საქართველოში მასწავლებლებისთვის ეროვნული ჯილდო დაწესდება
განათლების გლობალური ფორუმის დროს, რომელიც ახლახან დუბაიში ჩატარდა, 20-მდე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიიღო აკრედიტაცია, რომ თავიანთ სახელმწიფოებში მასწავლებლებისთვის ეროვნული ჯილდო დააწესოს. ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულებს ექნებათ სახელმწიფოს მხარდაჭერა, რომ მონაწილეობა მიიღონ მასწავლებლის გლობალურ კონკურსში, სადაც გამარჯვებულს ჯილდოს სახით 1 მილიონი დოლარი გადაეცემა.
დუბაიში განათლების გლობალურ ფორუმზე იმყოფებოდა კოალიცია „განათლება ყველასთვის-საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე, რომელიც EDU.ARIS.GE-ს როგორც საქართველოში დაწესებული მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს დეტალებზე, რომელიც მისი კოალიციის ინიციატივაა, ასევე დუბაიში წელს გამარჯვებული კანდიდატის, კანადელი მასწავლებლის მეგი მაკდონელის დამსახურების შესახებ ესაუბრება.
–განათლების გლობალური ფორუმი რამდენი ხანია, არსებობს და ყოველწლიურად ერთსა და იმავე ადგილას ტარდება?
–ეს არის ერთ-ერთი კერძო ფონდის ინიციატივა, რომელიც მასწავლებლის პროფესიას უჭერს გლობალურად მხარს. იქ იკრიბება ყველა ის პირი, რომელიც განათლების სფეროში საქმიანობს და ხდება ინფორმაციების გაცვლა, ახალი ტენდენციების გაცნობა. კარგი შესაძლებლობაა სიახლეების გადაცემის, პარტნიორების მოძიების. ეს არ არის ოფიციალური ფორმატი, სადაც ქვეყნის მთავრობების მიერ ხდება შეხვედრის ორგანიზება. ეს არაფორმალური ფორმატია, სადაც ბევრი ქვეყნის მინისტრი ერთვება.
განათლების გლობალური ფორუმი, უკვე მეოთხე წელია, ტარდება. ემთხვევა, როგორც წესი, მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს გადაცემის ცერემონიას, ანუ მსოფლიო განათლების ფორუმის ფორმატშივეა ჩაშენებული ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონია. წელს ჩვენი კოალიცია იყო მიწვეული ფორუმზე. სწორედ იმიტომ, რომ ინიციატივა გამოვთქვით, გლობალურ ჯილდოსთან აფელირებული კონკურსი ჩვენთან გაგვეკეთებინა.
–მასწავლებლების გლობალური ჯილდოს მოსაპოვებლად ქართველ პედაგოგებს ისედაც შეუძლიათ აპლიკაციების გაგზავნა. რატომ გადაწყვიტეთ, საქართველოშიც დაგეწესებინათ ეროვნული ჯილდო?
–ქართველ მასწავლებლებს შეუძლიათ აპლიკაციის გაგზავნა, პროცედურის შესაბამისად. უბრალოდ, ჩვენ მივიღეთ გლობალური ჯილდოს აკრედიტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მათთან პარტნიორობით გავაკეთებთ ეროვნულ ჯილდოს, რომელსაც შემოუერთდება მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. გამოცხადდება ეროვნული ჯილდო. პროცედურის დახვეწაზე ვმუშაობთ. თანხვედრაში რომ იყოს გლობალურ ჯილდოსთან და ეროვნულ დონეზე გამარჯვებულ პედაგოგებს გავუწევთ მხარდაჭერას, რომ შეიტანონ აპლიკაცია გლობალური ჯილდოს კონკურსში. გარკვეულწილად ამ აპლიკანტებს უფრო მეტი წინაპირობა ექნებათ, რომ მათი აპლიკაციები მოკლე სიებში მოხვდეს. თუმცა ეს თავისთავად გარანტია, რომ ორმოცდაათეულში, ან ასეულში მოხვდებიან, არ არის. მაგრამ გაცილებით მეტი შანსი ექნებათ ეროვნული კონკურსის გამარჯვებულებს, რომ მათმა აპლიკაციებმა წინ წაიწიონ გლობალურ კონკურსში. თუმცა გლობალურ კონკურსში ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება, რომლებიც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ქვეყნის ნებისმიერ ადგილას და 5-დან 18-წლამდე ბავშვებთან მუშაობს. საგნობრივი შეზღუდვა არ არის.
–მასწავლებლებისთვის ეროვნულ ჯილდოზე კონკურსი როდის გამოცხადდება?
–ეროვნული ჯილდოზე აპლიკაციების მიღება გვინდა, რომ მაისის ბოლომდე გამოცხადდეს. ზაფხულში იქნება მიღება და გამარჯვებული გამოცხადდება 5 ოქტომბერს, მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს, რა დროსაც გაიმართება დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. საერთაშორისო ჯილდოზე, როგორც კი გამარჯვებულები გვეყოლება 5 ოქტომბერს, სწრაფ რეჟიმში უნდა დავეხმაროთ გამარჯვებულებს რომ შეიტანონ თავიანთი აპლიკაციები, იმიტომ რომ იქ იხურება ოქტომბრის ბოლოს აპლიკაციების შეტანა.
–ეროვნული ჯილდოს კონკურსი სხვა ქვეყნებში უკვე არსებობს?
–შარშან ჩილემ უკვე გააკეთა. წელს აკრედიტაცია დუბაიში დაახლოებით 20-მდე ქვეყანას გადასცეს, რომ ქვეყნის შიგნითაც მოხდეს წარმატებული პედაგოგების გამოვლენა. ასეთ პედაგოგებს უფრო გაუადვილდებათ გლობალურ ჯილდოში მონაწილეობა, იმიტომ რომ რეკომენდაციები ექნებათ. თუმცა ვიმეორებ, ეროვნულ ჯილდოზე გამარჯვება აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ იქ მასწავლებელი ფინალისტებს შორის მოხვდება.
–პრიზი რა იქნება ეროვნული ჯილდოზე?
–გვინდა, რომ ღირსეული ჯილდო დავაწესოთ, მაგრამ ამის შესახებ დეტალურად უკვე მაისში გვეცოდინება.
–საქართველოში ჯილდოს ვინ გადასცემს გამარჯვებულ მასწავლებელს?
–ეროვნული ჯილდოს ინიციატორი და დამფუძვნებელი არის „განათლება ყველასათვის-საქართველო“ კოალიცია. ჩვენი პარტნიორი გახდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. სწორედ მასთან პარტნიორობით მოხდება ამ კონკურსის ორგანიზება. განათლების და მეცნიერების სამინისტრო იქნება ამ კონკურსის მხარდამჭერი.
–რა არის აუცილებელი, გლობალურ კონკურსში გამარჯვებისთვის და წლევანდელი გამარჯვებული კანადელი მასწავლებელი რითი იყო გამორჩეული?
–ბევრი კრიტერიუმია, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პედაგოგი, რომ საფინალო ეტაპზე მოხვდეს და შემდეგ გაიმარჯვოს. მოსწავლეების მიღწევებს აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ გარდა ამისა, აქცენტი კეთდება სწორედ იმაზე, რომ მასწავლებელი სტანდარტს ზემოთ შემოქმედებით მიდგომებს და მეთოდებს ავითარებს სწავლების პროცესში და მოსწავლეებს განსაკუთრებული ენთუზიაზმს და მოტივაციას უქმნის სწავლების პროცესში. ასევე გადასცეს მათ ძალიან მნიშვნელოვან სამოქალაქო ღირებულებებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შემდგომ მოსწავლისთვის, რომ გლობალური მოქალაქე გახდეს.
ანუ ერთის მხრივ, ის თავის პედაგოგიურ მოღვაწეობას წარმატებით ეწევა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რომ გამორჩეულ პედაგოგად გაღიარონ. მნიშვნელოვანია დემონსტრირება იმისა, რომ შენ კურიკულუმის ზემოთ ინიციატივას იჩენ და ეხმარები შემოქმედებითი მიდგომებით მოსწავლეებს, რომ ისინი უფრო ენთუზიაზმით იყვნენ სწავლების პროცესში ჩართული.
წლევანდელი გამარჯვებული მეგი მაკდონელი გახლავთ კანადის ერთ-ერთ რეგიონში პედაგოგი. იქ სახმელეთო გზით ვერ მიხვალ, მხოლოდ საჰაერო კავშირია. მძიმე კლიმატია და რთული პირობები. მეგის შემთხვევაში გამორჩეული ის იყო, რომ იმ პატარა თემში, სადაც მასწავლებლად ჩავიდა და უკვე რამდენიმე წელია, იქ არის, მოახერხა მოსწავლეების კონსოლიდაცია და მათი სასწავლო შედეგები თვისობრივად გააუმჯობესა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ თემში ძალიან მაღალი იყო სხვადასხვა, სოციალური თუ ისტორიული მიზეზების გამო, ახალგაზრდების თვითმკვლელობის ფაქტები, სამწუხაროდ. ფაქტობრივად, მეგიმ თავისი აქტიურობით და ჩართულობით, ამ ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა თვისობრივად გააუმჯობესა, რასაც ძალიან უფასებს ადგილობრივი თემი. ფაქტობრივად, ადგილობრივებმა ის გმირად შერაცხეს.
ანუ მან ამ ბავშვებს ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა არა მარტო ცოდნის გადაცემის კუთხით, არამედ ფსიქოლოგიური სირთულეების დაძლევის თვალსაზრისით. განუმტკიცა თვითრწმენა. კანადაში ეროვნული ჯილდო, რამდენადაც ვიცი, არ არსებობს და მეგი ამ ჯილდოს გამარჯვებული არ ყოფილა. მან დამოუკიდებლად მიიღო გლობალურ კონკურსში მონაწილეობა.
ალექსანდრე ჯეჯელავა: ახალ სქემაში შემოდის სამუდამოდ დამსახურებული მასწავლებლის ცნება
„წლის მასწავლებლის“ ტიტულით დაჯილდოებულთა სია მასწავლებლის სახლისგან – 2016
ცისანა არის© შერგილაშვილი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება