GE

მასწავლებლები დაწყებითი საგნების გამოცდის ტესტებს მარტივად მიიჩნევენ – პირველი დღის შეფასებები

დღეს 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველებიც შეუერთდნენ.

გამოცდების პირველ დღეს დარეგისტრირებული 7 500 აპლიკანტიდან გამოცდაზე დაახლოებით 30% არ გამოცხადდა. დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურის, ბუნებისმეტყველების და მათემატიკის საგნებში ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარეს.

,,ჩვენ ხომ მოგვცა სახელმწიფომ დიპლომი და ამიტომ ამ ფორმით გამოცდის ჩატარება ჩემთვის მიუღებელია. ამით მასწავლებლებს თრგუნავენ და სხვა არაფერი. გამოცდას თუ გვაბარებინებენ, მაშინ ახალი მეთოდით ჩაგვაბარებინონ და ძველს თავი დაანებონ. ჩვენ გამოცდები კი არა, გადამზადება გვჭირდება“, – ამბობს გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული პედაგოგი.

ასევე გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა ნინო საურმა, რომელმაც გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარა, განკუთვნილი დრო სრულად არ გამოიყენა.  ამბობს, რომ ამ საგანში პირველად ჩააბარა და მოლოდინიც დადებითი აქვს.

„ანალიტიკური წერა იყო, ასსიტყვიანი თემა უნდა დაგვეწერა საკითხზე, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს საზოგადოებას ბავშვების აგრესიის მიმართ, უნდა კიცხავდეს თუ არა საზოგადოება ბავშვს თავისი აგრესიის გამო და როგორი დამოკიდებულება უნდა გამოიჩინონ მათ. დანარჩენი საკითხები გრამატიკიდან იყო, თემის ნიშნები,  ქცევა და კონტაქტი. საბოლოო ჯამში, საშუალო სირთულის გამოცდა იყო, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი“, – ამბობს ნინო საური.

„ჩემი პოზიცია ასეთია – მაინც ამოვთხრი. ვაბარებ ქართულს, რამდენჯერმე გამოვედი გამოცდაზე, სულ მაკლდება ქულა. ახლა გავლილი მაქვს მასწავლებლის სახლის ტრენინგები, ვფიქრობ გამომადგა. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი მუშაობით, ვნახოთ რა შედეგი იქნება“, – დუშეთის პირმისაანთკარის საჯარო სკოლა, მაია პატაშვილი.

ჩვენ მასწავლებლობის მსურველ პედაგოგსაც გავესაუბრეთ, რომელიც ვაკანსიას ელოდება რომ დასაქმდეს.

„ქართული ჩავაბარე შარშან ზედა კლასები, წელს დაწყებითებიც გადავწყვიტე. 60-კრედიტიანი პროგრამა გავიარე, ნამდვილად არ მერთულა საკითხები. შარშანაც ამბობდნენ ძნელიაო, მაგრამ მე ძალიან გამიმარტივდა შარშანაც და წელსაც. სიმართლე გითხრათ, არ მოვმზადებულვარ, საკითხებს გადავხედე გასული წლებისას და წარმოდგენა მქონდა. ერთი ორჯერ კომპიუტერი გაიჭედა, ისარი არ გადადიოდა, სხვა მხრივ პრობლემა არ ყოფილა. არც სიცხე, ორპირი იყო და შემცივდა კიდეც. არ ვმუშაობ, ამ წუთში არც არაფერი არ ჩანს ვაკანსია. ვაკანსის გამოჩენის შემთხვევაში, ალბათ, პერსპექტივა მექნება, იმიტომ რომ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მენიჭება 60–კრედიტიანი პროგრამის გავლით. ახლა ამ დაწყებითებსაც ვცდი, იმედია გამიმართლებს”, – ამბობს თბილისში მცხოვრები ლალი შეითნიშვილი.

„საშუალო სირთულის იყო. მე ბუნებისმეტყველებას ვაბარებდი, რომელიც რამდენიმე საგანს მოიცავს და, ზოგადად, რაც უნდა მარტივი ტესტი იყოს, რთულია რამდენიმე საგანზე გააკეთო ორიენტაცია. შარშანდელთან შედარებით, წელს უფრო მარტივი მეჩვენა ამბობს ერთ–ერთი პედაგოგი, რომელმაც გამოცდა ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში ჩააბარა.

„მოცემული ოყო სხვადასხვა რუკა და  აქედან უნდა გაგვეგო რომელი წარმოადგენდა მაგელანის მარშრუტს. ასევე ერთ-ერთი საკითხი იყო მცენარეზე, რომელიც დახურულ სივრცეში მოათავსეს. სხვას ვერაფერს ვერ ვიხსენებ. გამოცდა საშუალო სირთულოს იყო, მე წელს პორველად ჩავაბარე და მოლოდონიც დადებითი მაქვს“, – ამბობს კასპის ერთ-ერთი საჯარო სკოლოს პედაგოგი ნინო სულაშვილი.

მუხიანის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აპლიკანტები EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობენ, რომ დავალებები რთული არ იყო. განსაკუთრებით მარტივი კი მათთვის მათემატიკური საკითხები აღმოჩნდა.

„მიუხედავად იმისა, რომ არც გამოცდისთვის მოვმზადებულვარ და არც მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება მაქვს, გამოცდა არ გამჭირვებია. დავალებები იყო როგორც უშუალოდ საგნის ცოდნის შესამოწმებლად, ისე ლოგიკური. ძალიან მარტივი იყო მათემატიკის საკითხები. ისეთი დავალებები იყო, რომ ეს მასწავლებელმა კი არა, ცოტა მაღალი კლასის მოსწავლემაც უნდა იცოდეს. ერთადრეთი რაც გამიძნელდა ანალიტიკური თემა იყო, თუმცა არ ვნერვულობ, უბრალოდ მაინტერესებდა რას ვიზამდი გამოცდაზე და სიმართლე გითხრათ უკმაყოფილო არ ვარ“, – გვითხრა ნათია სამხარაძემ.

„პირველი-მეექვსე ჩავაბარე. გამოცდა რთული არ იყო. მათემატიკურ ნაწილში მოცემული იყო ბავშვის ნაშრომი, სადაც ამოცანის და მაგალითების სისწორე უნდა შეგვემოწმებინა“, – ამბობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის საჯარო სკოლოს პედაგოგი.

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებაში გამოცდა ხვალ კიდევ 4 საგანში ჩატარდება. აპლიკანტები თავიანთ შესაძლებლობებს სამოქალაქო განათლების, მათემატიკის, ქართულისა და ფიზიკის საგნებში გამოცდიან.

დაწყებითი საგნების გამოცდაზე პედაგოგთა 30% არ გამოცხადდა – „ეს დაახლოებით მესამედია“

ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები სამი პედაგოგი დაგვიანების გამო გამოცდაზე არ დაუშვეს

მოამზადეს ნიკა გაბლიშვილმა, თამთა ვირსალაძემ და გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური