მასწავლებლის კომბინირებული გამოცდის მონაწილეებისთვის – „რჩევები, რომლებიც წაკითხულის გააზრებაში გამოგადგებათ“
ავტორი: ანა ტყებუჩავა, ფილოლოგი, ლინგვისტი, მასწავლებლობის მსურველთა რეპეტიტორი, 181-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების სერტიფიცირებული მასწავლებელი.
ზოგადი რეკომენდაციები წაკითხული ტექსტის გასააზრებლად
წარმოგიდგენთ რჩევებს, რომლებიც წაკითხულის გააზრებაში გამოგადგებათ. აქვე შეგახსენებთ რომ, ვინც კომბინირებულს, ქართული I-VI-ს, ბუნება I-VI-ს და მათემატიკა I-VI-ს აბარებთ, მათ აკადემიურ უნარებში უნდა აიღოთ 6 ქულა, წაკითხულიდან და ესედან ერთად, ჯამში. გამოცდა მხოლოდ ამ შემთხვევაში ითვლება ჩაბარებულად.
2025 წლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდების განრიგი
ტესტის ეს ბლოკი ამოწმებს წაკითხული ტექსტიდან ინფორმაციის მოპოვების, ინტერპრეტირების, გაანალიზებისა და შეფასების უნარს. ტექსტს ახლავს 5 შეკითხვა. თითოეული შეკითხვა ფასდება 1 ქულით. ყოველ შეკითხვას ერთვის 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. თითოეული შეკითხვის/დავალების მეშვეობით მოწმდება წაკითხული ტექსტის გასააზრებლად აუცილებელი რომელიმე უნარი. აპლიკანტმა უნდა შეძლოს:
- ტექსტის თემისა და ძირითადი იდეის გამოკვეთა;
- მიღებულ ინფორმაციაში ძირითადის (არსებითისა) და მეორეხარისხოვანის გარჩევა;
- ტექსტის სხვადასხვა ნაწილს (წინადადებებსა და აბზაცებს) შორის მიმართების დადგენა;
- მთელი ტექსტიდან ან მისი ცალკეული ნაწილებიდან დასკვნის გამოტანა;
- ცალკეული აბზაცის ფუნქციის განსაზღვრა;
- ცალკეული სიტყვისა თუ გამოთქმის მნიშვნელობის ახსნა ან მათი მნიშვნელობის ამოცნობა კონტექსტის მიხედვით;
- ტექსტის საკვანძო სიტყვებისა და ფრაზების მოძიება;
- ტექსტში მოცემული პოლემიკური მონაკვეთის გააზრება-შეფასება;
- ვარაუდისა და ფაქტის ერთმანეთისაგან გარჩევა;
- ტექსტში წარმოდგენილ მოვლენათა შორის არსებული კავშირების დადგენა;
- ცალკეული ფრაგმენტების პერიფრაზირება;
- ქვეტექსტის ამოცნობა;
- ტექსტში წარმოდგენილსა და სხვა (ჰიპოთეზურ) სიტუაციებს შორის მიმართების დადგენა;
- ტექსტიდან მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება ახალი პრობლემის გადასაწყვეტად.
ტექსტები თემატურად მრავალფეროვანია და მეცნიერებისა და კულტურის სხვადასხვა სფეროს უკავშირდება. თუმცა, დავალებათა შესრულება, ანუ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, არ მოითხოვს ამა თუ იმ სფეროსთან დაკავშირებულ სპეციალურ ცოდნას. ტექსტები შეიძლება იყოს თხრობითი, პოლემიკური თუ განმარტებითი ხასიათისა. ისინი ნაირგვარია სტილის მიხედვითაც. მოცემული ბლოკის დავალებებს ახლავს ამგვარი ინსტრუქცია: ყურადღებით წაიკითხეთ და გაიაზრეთ ტექსტი. თითოეული შეკითხვის სავარაუდო პასუხებიდან აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც მართებულია მოცემული ტექსტის მიხედვით. გაითვალისწინეთ: ტექსტის შემდეგ მოცემული თითოეული შეკითხვა ტესტის დამოუკიდებელი დავალებაა. ამიტომ ყოველ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას იხელმძღვანელეთ ტექსტით და არა წინა შეკითხვაზე გაცემული პასუხით, რათა თავიდან აიცილოთ არასწორ პასუხთა ჯაჭვი.
– ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი. შეეცადეთ, გაიაზროთ მისი ძირითადი იდეა;
– ტექსტი დაყავით აბზაცებად, ამოწერეთ საკვანძო სიტყვები;
– შეკითხვებზე პასუხის გაცემა დაიწყეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთელ ტექსტს წაიკითხავთ;
– სანამ პასუხს გასცემდეთ შეკითხვას, ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტის ის ნაწილი, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს შეკითხვა;
– ყურადღებით განიხილეთ ოთხივე სავარაუდო პასუხი. ნუ შემოხაზავთ პირველსავე ვარიანტს, რომელიც სწორად მოგეჩვენებათ, სანამ დანარჩენ ვარიანტებსაც არ განიხილავთ;
– პასუხის ესა თუ ის ვარიანტი შეიძლება სწორი იყოს ლოგიკის თვალსაზრისით, მაგრამ მცდარი – მოცემული ტექსტის მიხედვით. ამიტომ, სანამ პასუხს აირჩევდეთ, ერთხელ კიდევ წაიკითხეთ (შეამოწმეთ) ტექსტის შესაბამისი მონაკვეთი და აირჩიეთ ის პასუხი, რომელიც მართებულია კონტექსტის მიხედვით;
– მოიძიეთ ტექსტში თითოეული პასუხის მართებულობისა თუ უმართებულობის დამადასტურებელი არგუმენტები;
– პასუხი მაშინაც შეიძლება ჩაითვალოს მცდარად, როდესაც ის მხოლოდ ნაწილობრივაა მართებული (ნაწილობრივ პასუხობს შეკითხვას), ამიტომ ყველა სავარაუდო პასუხი გულდასმით განიხილეთ.
წარამატებასა და სასურველ სერტიფიცირებას გისურვებთ ყველას!
ასევე იხილეთ:
-
საქართველოს ანგელოზის დღე – რა ვიცით წმინდა გიორგის ცხოვრებისა და მისი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ
by განათლებული ბლოგი
-
რა ითქვა განათლების სამინისტროში პედაგოგთა ახალ სქემაზე და როგორ ხედავს პროცესს წამყვანი მასწავლებელი
by განათლებული ბლოგი
-
დამოუკიდებელად სწავლების ფორმირება დაწყებით საფეხურზე: პრაქტიკული მიდგომები და შედეგი
by განათლებული ბლოგი