GE

„მასწავლებლები ფიქრობენ, ორი წლის ხელფასით რაღაც წამოიწყონ“ – პედაგოგებისა და ეკონომისტის შეფასებები ახალ ინიციატივაზე

2 წლის ხელფასი ჯილდოს სახით და სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევა, – განათლების სამინისტროს, პენსიონერი პედაგოგებისთვის, რომლებსაც საგნის გამოცდის ჩაბარება არ სურთ, ან ვერ აბარებენ, შეთავაზება აქვს.

რამდენი საპენსიო ასაკის პედაგოგი მიიღებს განათლების სამინისტროს ამ წინადადებას სამსახურიდან წასვლის სანაცვლოდ, ჯერ-ჯერობით უცნობია. მათი რაოდენობა კი, 13 000-მდეა.

როგორც საქართველოს პარლამენტის განათლების მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ამბობს, ამის პროგნოზირება რთულია, მაგრამ მისი თქმით, მთლიანობაში მაქსიმალური თანხა უნდა იყოს 250 მილიონი, რაც მოიცავს გაზრდილ ხელფასსა (აღნიშნული რეფორმის ფარგლებში მენტორის, წამყვანის და უფროსი მასწავლებლის სერტიფიცირების დანამატის გაზრდაც დაანონსდა ავტ.) და საპენსიო თანხას.

ორი წლის ხელფასის ჯილდოს სახით გადაცემა იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს ეხებათ, რომლებმაც საპენსიო ასაკს მიაღწიეს, არ სურთ გამოცდაზე გასვლა, ან გასვლის შემთხვევაში ჩაიჭრებიან, ან კიდევ განმეორებით გამოცდასაც ვერ ჩააბარებენ. მათ ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ 2019 წლის ბოლომდე უნდა განაცხადონ. სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა.

როგორც საქართველოს პარლამენტის განათლების მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ამბობს, ამ ინიციატივას უმრავლესობის მხრიდან  მხარდაჭერა ექნება.

განათლების მინისტრის ამ წინადადებას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა მასწავლებლების მხრიდან. თუმცა ზოგიერთი რეფორმის მიმართ უნდობლობასაც გამოხატავდა:

„ძალიანაც კარგი! ახალგაზრდა მასწავლებელი სჭირდება ბავშვს, თანამედროვე!“

„მომეწონა პენსიონერების შეთავაზება. ბევრი დათანხმდება, ჩემი აზრით“.

„იქნებ ახლა მაინც იფიქრონ წასვლა, ამდენი ხალხი ელოდება სკოლაში დასაქმებას“.

„მორიგი წინასაარჩევნო დაპირებაა“.

„მჯერა ბატონი მინისტრის, დასაქმდნენ ახალგაზრდები. პენსიონერებს შეუსრულონ დანაპირები“.

„არ დაიჯეროთ, არ დაიჯეროთ, არ დაიჯეროთ!!!…..“

„იცით, ახალგაზრდები უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურს ეძებენ. მე ბევრჯერ მომისმენია ჩემი მოსწავლეებისგან, რომ ასეთ დაბალ ხელფასზე არ იმუშავებენ.  ფაქტობრივად, ერთი კვირის ანაზღაურება გვეძლევა. სერტიფიცირების თანხაც საათებზეა მიბმული და არავინ ითვალისწინებს იმას, რა ჯოჯოხეთური შრომა გვიწევს პედაგოგებს“, – წერდნენ სოციალურ ქსელში ამ ინციატივასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება თავად საპენსიო ასაკის პედაგოგებს, მათი ნაწილი თვლის, რომ  ამ პროფესიის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ და თანხა მათთვის მნიშვნელოვანი არაა. ხულოს მუნიციპალიტეტის ღურთის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი გულიკო ჯორბენაძე მათგან ერთ-ერთია. იგი სტატუსის ამაღლებისთვის ზრუნავს და არ აპირებს შეთავაზებული ჯილდოს აღებას.

„რამდენიმე თვეა, რაც საპენსიო ასაკის ვარ. პედაგოგობა ჩემთვის იმდენად ახლობელი და საყვარელი საქმეა, ამ წუთში პენსიაში გასვლა ჩემთვის იქნება კატასტროფა. ეს ჩემი საყვარელი საქმიანობაა, რომელიც ფულადი ანაზღაურებით არ განისაზღვრება. მე რომ გითხრათ, რომ შემოთავაზებული ფულია ჩემთვის მარტო გადამწყვეტი და არა მუშაობა, ასე არაა. არ ვიცი რამდენი თანხა უნდა შემომთავაზონ, რომ დავთანხმდე. ეს ჩემთვის ნაადრევი, დაჩქარებული პროცესი იქნება რაღაცის.  ხელი არ მომეწყო გამოცდებზე, პროფესიული უნარები მაქვს ახლა ჩასაბარებელი და ვცდილობ, გავიდე და ჩავაბარო.

ეს არის ჩემი შინაგანი მოწოდება. მიყვარს ბავშვები და ის რომ გავცვალო 2 წლის შემოთავაზებაზე, ეს იქნება სტრესი ჩემთვის და შეიძლება ის მხნეობა, რომელიც ახლა მაქვს შენარჩუნებული…  ერთბაშად ყველაფერი დავკარგო“, – ამბობს ისტორიის პედაგოგი.

ქიმიის წამყვანი მასწავლებელი 140-ე სკოლაში მარინა მამულაშვილიც საპენსიო ასაკისაა. მას ეს ინიციატივა არ ეხება, ვინაიდან, როგორც მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი ამბობს, გამოცდაჩაბარებულ მასწავლებლებს ვერ შეელევიან, თუმცა მარინა მამულაშვილი თავისი კოლეგების განწყობას გვიზიარებს, რომლებსაც მოსწონთ ახალი ინიციატივა.

„ძალიან კარგი ინიციატივაა, დიდი ხანია პედაგოგები ასეთ ინიციატივას ელოდნენ მთავრობისგან და მოსწონთ კიდეც. ჩემთვისაც მოსაწონი და მისაღებია. თუმცა თუ ახლა აძლევენ საპენსიო ასაკის პედაგოგებს ფულად ჯილოს, რა დააშავეს იმ მასწავლებლებმა, რომლებიც მომავალ წელს გადიან პენსიაში? მათ რატომ არ უნდა მიიღონ ეს თანხა?

„ჩემ ირგვლივ ორმა-სამმა გამოთქვა უკვე სურვილი, აიღონ ფულადი ჯილდო. ისინი ფიქრობენ, რომ ამ ორი წლის ხელფასით რაღაც წამოიწყონ. ჩემს ერთ მეგობარს სოფელი აქვს და ფიქრობს იქ წავიდეს და განახორციელოს რაღაც სახის საქმიანობები ამ თანხით, მეორეც იმავეს აპირებს. მესამეს საკონდიტროს გახსნა უნდა. რაღაც იდეები აქვთ ამასთან დაკავშირებით, ერთიანი თანხაა და არის სასარგებლო რაიმე სახის საქმიანობის წამოწყებისთვის“, – ამბობს ქიმიის პედაგოგი.

მასწავლებელ ნონა ჩუბინიძის თქმით, აღნიშნული სიახლეები არის ძალიან მნიშვნელოვანი, დროული, პოზიტიური და მაქსიმალურად ორიენტირებული როგორც არსებული კადრის გაჯანსაღებაზე, ასევე ახალი კადრის უმტკივნეულო შემოსვლაზე სკოლაში.

„მისასალმებელია პენსიონერი მასწავლებლებისთვის უფასო გადამზადების შეთავაზება 2019 წლის ბოლომდე და ასევე გამოცდის ორჯერ შეთავაზება (ზაფხულსა და შემოდგომაზე). იმ ფონზე, როცა 1 კრედიტი, ანუ ტესტის მაქსიმალური ქულის 31% ძალაშია, ეს შეთავაზება არის მინიმალური ბარიერის გადალახვა. არ ვიდავოთ არც იმაზე, რომ თავად ტესტიც გამარტივებულია.

„თუ ვერც გამოცდას აბარებს მასწავლებელი ბოლო ორი ცდიდან (მანამდეც ხომ ცდიდა) ვერც ერთხელ 1 კრედიტზე, და ვერც შეთავაზებული გადამზადებაა საკმარისი, ასეთ მასწავლებელს არავინ უშვებს სისტემიდან უბოდიშოდ. არა, ბატონებო. მას ეძლევა საშუალება აიღოს 2 წლის ხელფასი და სიცოცხლის ბოლომდე სადაზღვევო პაკეტი შეინარჩუნოს“,- გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ნონა ჩუბინიძე.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში,  „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ერთია, რამდენი აიღებს ამ ჯილდოს და მეორეა ის რისკი, რამდენად მოუნდებათ ახალგაზრდებს სკოლაში დასაქმება და რამდენად ექნებათ მათ ამისთვის შესაბამისი პირობები.

„ზოგადად, საშუალო განათლების სისტემის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. კარგად ვიცით, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ქართული სასკოლო განათლება და ხშირად არის პრობლემები ამ მიმართულებით. „საერთაშორისო კვლევებში ჩვენი სკოლის მოსწავლეების განათლების დონე ტექნიკური თუ საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებსაც კი. ამ მიმართულებით ნაბიჯები გადასადგმელია და კარგი იქნება, თუ გაიზრდება დაფინანსება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და განათლების ხარჯები იქნება ადეკვატური. ეს უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რას ვაკეთებთ და რა მიგვაჩნია სწორად.

„ჩვენ დღესვე უნდა გამოვხატოთ პოლიტიკური ნება, რომ განათლების სისტემის რეფორმირება რაც შეიძლება მალე განხორციელდეს და ამისთვის თანხები არ უნდა დავიშუროთ“, – ამბობს გიორგი კეპულაძე.

მისი თქმით, პოლიტიკის განმახორციელებელმა სტრუქტურამ რისკები უნდა გათვალოს, იმ 10 ათასი პედაგოგიდან ყველამ რომ მოინდომოს პენსიაზე გასვლა, ეყოფა თუ არა ბიუჯეტი ამას.

„რა თქმა უნდა, რისკი არსებობს, მაგრამ, ალბათ, გათვლილია, ვინ შეიძლება გამოთქვას ამის სურვილი, ან შეიძლება ერთიანად არ მისცენ ეს თანხა და ეტაპობრივად გადაუნაწილდეს ხელფასი.

„მაგრამ მარტო იმით, რომ საპენსიო ასაკის პედაგოგები ნელ-ნელა გავუშვათ სახლში კომპენსაციის გზით, ამით შედეგი რამდენად მიიღწევა, ეს ცალკე საკითხავია. გასაგებია, რომ საპენსიო ასაკის პედაგოგების ჩანაცვლება უნდათ ახალგაზრდებით, მაგრამ ახალგაზრდებს აქვთ კი მოტივაცია სკოლაში დასაქმების? ექნებათ სათანადო პირობები და ანაზღაურება?  იქნება პრესტიჟული მასწავლებლობა ახალგაზრდებისთვის? – ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- ამბობს „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე.

ამავე თემაზე:

როდის და როგორ უნდა მიიღოს საპენსიო ასაკის მასწავლებელმა სახელმწიფო ჯილდო და გავიდეს პროფესიიდან – ვადები და პროცედურა

ხშირად დასმული კითხვები და პასუხები საპენსიო ჯილდოს შესახებ და მასწავლებლის სქემაში დაგეგმილ ცვლილებებზე

საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის ჯილდოს შეთავაზება მხოლოდ 2019 წელს ეხება – ირინა აბულაძე

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

ცისანა არის© შერგილაშვილი Aris.ge-განათლების ჟურნალისტი