GE

მასწავლებელთა მხრიდან გენდერული მიკერძოება და სტერეოტიპები იკვეთება – რა ხარვეზებზე მიუთითებს მასწავლებლის სახლს აუდიტი

სასწავლო პროცესში მასწავლებელთა მხრიდან გენდერული მიკერძოება და სტერეოტიპები იკვეთება და მისი აღმოფხვრისთვის მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უახლეს ანგარიშში, რომელიც ზოგადი განათლების სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას ეხება.

სახელმწიფო აუდიტის მიერ 6 ივნისს გასაჯაროებულ ანგარიშში უწყება რეკომენდაციით მიმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, „გადასინჯოს პროფესიული სტანდარტი და მასწავლებლებს გენდერულად პასუხისმგებლიანი სწავლება მოსთხოვოს“.

ანგარიშის თანახმად, ჩატარდა მასწავლებელთა გამოკითხვა და აღმოჩნდა, რომ გენდერული თანასწორობის/გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკის კონცეფციას ძალიან კარგად იცნობს გამოკითხულთა მხოლოდ 23%, ხოლო 60%-ისთვის გარკვეულწილად ნაცნობია. ამავე გამოკითხვის მიხედვით, 34% იყენებს ყოველთვის გენდერულად ნეიტრალურ ენას კლასში, ხოლო 8%-ისთვის გენდერულად ნეიტრალური ენის მნიშვნელობა უცნობია.

როგორც აუდიტის სამსახური ანგარიშში უთითებს, 2018-2023 წლებში ცენტრის მიერ განხორციელებული ტრენინგები გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლას ფრაგმენტულად მოიცავდა.

„ცენტრში არსებული პროგრამების შესწავლითა და ტრენინგმოდულების ანალიზით დადგინდა, რომ ცენტრის მიერ არ არის შემუშავებული დამოუკიდებელი გენდერული თანასწორობის შესახებ მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლების ან/და გენდერულად მგრძნობიარე პედაგოგიკის/სწავლების ტრენინგმოდული, რომლის ფარგლებშიც დაიფარებოდა საერთაშორისო კარგი პრაქტიკით გათვალისწინებული ყველა საკითხი და განხორციელდებოდა მასწავლებელთა სისტემური გადამზადება.

მიუხედავად აღნიშნულისა, იდენტიფიცირებულ იქნა ცენტრის განხორციელებული ის ტრენინგები, რომლებიც ფრაგმენტულად მოიცავდა გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლასაც. გამონაკლისს წარმოადგენდა ტრენინგი − გენდერული მეინსტრიმინგი განათლებაში, რომელიც მეტწილად მოიცავდა მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლებისთვის გენდერული თანასწორობის საკითხებს და რომელიც განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ერთჯერადად“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ტრენინგები სისტემატურ ხასიათს არ ატარებდა და მათი შეთავაზება ყველა მოქმედი მასწავლებლებისთვის არ მომხდარა. გამონაკლისს არ წარმოადგენდნენ არც დირექტორები, რომელთა მხოლოდ 51%-ს ჩაუტარდა ტრენინგი 2018 წელს და ისიც ერთჯერადად.

„მასწავლებელთა მხრიდან აღნიშნული დაბალი აქტივობა ტრენინგების მიმართ, შესაძლოა, განპირობებული იყოს იმით, რომ მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტი არ მოითხოვს მასწავლებელთა მხრიდან გენდერული თანასწორობის კუთხით ცოდნის, ცნობიერების ან/და გამოცდილების არსებობას. გამონაკლისს წარმოადგენს სპეციალური მასწავლებელი, რომელსაც აღნიშნული კანონით მოეთხოვება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შეფასებისას გაითვალისწინოს მოსწავლის ეთნიკური, რელიგიური, კულტურული, სქესობრივი და სხვა თავისებურებები (უნიკალურობა).

ამასთანავე, აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკითხვით დადასტურდა, მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლების საჭიროებები გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკის განსახორციელებად და გამოკითხულ მასწავლებელთა უმრავლესობის აზრით, მათთვის სასარგებლო იქნება ტრენინგი გენდერული თანასწორობის საკითხებზე“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დოკუმენტში.

ანგარიშის მიხედვით, მასწავლებელთა გენდერული მიკერძოება შეიძლება, შემცირდეს დამწყები და მოქმედი მასწავლებლების მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამებით.

აქედან გამომდინარე, „გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკის განხორციელების მიზნით, გენდერული სტერეოტიპების აღმოსაფხვრელად და თანასწორი განათლების პირობების შესაქმნელად“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის მიმართ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები შემდეგია:

– მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის გადასინჯვა, რათა მასწავლებელთა მიმართ მოთხოვნებში გათვალისწინებულ იქნეს გენდერულად პასუხისმგებლიანი სწავლება;

– შეიქმნას სათანადო ტრენინგმოდული, რომლითაც მოცული იქნება საერთაშორისო პრაქტიკით არსებული ყველა საჭირო ინფორმაცია გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკის განსახორციელებლად და აღნიშნულის საფუძველზე სისტემურად გადამზადდნენ მოქმედი მასწავლებლები.

ამავე ანგარიშში აუდიტის სამსახური უთითებს იმ საკითხებსაც, რომლებსაც მასწავლებელთა ტრენინგი უნდა მოიცავდეს, ესენია:

– მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული უთანასწორობის, გენდერული თანასწორობის შესახებ არსებული ეროვნული კანონმდებლობისა და არსებული ვალდებულებების მიმართულებით;

– მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოლოდინები მასწავლებლებისთვის იმ მოლოდინების, დამოკიდებულებების, ქცევების შესახებ, რომლებიც უნდა გაავრცელონ სკოლაში;

– მითითებებს ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასწავლო მასალის მიწოდების შესახებ, რათა ხელი შეუწყონ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას;

– იმ სწავლების მეთოდების ანალიზი, რომელიც აძლიერებს გენდერულ უთანასწორობას და მათი გამოსწორების სტრატეგიები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თანასწორობა გოგოებსა და ბიჭებს შორის.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ გაცემული რეკომენდაციების შედეგად:

  • გაუმჯობესდება ზოგადი განათლების სფეროში გოგონების და ბიჭების თანასწორობის მიმართულებით ღონისძიებების დაგეგმვა;
  • ეროვნულ სასწავლო გეგმაში სათანადოდ აისახება თანასწორობის საკითხები;
  • შემუშავებდა თანასწორობის მიმართულებით მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ტრენინგ მოდული და გადამზადდებიან მასწავლებლები.

ასევე იხილეთ:

სახელმწიფო აუდიტი საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესის მნიშვნელოვან ნაკლოვანებებზე წერს – ანგარიში

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური