GE

„მასწავლებლის ახალი სქემის მთავარი კრიტიკული ხარვეზი“ – რა გახდება პედაგოგის პრიორიტეტი მოსწავლის ნაცვლად

ავტორი: დათო ფერაძე, პედაგოგი, ისტორიკოსი, განათლების ხარისხის ექსპერტი

მასწავლებელთა „დაოსტატების“ ახალი სქემა?!

ფორდმა 1914 წელს 9-საათიანი სამუშაო დღე 8 საათამდე შეამცირა და მუშების ხელფასი გააორმაგა. 1926 წელს კი დანერგა ხუთდღიანი, 40-საათიანი სამუშაო კვირა. სამუშაო საათების შემცირების მიუხედავად, პროდუქტიულობა გაიზარდა. ფორდმა დაასკვნა, რომ დაღლილ მუშას ნაკლები ეფექტურობა აქვს, ხოლო დასვენებული უფრო სწრაფად და ნაკლები შეცდომით მუშაობს. ეს იყო პირველი ფართომასშტაბიანი დასტური იმისა, რომ შრომის ხანგრძლივობა არ უდრის პროდუქტიულობას.

ვიფიქრე, დამეწერა თუ არა ამ განახლებული სქემის თაობაზე. წინა სქემებზე იმდენი მაქვს ნაწერი, რომ ლამის „სქემისტი“ დავარქვა თავს, ერთხანს გადავიფიქრე, მაგრამ გარშემო იმდენი სქემამადიდებელი გამოჩნდა, ისეთებიც, მის წინა ვერსიებსაც რომ „იგავმიუწვდომლად“ მიიჩნევდნენ, გადავწყვიტე ერთ მნიშვნელოვან ასპექტზე შევაჩერო პედაგოგების ყურადღება:

მასწავლებლის ახალი სქემის მთავარი კრიტიკული ხარვეზი წინანდელებივით დროის არაადეკვატური განაწილება და ბიუროკრატიული ტვირთია, ეს საკითხი კი ფუნდამენტურია. მოდით, გავაანალიზოთ ეს პრობლემა მეცნიერული (ფსიქოლოგიურ-შრომითი) კვლევების ჭრილში.

ბიუროკრატიული საქმიანობა, რომელსაც სქემა აკისრებს მასწავლებელს (მუხლი 18, 22, 28), მოითხოვს დამატებით დროს 140–270 საათს წელიწადში, თვეზე გადანაწილებით 12-22 საათს თვეში, ანუ 3-5 საათს კვირაში დამატებით ბიუროკრატიულ სამუშაოს. ეს საათები ემატება მასწავლებლის სტანდარტულ დატვირთვას, რომელიც ისედახ აღემატება 40 საათს კვირაში (სწავლება, გაკვეთილის დაგეგმვა, საშინაო დავალებების შემოწმება, შეხვედრები). თუ მასწავლებელი პატიოსნად დაიტვირთავს თავს, ის მიადგება საშიშ ზღვარს გადაწვის სინდრომთან მიმართებით.

სქემის ფარგლებში მასწავლებლები ელექტრონული სისტემის წარმოებას დაიწყებენ – პროფესიული განვითარებისა და წინსვლის ახალი სქემა ძალაში შევიდა (დადგენილება)

ადამიანის შრომის ეფექტურობის კვლევები (ფსიქოლოგია, ერგონომიკა) ნათლად აჩვენებს, რომ პროდუქტიულობა არ იზრდება სამუშაო საათების მატებასთან ერთად. ახლებურად გავიმეორებ წინა წლებში ნათქვამს: კვლევები გვეუბნება, რომ შემოქმედებითი, ინტელექტუალური შრომისთვის (როგორიცაა გაკვეთილის დაგეგმვა, რთული პრობლემების გადაჭრა) ოპტიმალური პროდუქტიული დრო შეადგენს 4–6 საათს დღეში. შრომის ნაყოფიერებასთან დაკავშირებულ კვლევები, რომელიც დაიწყო მე-20 საუკუნის დასაწყისში ჰენრი ფორდთან და გაგრძელდა თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, აჩვენებს, რომ 40 საათზე მეტი მუშაობა კვირაში იწვევს ეფექტურობის მკვეთრ შემცირებას და შეცდომების ზრდას. 55 საათზე მეტი მუშაობა თითქმის არ იძლევა დამატებით პროდუქტს, რადგან დამატებითი საათები იხარჯება დაბალი ხარისხის შრომაზე (თუ ინებებთ, მკვლევარებს სხვა პოსტში დავასახელებ და თავად გაეცანით).

მასწავლებელი, რომელიც პატიოსნად ასრულებს სრულ საათობრივ დატვირთვას (სწავლება, შემოწმება, მომზადება…), ხშირად უკვე მუშაობს კვირაში 40 საათზე მეტს. ბიუროკრატიული ტვირთის დამატება ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად გადადის არაეფექტური შრომის რეჟიმში. ძირითადი დატვირთვა არის სწავლება და მოსწავლის საჭიროებებზე ფოკუსირება.დამატებითი დატვირთვა კი იქნება ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ფუნქციის შესრულების დოკუმენტირება და მტკიცებულების შექმნა კომისიისთვის.

როდესაც მასწავლებელი ენერგიის ნაწილს ხარჯავს დოკუმენტაციის სისრულეზე ფიქრში, ეს ენერგია აკლდება უშუალოდ საგაკვეთილო პროცესის ხარისხს. ეს არის ფსიქოლოგიური გადაწვის პირდაპირი გზა.

ახალი სისტემა გამოიწვევს შრომის არაეფექტურობას, ანუ პატიოსანი მასწავლებელი, რომელიც კვირაში 55 საათს ან მეტს მუშაობს, ნაკლებად პროდუქტიული იქნება, ვიდრე ის, ვინც 40 საათს მუშაობს. პედაგოგის პრიორიტეტი გახდება არა მოსწავლის წინსვლა, არამედ კარიერული წინსვლის მტკიცებულებების შექმნა (როგორც წინა სქემაში იყო – კრედიტქულებზე ნადირობა). სისტემა ვერ შეძლებს ახალგაზრდა, მოტივირებული კადრების შენარჩუნებას, თუ პროფესია ასოცირებული იქნება გაუსაძლის ბიუროკრატიულ დატვირთვასთან.

ასევე იხილეთ:

მენტორი ახალ სქემაზე: „დოკუმენტის მიხედვით, სტატუსი ფორმალურად უვადოა, მაგრამ დანამატი პირდაპირ არის მიბმული ფუნქციურ ვალდებულებაზე“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური