მენტორი ახალ სქემაზე: „დოკუმენტის მიხედვით, სტატუსი ფორმალურად უვადოა, მაგრამ დანამატი პირდაპირ არის მიბმული ფუნქციურ ვალდებულებაზე“
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის დამტკიცების შემდეგ პროფესიულ წრეებში არაერთი კითხვა ისმის დოკუმენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესახებ.
მათ შორის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ახალი სქემით დაწესებული მასწავლებლის ფუნქციური ვალდებულებები.
საკითხზე მენტორი მასწავლებელი, ნატალია თურქაძე საინტერესო განმარტებებსა და მიგნებებს აკეთებს, რომლებსაც EDU.ARIS.GE გიზიარებთ:
„მნიშვნელოვანი განმარტება ახალი სქემის ფუნქციურ ვალდებულებებზე. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გაუგებრობა ახალ სქემაში ფუნქციური ვალდებულებების შესახებ, გიზიარებთ მოკლე დაზუსტებას:
-ფუნქციური ვალდებულებების შესრულება ეკისრება ყველა მასწავლებელს.
-ფუნქციური ვალდებულებებისგან თავისუფლდება მხოლოდ ის უფროსი მასწავლებელი, რომელსაც არ სურს კარიერული წინსვლა.
-ყველა სხვა შემთხვევაში (გსურთ თუ არა წინსვლა ) ფუნქციური ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა.
-ამ ფუნქციურ ვალდებულებებს თქვენ თავად ირჩევთ შემოთავაზებული მიმართულებებიდან;
არჩევანი უნდა ეფუძნებოდეს თქვენს პროფესიულ ინტერესებს, ასევე სკოლისა ან მუნიციპალიტეტის საჭიროებებს. (უნდა შეარჩიოთ მხოლოდ ერთი მიმართულება და მხოლოდ ერთი დონე).
კოლეგების მხრიდან ყველაზე ხშირად ისმის კითხვა:
რა რისკები მოჰყვება ფუნქციური ვალდებულების შეუსრულებლობას?
-ფუნქციური ვალდებულება არის შრომითი ხელშეკრულების ნაწილი და მისი შეუსრულებლობა უკვე ქმნის სამართლებრივ პრობლემას.
-სასწავლო წლის ბოლოს სკოლის კომისია ამოწმებს თქვენს ანგარიშს.
-თუ ფუნქცია არ შესრულდა ან მტკიცებულებები არასაკმარისია, კომისია EMIS-ში აფიქსირებს უარყოფით შეფასებას, რის შემდეგაც სკოლა ვალდებულია, დაგიწესოთ პროფესიული განვითარების გეგმა, მაგ: ტრენინგები, დამატებითი ვალდებულებები და სხვა აქტივობები.
-რაც შეეხება ფინანსურ მხარეს: როგორც ვიცით, ხელფასი შედგება → საბაზო ხელფასს + სტატუსის დანამატი. სტატუსის დანამატის მისაღებად აუცილებელია ფუნქციის შესრულება.
ერთი საყურადღებო საკითხი:
-თუ ორი წელი ზედიზედ მიიღებთ უარყოფით შეფასებას, სკოლას ეძლევა სამართლებრივი საფუძველი, აღარ დაგაკისროთ ფუნქცია, ხოლო ფუნქციის გარეშე დანამატიც ავტომატურად წყდება.
-ასე რომ, დოკუმენტის მიხედვით, სტატუსი ფორმალურად უვადო კი არის, მაგრამ დანამატი პირდაპირ არის მიბმული ფუნქციურ ვალდებულებაზე.
დოკუმენტის მიხედვით, ფუნქციის გადანაწილების წესი ყოველწლიური პროცესია და ავალდებულებს პედაგოგს, განახორციელოს. სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლა ატარებს თვითშეფასებას და განსაზღვრავს საჭიროებებს. ჩვენ თუ ყოველ წელს ვერ დავადასტურეთ ეს, რამდენი წელი შეიძლება გადაგვიხადონ ფუნქციური ვალდებულებებისთვის ანაზღაურება? სკოლამ, შესაძლოა, არგუმენტირებულად მიიჩნიოს, რომ მასწავლებლის „ხედვა“ ან კომპეტენცია, რომელიც კომისიის შეფასებებით უარყოფითია, აღარ შეესაბამება სკოლის განვითარების მიზნებს და მომავალ, ანუ მესამე წელს აღარ განგისაზღვროს ფუნცია. (მე-17 მუხლში უარყოფითად შეფასების შემთხვევაში რა უნდა განგვისაზღვრონ, და მე-16 მუხლის თანახმად, ფუნქციების გადანაწილება არ არის ერთჯერადი აქტი, ის ხდება ყოველწლიურად)”, – წერს ნატალია თურქაძე.
ასევე იხილეთ:
