მასწავლებლების “სქემა” ლატვიაში
ავტორი: სიმონ ჯანაშია
მასწავლებლების კატეგორიების მიხედვით ხელფასების გაცემის სისტემა ლატვიაში 2009 წლიდან დანერგეს. სისტემით უკმაყოფილოა განათლებაში მონაწილე ყველა მხარე, მაგრამ მისი შეცვლა უჭირთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოცდილება საქართველოშიც გაიზიარონ, სადაც მასწავლებლების მსგავსი ლოგიკის მატარებელ ე.წ. “სქემას” ნერგავენ.
ლატვიაში ვატარებ კვლევას განათლების პოლიტიკის შესახებ. ჩავატარე 22 ინტერვიუ. ვესაუბრე სკოლების დირექტორებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, რამდენიმე ყოფილ მინისტრს, ეკონომისტებს, საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტებს, სოციოლოგებს, მასწავლებლების ტრენერებს, პროფესიული და დამსაქმებელთა კავშირების წევრებს.
ყველა ერთხმად ამბობს, რომ სქემა გასაუქმებელია. ამის არგუმენტები, რაც აქ დასახელდა არის:
- კატეგორიებად მასწავლებლების განაწილება არ ემთხვევა რეალურ სურათს. მაღალ კატეგორიას აქ ფლობენ ისინი, რომლებიც სულაც არ არიან საუკეთესო მასწავლებლები, არამედ ისინი, რომლებსაც ბევრი დროისა და ენერგიის დახარჯვა უნდათ ქაღალდებთან მუშაობაზე. სკოლებში საუკეთესო მასწავლებლები ხშირად მესამე კატეგორიაში არიან (ლატვიაში 5 კატეგორიაა)
- კატეგორიები არ მეტყველებს განათლების ხარისხზე. მოსწავლეები იმ სკოლებში, სადაც მაღალი კატეგორიის მასწავლებლების მაღალი კონცენტრაციაა სულაც არ აჩვენებენ უკეთეს შედეგებს გამოცდებზე.
- მაღალი კატეგორიის მასწავლებლებისგან ელიან, რომ ისინი მენტორობას გაუწევენ სხვებს, ჩაატარებენ კონსულტაციებს და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ ისინი მოწყდებიან თავიანთ ძირითად სამუშაოს, და ამ საათებს შედარებით უფრო დაბალი კატეგორიის მასწავლებლები დაიკავებენ. ეს კი განათლების ხარისხს არ უწყობს ხელს.
და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი: იმის გამო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი შეზღუდულ თანხას გულისხმობს, კატეგორიებად განაწილება შეუძლებელია კატეგორიების მიხედვით კვოტების დაწესების გარეშე. ეს ნიშნავს, რომ მაგ. მეხუთე კატეგორიაში შეიძლება იყოს მასწავლებლების მხოლოდ რაღაც განსაზღვრული რაოდენობა. ეს კი ნიშნავს, რომ კატეგორიაში მოხვედრა ხდება არა საკუთარი პროფესიონალიზმის დამტკიცებით, არამედ სხვასთან კონკურენციით. ეს ნიშნავს იმას, რომ მასწავლებლებს აწყობთ, რომ მათი კოლეგები იყვნენ წარუმატებლები, რადგან ეს მათ შანსებს უმატებთ, რომ ზედა კატეგორიაში გადავიდნენ. ასევე, მასწავლებლებს არ შეუძლიათ კატეგორიაში გადასვლა, თუ იმ კატეგორიაში ადგილები შევსებულია. ეს კი მათ მოტივაციაზე უარყოფითად მოქმედებს.
რატომ არ აუქმებენ ამ კატეგორიებს? პასუხი ყოველთვის ერთია: ვერ შევიმუშავეთ სისტემა, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს ფული, კატეგორიების გაუქმების შემდეგ. ყველას, გარდა დაბალი კატეგორიის მასწავლებლების, ეშინია, რომ ფულს დაკარგავს.
- „ან უნდა გიყვარდეს, ან უნდა გეშინოდეს?!“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი
- რა ხდება, როცა ბავშვები განათლების გარეშე რჩებიან? – „უპასუხისმგებლო მასწავლებელი არა მარტო ბავშვის სასწავლო პროცესს აფერხებს“ by განათლებული ბლოგი
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი