GE

დაწყებითი საგნების გამოცდაზე პედაგოგთა 30% არ გამოცხადდა – „ეს დაახლოებით მესამედია“

დღეს დაწყებითი განათლების საგნების პედაგოგებისთვის გამოცდები მიმდინარეობს. მთელი საქართველოს მასშტაბით 7 500 მასწავლებელი ცდილობს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებას.

პროცესი დილიდანვე მშვიდად დაიწყო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებმა რეგისტრაციის გავლა დილის 08:00 საათიდან დაიწყეს.

გამოცდაზე გასვლის მსურველებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მხოლოდ წყლის, საგამოცდო ფურცლისა და სათვალის შეტანის უფლებას აძლევდნენ.

საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას დაესწრო გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი. მისი თქმით, წლევანდელ გამოცდაზე არ გამოცხადების საკმაოდ დიდი ციფრი დაფიქსირდა, თუმცა გასულ წლებთან შედარებით დიდი სხვაობა არ ყოფილა.

„ყველაფერი მშვიდად და წყნარად მიმდინარეობს, პედაგოგების და პედაგოგობის მსურველების არ გამოცხადების პროცენტი მაღალია, მაგრამ დიდად არ განსხვავდება წინა წლებისგან. დაახლოებით 30%-მდე, ანუ დაახლებით მესამედი არ გამოცხადდა გამოცდაზე. დანარჩენი ყველაფერი  მშვენივრად მიმდინარეობს. 27 ათასზე მეტი პედაგოგი იყო რეგისტრირებული. დღეს არის დაწყებითი კლასის პედაგოგების და პედაგოგობის მსურველების პროცესი, იმიტომ რომ, პედაგოგობის მსურველები გამოცდას აბარებენ, პედაგოგები კი კომპეტენციას ადასტურებენ. დაახლოებით 7 500-ია ასეთი ადამიანი  მთელი საქართველოს მასშტაბით.

უკვე მოქმედი პედაგოგი კომპეტენციას ადასტურებს და რამდენ ქულასაც მიიღებს, ამის მიხედვით მოხდება შემდეგ მისი კონვერტაცია კრედიტქულებში. რაც შეეხება პედაგოგობის მსურველებს, მათთვის იგივე ბარიერია დაწესებლი, რაც წინა წლებში იყო, ანუ მაქსიმალური ქულის 60 %-ზე მეტი უნდა მოაგროვოს“, – განმარტა მაია მიმინოშვილმა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

მისივე თქმით, წელს საგნის ტესტებში მეთოდური ნაწილი ამოღებულია.

„საგნის ტესტებში: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათმატიკა და ა.შ. მეთოდიკას არ მოიცავს“, – განმარტა მან.

7 500 პედაგოგს 5 საათი აქვს იმისთვის, რომ დავალებები შეასრულოს. ეროვნული გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით საგამოცდო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს და ტექნიკური თუ სხვა სახის შეფერხებები არ არის.

ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები სამი პედაგოგი დაგვიანების გამო გამოცდაზე არ დაუშვეს

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური