GE

„მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდა არ გაგვიუქმებია“- რა გეგმა აქვს განათლების სამინისტროს

პედაგოგებისთვის ახალი სახელფასო ფორმულის შესახებ საუბრისას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ დეტალებს, რომელიც მასწავლებელთა ხელფასს, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და პროფესიული წინსვლის სქემას შეეხება, პედაგოგები, და არა მხოლოდ ისინი, დეკემბრის თვეში შეიტყობენ, თუმცა როგორც ჩანს, არის საკითხი, რომლზეც პედაგოგებს უკვე შეუძლიათ განათლების მინისტრისგან კონკრეტული პასუხის მიღება და ასეთია წამყვანისა და მენტორი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის ბედი.

ჩატარდება თუ არა პროფესიული უნარების გამოცდები წამყვანი და მენტორის სტატუსის მოპოვების მსურველი პედაგოგებისთვის და რას უპირებს სამინისტრო პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სქემას, ამ კითხვებზე მინისტრს ნაწილობრივ კონკრეტული პასუხები აქვს. აი, რა ამბობს გიორგი ამილახვარი:

„რაც შეეხება პროფესიული უნარების გამოცდას, ჩვენ ის არ გაგვიუქმებია. სწორედ ამ ციფრს ველოდებოდით (რამდენ მასწავლებელს შეეხებოდა სახელფასო პოლიტიკის ცვლილება ავტ.) და წლის ბოლოს უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდის დაინიშნება ეს უნარების გამოცდა და საერთოდ, როგორ მოხდება სტატუსების ამაღლება, გაგრძელდება იგივე ფორმით როგორიც იყო, თუ გაუმჯობესებულ სისტემას შევთავაზებთ მასწავლებლებს. აქ ერთიც არის, რომ, დიახ, შესაძლოა, ეს ებმება სახელფასო პოლიტიკასაც, მაგრამ ჩვენ ამას აღარ ვუკავშირებთ, ვინაიდან გვინდა, ღირსეული ხელფასი მივცეთ ყველას, მიუხედავად სტატუსისა. ბუნებრივია, სატატუსის დანამატები და განსხვავება იარსებებს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც თავად მასწავლებლები ამბობენ, მნიშვნელოვნად გაიზარდოს მათი საბაზო ხელფასი და სწორედ ამაზე ვმუშაობთ“, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.

კითხვას, როდის გახდება ცნობილი მასწავლებლებისთვის მინისტრის მიერ დაანონსებული გადაწყვეტილებები პროფესიული განვითარების მიმართულებით, გიორგი ამილახვარმა ასეთი პასუხი გასცა:

„როგორც გითხარით, დეკემბერში თვეში ჩვენ გვექნება პრეზენტაცია, სადაც დეტალურად ვისაუბრებთ ამ საკითხებზე. ეს მიზანმიმართულად ვთქვით, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს არ იქნება თვეების შემდეგ და ახლო მომავალში იქნება. მაგრამ ზოგადად, შემიძლია გიპასუხოთ, რომ ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმდინარე საკითხის გაუმჯობესებაზე, არაფრის გაუქმებაზე ან უკან დახევაზე. კვირა არ გავა, რომ მე მასწავლებლებს არ ვხვდებოდე და არ ვიღებდე უკუკავშირს ამ საკითხებთან დაკავშირებით“.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროში 3 დიდი კვლევა მიმდინარეობს, რომელთა საფუძველზეც კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება ხდება.

„სამი დიდი კვლევა მიმდინარეობს ახლა სისტემაში, რომელიც ეხება ეროვნულ სასწავლო გეგმას, სახელმძღვანელოების გრიფირებას და პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემას. ამ სქემაში ათასობით მასწავლებელი არის ჩართული. სამივე კვლევა უკვე ფინალურ ფაზაზეა და ამის პრეზენტაციაც დეკემბრის თვეში, საჯაროდ გაიმართება. სწორედ ამ კვლევების საფუძველზე და მასწავლებლებისგან მიღებული უკუკავშირების საფუძველზე, იმ პროცესების ანალიზის საფუძველზე ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა 24 ნოემბერს გამართული ბრიფინგის მიმდინარეობისას.

ასევე იხილეთ:

მასწავლებლის წამყვანი და მენტორის სტატუსის მოსაპოვებელი გამოცდა წელს აღარ ჩატარდება – განათლების მინისტრის გადაწყვეტილება

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური