GE

საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის ჯილდოს შეთავაზება მხოლოდ 2019 წელს ეხება – ირინა აბულაძე

როგორც ცნობილია, საპენსიო ასაკის მხოლოდ პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებს, პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში, განათლების სამინისტრო გარკვეულ პრივილეგიებს შესთავაზებს. საუბარია 2 წლის ხელფასის ოდენობაზე, რომელსაც პედაგოგი ერთიანად მიიღებს და სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის შენარჩუნებაზე. როგორც დღეს გახდა ცნობილი, პენსიონერი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ჯილდოს შეთავაზება მხოლოდ 2019 წელს ეხება.

,,პენსიონერი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ეს შეთავაზება ეხება 2019 წელს. შემოდგომაზე, განმეორებითად კომპეტენციის დაუდასტურებლობის შემთხვევაშიც საპენსიო ასაკის მასწავლებელი ჯილდოს მოთხოვნას შეძლებს”, – ასე უპასუხა განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ EDU.ARIS.GE-ს კითხვას იმის შესახებ, შეძლებენ თუ არა სამინისტროს შეთავაზებით სარგებლობას საპენსიო ასაკში მყოფი მასწავლებლები მომდევნო წლებშიც.

ზაფხულის გარდა მასწავლებელთა გამოცდა ნოემბერშიც ჩატარდება – ახალი შესაძლებლობა და სიახლეები პრაქტიკოს მასწავლებლებს

ის პედაგოგები კი, ვინც გადაწყვეტს, რომ სურს ჯილდოს სანაცვლოდ პროფესიიდან გასვლა შემდეგი პრინციპით უნდა მოქმედებდეს:

საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებელს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა 2019 წლის განმავლობაში რამდენიმე შემთხვევაში ექნება:

თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს 2019 წლის მაისის ბოლომდე;

თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას, ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა აცნობოს განათლების სამინისტროს 2019 წლის ბოლომდე;

თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს აქვს მინიმალური კომპეტენცია დადასტურებული, მაგრამ არ სურს, რომ აიმაღლოს სტატუსი – ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ 2019 წლის ბოლომდე უნდა განაცხადოს;

სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა;

საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ორჯერ ეძლევა შესაძლებლობა, დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია და აიმაღლონ სტატუსი. ორივე გამოცდის წარუმატებლად ჩაბარების შემთხვევაშიც კი მათ შეეძლებათ ისარგებლონ მინიჭებული პრივილეგიით და მიიღონ სახელმწიფო ჯილდო 2019 წლის შემოდგომაზე.

აღსანიშნავია, რომ ყველა ის პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ვერც ერთი შესაძლებლობის ფარგლებში ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას და ვერ აიმაღლებს სტატუსს, შეძლებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე – დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე ხელფასის შენარჩუნებით.

ამავე თემაზე:

საპენსიო ასაკის პედაგოგებს პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში განათლების სამინისტრო გარკვეულ პირობებს შესთავაზებს – მინისტრის ბრიფინგი

მინისტრი: სექტემბრიდან ხელფასი გაეზრდებათ მენტორ, წამყვან და უფროს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს, რესურსცენტრის ხელმძღვანელებს და სკოლის ადმინისტრაციას

პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა 2019 წლის გამოცდისთვის რეგისტრაცია დაიწყო – პროცედურები

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური