GE

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დაწესებასთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

2017 წლის 13 მაისს, 15:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის დაწესების მიზნით, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმს ხელს აწერენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო.“

მემორანდუმის მიხედვით, მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ პედაგოგთა დაფასება, დამსახურების აღიარება, დაჯილდოება და მათი ღვაწლის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა ძალზედ მნიშვნელოვანია პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ზრდისათვის და პროფესიაში მეტი ღირსეული ადამიანის მოზიდვისათვის. ამ მიზნით, კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველოს“ ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან (TPDC) პარტნიორობით, იწყება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მოსამზადებელი სამუშაოები. აღნიშნულს უერთდება და მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ არის გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, ამავდროულად, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.

მისამართი: დიმიტრი უზნაძის ქ. N52; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საკონტაქტო პირი: მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი: თაია მახარაშვილი – 558 88 82 82, კოალიცია „განათლება ყველასათვის საქართველო”: გიორგი ჭანტურია – 577 37 54 86, george.chanturia@efageorgia.ge

საქართველოში მასწავლებლებისთვის ეროვნული ჯილდო დაწესდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური