„მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე“ რეგისტრაცია დაიწყო – როგორი იქნება შერჩევის კრიტერიუმები
კოალიციამ „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პრეზენტაცია გამართეს.
პრეზენტაციაზე საზოგადოებას კამპანიის ეტაპების, კონკურსის პირობების, საკონკურსო კომისიის, კამპანიის მხარდამჭერების, ფინალური ღონისძიებისა და ეროვნული ჯილდოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. პრეზენტაციაზე, ასევე, წარადგინეს სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილი საინფორმაციო კლიპი და ვებგვერდი – www.tprize.ge რომელზეც, კონკურსში მონაწილეობის მსურველი მასწავლებლები დარეგისტრირდებიან.
კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პირველი მფლობელი გახდება, გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა.
განათლების სფეროს წარმომადგენლები დადებითად აფასებენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დაწესებას და აცხადებენ, რომ ეს პედაგოგის პრესტიჟის გაზრდას შეუწყობს ხელს.
„მინდა, მივულოცო ქართველ მასწავლებლებს, რომ მოგვეცა საშუალება, შევუერთდეთ მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს, რომელშიც მონაწილეობენ მრავალი ქვეყნის მასწავლებლები. პრიზთან ერთად ეს არის ძალიან დიდი პრესტიჟი, რომელიც ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და თითოეულ მასწავლებელს უჩენს მოტივაციას, გახდეს ბევრად უკეთესი და მიიღოს მონაწილეობა კონკურსში.
„პროექტის მიზანი არ არის დააფიქსიროს ის ფაქტი, რომ მასწავლებელი თავის საქმიანობას კარგად ასრულებს. მისი მიზანია ლიდერი, ინიციატივის მქონე, ინოვატორი მასწავლებლების გამოვლენა. იმ მასწავლებლების გამოვლენა, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ავითარებენ ადგილზე, საკლასო ოთახში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა.
საქართველოს პარლამენტის განათლების მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის თქმით, ეს არის ჯილდო, რომელიც ზოგადად მასწავლებლის პროფესიის პოპულარობას შეუწყობს ხელს.
„დღეიდან იწყება კონკურსის პირველი ეტაპი, რომელიც ყველა პედაგოგს აძლევს საკუთარი კანდიდატურის წარდგენის საშუალებას. 5 ოქტომბერს ჩვენ ყველანი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელის ვინაობის გამოვლენის მომსწრე გავხდებით.
„არაჩვეულებრივი ინიციატივაა. ეს პრიზი გახდება საწყისი იმის, რომ გაიზარდოს პედაგოგების დაფასება და პოპულარიზაცია. საერთაშორისო კონკურსში რომ მოხვდება ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ეს კიდევ უფრო ხელშემწყობი ფაქტორია. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჯილდოს დაარსების ინიციატორს კოალიციას „განათლება ყველასთვის“. ეს არის არასამთავრობო სექტორის მაგალითი“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე ამბობს, რომ ჯილდოს მიზანი პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის გაზრდასთან ერთად ამ პროფესიით ახალგაზრდების დაინტერესებაა, რომ ისინიც ჩაერთონ ამ საქმიანობაში და თავადაც გახდნენ მასწავლებლები.
„ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ამ პროცესში არამარტო მასწავლებლები, არამედ მთლიანად საზოგადოება ჩაერთოს. მიხარია, რომ უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა, ორგანიზაციამ დაგვიჭირა მხარი და არიან სოლიდარულები.
„რატომ გავაკეთეთ ეს ჯილდო? ჩვენ გვჯერა, რომ მომავალი განათლებაშია. განათლება არ იქნება მასწავლებლის დაფასების გარეშე. განათლება, თავისთავად, კარგი მასწავლებლის გარეშე, ძალიან რთულად მიღწევადი მიზანია. მჯერა, რომ კარგი მასწავლებელი ჩვენი მომავალია. მასწავლებლის პროფესიის განვითარება ასევე ჩვენს მომავალთან დაკავშირებულია და გვინდა, ამაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. საზოგადოებას ვაჩვენოთ, რატომ უნდა ვაფასებდეთ მასწავლებელს“, – განაცხადა ირინა ხანთაძემ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის გიორგი მაჩაბელის თქმით, ჩვენ გვყავს ბევრი კარგი პროფესიონალი მასწავლებელი და არ გაძნელდება საუკეთესოს გამოვლენა.
„ამ ჯილდოს დაფუძვნებით ჩვენ ვხდებით საერთაშორისო მოძრაობის წევრები. რომელიც ატარებს კონკურსს და ავლენს საუკეთესო მასწავლებელს. წელს კანადელმა პედაგოგმა გაიმარჯვა. მომავალ წელს ქართველი თუ არ გახდება გამარჯვებული, ვისურვოთ, რომ ხუთეულში მაინც შევიდეს. ასე რომ წინ საინტერესო პერიოდი გველის“, – განაცხადა გიორგი მაჩაბაელმა.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ მასწავლებლისთვის ჯილდოს დაწესება როგორც დროული ნაბიჯი ისე შეაფასა.
„იმ ფონზე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პედაგოგის პროფესია გახდა არაპრესტიჟული, არის დაბალანაზღაურებადი, საყოველთაო კრიტიკის საგანი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დაწესება არის დროული და უმთავრესი გადაწყვეტილება. ამასთან ერთად არის მნიშვნელოვანი ინიციატივა“, – აღნიშნა პედაგოგთა პროფკავშირების პრეზიდენტმა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, პედაგოგთა შეფასების კრიტერიუმებზე გაამახვილა ყურადღება:
„ძალიან მკაცრი კრიტერიუმებით შეირჩევიან მასწავლებლები. ეს კრიტერიუმები ეხმიანება საერთაშორისო კონკურსის კრიტერიუმებს. ამ მხრივ, ჩვენს მასწავლებლებს ექნებათ საშუალება საერთაშორისო მასშტაბზე გავიდნენ. ეს იქნება ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი – ბოლოს და ბოლოს დავაფასოთ ჩვენი მასწავლებლები“, – განაცხადა მაგდა მაღრაძემ.
რაც შეეხება პედაგოგთა შეფასების კრიტერიუმებს, ეროვნული ჯილდოს მფლობელები შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ:
- მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა;
- სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება;
- ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლება;
- საზოგადოებერივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა;
- პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება.
დეტალური ინფორმაცია შერჩევის შესახებ
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
- ყველაზე მეტი სკოლა იმერეთში ფიქსირდება – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 2024-2025 სასწავლო წლისთვის by ARIS.GE-განათლება
- სკოლის მოსწავლეთა პროტესტი მშობლიურ სკოლებთან (03.12. 2024 განახლებადი) by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს აჭარაშიც 6 მოადგილე ეყოლება – თორნიკე რიჟვაძის დადგენილება უკვე ძალაშია by ARIS.GE-განათლება