ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები სამი პედაგოგი დაგვიანების გამო გამოცდაზე არ დაუშვეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის საჯარო სკოლის 2 პედაგოგი დღეს გორის საგამოცდი ცენტრში, გამოცდაზე 10 წუთის დაგვიანების გამო არ დაუშვეს. ხოლო, ხუთი წუთის დაგვიანების გამო გამოცდიდან უკან გააბრუნეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლის პედაგოგიც. გამოცდიდან მოხსნილი პედაგოგები, საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლებს გამოცდაზე დაშვებას ნახევარი საათის განმავლობაში უშედეგოდ სთხოვდნენ.
,,გთხოვთ გამონაკლისი დაუშვათ და გამოცდაზე შემიყვანეთ. საზღვრისპირა სოფლიდან ჩამოვედი და იქნებ გაითვალისწინოთ ჩვენი მდგომარეობა. გამოცდა რომ არ ჩავაბარო სერტიფიცირებული პედაგოგის სტატუსი არ მექნება რაც ჩემთვის წარმოუდგენელია. ამ გამოცდისთვის ერთი წელი ვემზადებოდი და არ მინდა ყველაფერი წყალში ჩამეყაროს“, – თქვა ტახტისძირის საჯარო სკოლის პედაგოგმა.
„ტელეფონზე საათი თურქულ დროზე ყოფილა დაყენებული და შეცდომაში ამან შეგვიყვანა. ძალიან მინდოდა გამოცდის ჩაბარება, ისედაც ბევრი პრობლემა მაქვს და ახლა ესეც დაემატა“,- განაცხადა სოფელ ტახტისძირიდან ჩამოსულმა მეორე პედაგოგმა
„რა ვქნა, სოფლიდან ავტობუსით წამოვედი და გზაზე ნახირი შემოგვხვდა, რომელმაც მგზავრობა შეაფერხა და ამის გამო დამაგვიანდა. სხვა გამოცდებზეც დამიგვიანია 5 წუთი და პრობლემა არ მქონია“, – გვითხრა მეჯვრისხევიდან ჩამოსულმა პედაგოგმა.
გამოცდაზე დაგვიანებული პედაგოგების პრეტენზიებს უპასუხეს გორის საგამოცდო ცენტრში.
„ტესტირება უკვე გაშვებული იყო და შესაბამისად დაგვიანებული პედაგოგების გამოცდაზე დაშვება ამის გამო ვეღარ მოხერხდა“, – ამბობს გორის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორი ეკატერინე როსტიაშვილი.
გორის საგამოცდო ცენტრში 1–4 – დაწყებითი კლასი: 369 რეგისტრირებული პედაგოგებიდან არ გამოხდადდა 73 აპლიკანტი. 1–6 – ქართული ენა და ლიტერატურა: რეგისტრირებული 140 პედაგოგიდან არ გამოცხადდა 29 პირი. 1–6 – საბუნებისმეტყველო საგნები: 49 რეგისტრირებული აპლიკანტიდან გამოცდაზე 21 მათგანი არ მივიდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ერთიან ეროვნულ გამოცდებს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები შეუერთდნენ. სულ კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე 27 ათასამდე აპლიკანტია რეგისტრირებული.
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე