიის ქონება აღირიცხება მის ბალანსზე და ექვემდებარება სახელმწიფო აღრიცხვასა და კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. აკადემია ვალდებულია უზრუნველყოს ქონების მიზნობრივი, ეფექტიანი და რაციონალური გამოყენება.

მუხლი 34. სახელმწიფო საკუთრების ქონების მართვა

1. აკადემიის სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და გადაეცემა აკადემიას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. აკადემია უფლებამოსილია კანონმდებლობის შესაბამისად:

ა) მიზნობრივად გამოიყენოს მის სარგებლობაში არსებული ქონება;

ბ) დროებით გადასცეს ქონება მესამე პირებს სარგებლობის კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) უზრუნველყოს ქონების მოვლა-პატრონობა.

მუხლი 35. აკადემიის დაფინანსების წყაროები

1. აკადემიის დაფინანსების ძირითადი წყაროებია:

ა) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესისა და პირობების შესაბამისად გამოყოფილი დაფინანსება;

ბ) გრანტის, შემოწირულების სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;

გ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − დიპლომატიის აკადემიისთვის − აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები.

2. აკადემიის მიერ მიღებული ყველა ფინანსური რესურსური გამოიყენება მხოლოდ მისი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისთვის.

მუხლი 36. ბიუჯეტი და ფინანსური მართვა

1. აკადემია ადგენს წლიურ ბიუჯეტს, რომელიც ეფუძნება მის სტრატეგიულ მიზნებსა და განვითარების გეგმას.

2. აკადემიის ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს:

ა) ხარჯების დეტალურ განწერას;

ბ) განვითარების მიმართულებებს;

გ) შემოსავლების პროგნოზს.

3. აკადემიის ბიუჯეტს ამტკიცებს რექტორი, სამინისტროსთან შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. აკადემია უზრუნველყოფს:

ა) ფინანსური რესურსების ეფექტიან მართვას;

ბ) გამჭვირვალე საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებას;

გ) ფინანსური ანგარიშგების დროულ მომზადებას.

5. აკადემიის ფინანსური საქმიანობა ექვემდებარება შიდა და გარე აუდიტს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 37. ფინანსური ანგარიშგება და გამჭვირვალობა

1. აკადემია ვალდებულია აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. აკადემია ამზადებს:

ა) წლიურ ფინანსურ ანგარიშს;

ბ) ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფინანსურ დოკუმენტებს.

3. ფინანსური ინფორმაცია არის საჯარო, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 38. სახელმწიფო კონტროლი

1. აკადემია, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. აკადემიის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

3. სახელმწიფო კონტროლი მოიცავს:

ა) აკადემიის საქმიანობის კანონიერების ზედამხედველობას;

ბ) ფინანსური რესურსების მიზნობრივი გამოყენების კონტროლს;

გ) სტრატეგიული მიმართულებების შესაბამისობის შეფასებას სახელმწიფო პოლიტიკასთან.

4. სახელმწიფო კონტროლი არ ზღუდავს:

ა) აკადემიურ თავისუფლებას;

ბ) აკადემიის ინსტიტუციურ ავტონომიას;

გ) საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის დამოუკიდებლობას.

მუხლი 39. სამინისტროს კომპეტენციები

1. სამინისტრო ახორციელებს აკადემიის ინსტიტუციურ ზედამხედველობას, როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო.

2. სამინისტრო:

ა) განსაზღვრავს აკადემიის განვითარების ზოგად სტრატეგიულ მიმართულებებს;

ბ) მონაწილეობს ბიუჯეტისა და სტრუქტურული ცვლილებების შეთანხმებაში;

გ) ხელს უწყობს აკადემიის საერთაშორისო თანამშრომლობას;

დ) უზრუნველყოფს აკადემიის ინტეგრაციას სახელმწიფო საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებთან.

მუხლი 40. შიდა და გარე აუდიტი

1. აკადემიის შიდა აუდიტი ახორციელებს:

ა) ფინანსური მართვის ეფექტიანობის შეფასებას;

ბ) შიდა კონტროლის სისტემების მონიტორინგს;

გ) რისკების იდენტიფიცირებასა და მართვას.

2. აკადემიის საქმიანობა ექვემდებარება გარე აუდიტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ შორის:

ა) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ;

ბ) ლიცენზირებული დამოუკიდებელი აუდიტორული ორგანიზაციების მიერ.

3. აუდიტის შედეგები გამოიყენება აკადემიის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.

მუხლი 41. პასუხისმგებლობა ფინანსურ საქმიანობაში

1. აკადემიის თანამდებობის პირები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი პასუხისმგებელნი არიან:

ა) ფინანსური დისციპლინის დაცვაზე;

ბ) რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე;

გ) კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე.

2. დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 42. ფინანსური შემოსავლების გამოყენება

აკადემიის მიერ მიღებული ფინანსური შემოსავლები გამოიყენება მიზნობრივად:

ა) საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისთვის;

ბ) კვლევითი საქმიანობის განხორციელებისა და განვითარებისათვის;

გ) ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისთვის;

დ) პერსონალის პროფესიული განვითარებისათვის;

ე) სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამებისთვის;

ვ) აკადემიის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესასრულებლად.

თავი VI

აკადემიის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და გარდამავალი დებულებები

მუხლი 43. აკადემიის რეორგანიზაცია

1. აკადემიის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. აკადემიის რეორგანიზაციის ფორმებია:

ა) შერწყმა;

ბ) გაყოფა;

გ) გარდაქმნა.

3. აკადემიის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

4. რეორგანიზაციისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს:

ა) აკადემიის საგანმანათლებლო პროცესის უწყვეტობა;

ბ) სტუდენტთა უფლებების დაცვა;

გ) პერსონალის სამართლებრივი გარანტიების დაცვა;

დ) მიმდინარე ვალდებულებების შესრულება.

მუხლი 44. სამართალმემკვიდრეობა

1. აკადემიის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში სამართალმემკვიდრეობის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სამართალმემკვიდრე ორგანიზაცია იღებს აკადემიის ყველა უფლებასა და ვალდებულებას, თუ კანონმდებლობით ან შესაბამისი სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

მუხლი 45. აკადემიის ლიკვიდაცია

1. აკადემიის ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. აკადემიის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას სამინისტროს წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა.

3. ლიკვიდაციის პროცესში იქმნება სალიკვიდაციო კომისია, რომელიც:

ა) უზრუნველყოფს აკადემიის ქონებისა და ვალდებულებების აღრიცხვას;

ბ) ახორციელებს კრედიტორებთან ანგარიშსწორებას;

გ) უზრუნველყოფს აქტივების რეალიზაციას ან გადაცემას;

დ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

4. აკადემიის ლიკვიდაციისას:

ა) სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა გააგრძელონ სწავლა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) პერსონალთან შრომითი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) აკადემიის ვალდებულებები სრულდება კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 46. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

1. წინამდებარე წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. წესდებაში ცვლილებების ინიცირება შესაძლებელია:

ა) აკადემიის რექტორის მიერ;

ბ) სამინისტროს მიერ.

3. წესდებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 47. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

1. აკადემიის ავტორიზაციის მიღებამდე რექტორი უზრუნველყოფს აკადემიის ავტორიზაციისათვის მომზადების პროცესის ორგანიზებასა და კოორდინაციას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში რექტორი უზრუნველყოფს:

ა) აკადემიის საქმიანობის სამართლებრივი, ინსტიტუციური და ორგანიზაციული საფუძვლების ფორმირებას ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში;

ბ) ავტორიზაციის პროცესისთვის აუცილებელი შიდა სამართლებრივი აქტების, რეგულაციების, პოლიტიკების, პროცედურებისა და სხვა დოკუმენტაციის შემუშავებასა და დამტკიცების პროცესის ორგანიზებას;

გ) აკადემიის მართვის, ხარისხის უზრუნველყოფის, საგანმანათლებლო, ადამიანური რესურსების, სტუდენტური სერვისებისა და ადმინისტრაციული პროცესების ფორმირებას;

დ) ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემისა და ინსტიტუციური თვითშეფასების მექანიზმების ჩამოყალიბებას;

ე) ავტორიზაციის განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და წარდგენას უფლებამოსილ ორგანოში;

ვ) ავტორიზაციისთვის მომზადების პროცესში სამუშაო ჯგუფების, სტრუქტურული ერთეულებისა და მოწვეული ექსპერტების საქმიანობის კოორდინაციას;

ზ) აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური, საინფორმაციო და სასწავლო რესურსების ეტაპობრივ განვითარებას ავტორიზაციის მოთხოვნების შესაბამისად.

3. აკადემია ვალდებულია თავისი საქმიანობა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა სრული დაცვით.

4. აკადემიის საქმიანობის ორგანიზების, მართვის, ხარისხის უზრუნველყოფის, საგანმანათლებლო პროცესისა და სხვა ინსტიტუციური საკითხების დეტალური რეგულირება ხორციელდება აკადემიის შიდა სამართლებრივი აქტებით.

5. საკითხები, რომლებიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული წინამდებარე წესდებით რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ასევე იხილეთ:

ვის ექნება დიპლომატიის აკადემიაში სწავლების შესაძლებლობა – საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება კადრებზე

„სტუდენტი, რომელიც ერთი უცხო ენით ჩააბარებს დიპლომატიის აკადემიაში, სამი წლის თავზე მეორე სამუშაო უცხო ენა ეცოდინება“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური