GE

მასწავლებლის როლი ბულინგის პრობლემის გადაჭრაში

EDU.ARIS.GE გთავაზობთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ფსიქოლოგის, ეკატერინე (ქეთევან) თავართქილაძის მომზადებულ წერილს თემაზე – მასწავლებლის როლი ბულინგის პრობლემის გადაჭრაში.

სკოლაში ბულინგის შემთხვევების არიდება და აღკვეთა მასწავლებლის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. თუმცა, ხშირად მასწავლებლისთვის რთულია ბულინგის პრობლემასთან გამკლავება, რაც რამდენიმე საგულისხმო ფაქტორით არის განპირობებული:

• ბულინგის ამოცნობას ართულებს ის, რომ ჩვენ ხშირად ერთმანეთისგან ვერ ვანსხვავებთ ბულინგს თამაშით ჩხუბისა (ძიძგილაობა) და ნორმალური კონფლიქტებისაგან (უთანხმოება მეგობართა შორის). ხდება ისე, რომ ნამდვილ აგრესიას თამაშად მივიჩნევთ.
• ბულინგთან გამკლავების შესაძლებლობას ართულებს მცდარი შეხედულებები. არცთუ იშვიათად, ბულინგი ბავშვის განვითარების ბუნებრივ, არასაგანგაშო გამოვლინებად მიიჩნევა (“გაიზრდება და აღარ გააკეთებს”, “ბიჭები მაინც ბიჭები არიან”, “უბრალოდ, ყურადღებას ნუ მიაქცევ” და სხვა).
• ბულინგი ხშირად დაფარულია. როგორც წესი, ბავშვები არ გვატყობინებენ ბულინგის შემთხვევების შესახებ.
• ხშირად ჩვენ არ ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ბულინგს.

დაზარალებული ბავშვის დახმარება

1. მომხდარი ბულინგის განხილვა.
ბავშვს საშუალება მიეცით, მოყვეს რაც მოხდა, რას გრძნობს, რა მოუვიდა. გამოხატეთ თანაგრძნობა და მხარდაჭერა. ერთად გაარკვიეთ, რა მოხდა.

2. ბავშვთან ერთად შეადგინეთ მისი უსაფრთხოების გეგმა:
o იმსჯელეთ, როგორ აარიდოს ბავშვმა თავი ანალოგიურ სიტუაციებს;
o განსაზღვრეთ, როგორ მოიქცეოდა ბავშვი, ბულინგი რომ გაგრძელებულიყო?
o მოელაპარაკეთ იმაზე, თუ ვის შეიძლება ბავშვმა უამბოს, თუ ბულინგი არ შეწყდება;

3. შეეცადეთ ჩართოთ დაზარალებული ბავშვი საქმიანობაში, – ისეთში, სადაც მას თანატოლებთან ურთიერთობის საშუალება ექნება. ამით ბავშვს დაეხმარებით თანატოლთა მხარდაჭერის მიღებაში;

4. აუცილებლად ჩართეთ დაზარალებული ბავშვის დასახმარებლად მისთვის მნიშვნელოვანი, სანდო ადამიანები – მეგობარი თანატოლები, საყვარელი მასწავლებლები და სხვები;

5. დააკვირდით, როგორ მიდის ბავშვის საქმეები შემდგომში;

6. საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით მშობლებს და მოკლედ უამბეთ მომხდარისა და სკოლის მიერ გატარებული ზომების შესახებ.

ბულინგის ინიციატორი ბავშვის დახმარება

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ დახმარება სჭირდება როგორც ბულინგის მსხვერპლს, ისე ბულინგის ინიციატორ, აგრესორ ბავშვსაც. პირველ რიგში, ბავშვის აგრესიული ქცევა არ უნდა აღიქვათ, როგორც ბავშვური სიცელქე, რადგან დროული კორექციის არარსებობის შემთხვევაში ეს შეიძლება ცხოვრების სტილად იქცეს, ყველა აქედან გამომდინარე შედეგით. აგრესიული ქცევის შეცვლა სწორედ ბავშვობის ასაკში შეიძლება.

გულახდილად დაელაპარაკეთ ბავშვს და შეეცადეთ გაარკვიოთ სიტუაცია, რომელმაც მოახდინა სხვა ბავშვების მიმართ აგრესიული ქცევის პროვოცირება. ზოგჯერ აგრესორებად მშობლისგან, სხვა ბავშვისგან, უფროსი და-ძმისგან ძალადობაგანცდილი ბავშვები გვევლინებიან, რომლებსაც თავიანთი წყენა სხვა ბავშვზე გადააქვთ.

დახმარება მიმართული უნდა იყოს არა დანაშაულის ძიებისა და დასჯისკენ, არამედ ბავშვის აგრესიული ქცევის შეცვლისაკენ სოციალურად მისაღები ქცევით. ხშირად აგრესორის დასჯით ჩვენ ვერ ვაჩერებთ მას. მნიშვნელოვანია არა დადანაშაულება, არამედ იმის ჩვენება, რომ აგრესორის ქცევაა მიუღებელი, და არა თავად ბავშვი.

1. მშვიდად, ნათლად, ბავშვისთვის გასაგებად აღწერეთ მისი ქცევა და უთხარით, ბულინგის რა ფორმაა ეს.
2. მშვიდად აუხსენით აგრესორს, თუ რა გავლენას ახდენს სხვა ბავშვებზე მისი ასეთი ქცევა.
3. გაარკვიეთ, რა მოხდა (როგორ ესმის ამ ბავშვს მომხდარი);
4. აუცილებლად უთხარით, რომ ასეთი ქცევა მიუღებელია და შეახსენეთ, როგორ ქცევას ელოდებით მისგან.
5. გააგებინეთ მისი პასუხისმგებლობა და ქცევის შედეგები (შეატყობინებენ მშობლებს, ჩატოვებენ კლასში, გამოუცხადებენ საყვედურს და სხვა);
6. თუ ბავშვი-აგრესორის ქცევის შეჩერებას ვერ ახერხებთ, უკიდურეს შემთხვევაში უნდა ეცადოთ გადაიყვანოთ სხვა სკოლაში (არა მსხვერპლი, არამედ აგრესორი!

მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ კლასის უსაფრთხო გარემო არის საუკეთესო გარემო ბავშვების ეფექტური სწავლებისთვის. კარგი მასწავლებელი:

• გაკვეთილზე ზრუნავს არა მხოლოდ ცოდნის გადაცემაზე, არამედ უსაფრთხო გარემოს შექმნაზე;
• ამჩნევს ბულინგის გამოვლინებებს და სათანადოდ რეაგირებს მათზე;
• ამჩნევს ჯგუფიდან გარიყულ და მოწყენილ ბავშვს;
• არკვევს ბავშვის ასეთი ქცევის ან ემოციის მიზეზებს;
• მხარს უჭერს დაჩაგრულ ბავშვს და ცდილობს ბულინგის შეჩერებას;
• ეხმარება ბავშვს რეაგირების სათანადო საშუალებების პოვნაში, როცა მას ვინმე ჩაგრავს – არ ეუბნება, რომ ბავშვმა უბრალოდ არ უნდა მიაქციოს ამას ყურადღება, ან რომ თავი უნდა დაიცვას და სამაგიერო გადაუხადოს;
• ეხმარება აგრესორ ბავშვს ქცევის შეცვლაში;
• იძლევა სათანადო ქცევის მაგალითს.

რჩევები მასწავლებლებს:

1. გააგებინეთ ბავშვს, რომ თქვენ არავითარ შემთხვევაში არ მოითმენთ მის აგრესიულ ქცევას, მიუხედავად იმისა, თუ ვისზეა ის მიმართული. დააწესეთ სავსებით კონკრეტული და მკაცრი შეზღუდვები, რომლებსაც მიმართავთ ბულინგის გამეორების შემთხვევაში.
2. ასწავლეთ ბავშვს დასახული მიზნების მიღწევის კონსტრუქციული მეთოდები, ამა თუ იმ პრობლემის არაძალადობრივი გზით გადაჭრის წესები და ხერხები. დაამუშავეთ ამგვარი ხერხები თქვენსა და ბავშვს შორის ურთიერთობის მაგალითზე.
3. იყავით პოზიტიური ქცევის მაგალითი. თქვენზე დაკვირვებით, ბავშვი გარემომცველებისადმი კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას, გარემომცველთა პატივისცემას ისწავლის. შექმენით სიტუაციათა მოდელები, რომლებიც იმ სიტუაციათა მსგავსი იქნება, სადაც ბავშვმა აგრესია გამოავლინა. მოახდინეთ პრობლემის გადაჭრის და სასურველი მიზნის მიღწევის სხვა გზების დემონსტრირება, გარემომცველთა მიმართ ფსიქოლოგიური (მუქარა, შეურაცხყოფა) ან ფიზიკური ძალადობის გარეშე.
4. გააძლიერეთ კონტროლი ბავშვზე. იყავით მასთან ახლოს, როცა სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობს. წაახალისეთ მისი მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებებში, თვითშემოქმედების წრეებში, სხვა კლასგარეშე საქმიანობებში. ამგვარი დატვირთვა ხელს შეუწყობს ბავშვის მოჭარბებული ენერგიის ცივილიზებული და სოციალურად უსაფრთხო გზით დახარჯვას და მნიშვნელოვნად შეამცირებს მის აგრესიულობას.
5. რთულ შემთხვევებში მიმართეთ სპეციალისტ-ფსიქოლოგს. არსებობს სპეციალური მეთოდიკები, რომლებიც დაეხმარება ბავშვს მისი აგრესიული ქცევის მიზეზების გარკვევაში, აგრეთვე ამ პრობლემების მართვისა და რეგულირების სხვადასხვა ხერხის ათვისებაში.

კლასში ბულინგის შემთხვევების განხილვა

კლასში ბულინგის შემთხვევების განხილვისას მნიშვნელოვანია “არაბრალდებითი პოზიციის” დაცვა – არა იმის ძიება, თუ ვინ არის ამ სიტუაციაში დამნაშავე, არამედ იმის გარკვევა, თუ რა მოხდა, რა როლი შეასრულა სიტუაციაში მონაწილე თითოეულმა ბავშვმა. განხილვაში შეიძლება ყველა ბავშვი მონაწილეობდეს – “აგრესორიც”, მსხვერპლიც, დამკვირვებლებიც. მაგრამ თუ აგრესორს და მსხვერპლს არ სურთ სიტუაციის განხილვაში მონაწილეობა, მას განვიხილავთ მხოლოდ დამკვირვებლებთან ერთად.

განსახილველი საკითხები:

• რა მოხდა (ვთხოვოთ ბავშვებს გვიამბონ, როგორ აღიქვეს მომხდარი შემთხვევა. მოვისმინოთ ყველა ვერსია).
• რასთან დაკავშირებით და როგორ დაიწყო ბულინგი?
• რა როლს ასრულებდნენ ის ბავშვები, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას არ იღებდნენ ბულინგში?
• როგორ შეიძლებოდა ბულინგზე დაკვირვებას გავლენა მოეხდინა “აგრესორ” ბავშვზე?
• რას გრძნობდნენ ბავშვები ბულინგზე დაკვირვების დროს?
• რას გრძნობენ ისინი ამჟამად?
• მათი აზრით რას გრძნობს ის ბავშვი, რომელმაც ბულინგი განიცადა?
• რა შეეძლოთ მათ გაეკეთებინათ ბულინგის შესაწყვეტად?
• რა შეუძლიათ გააკეთონ ახლა იმისთვის, რომ დაზარალებულმა ბავშვმა თავი უკეთ იგრძნოს?
• სხვანაირად როგორ შეუძლიათ მოიქცნენ ანალოგიურ სიტუაციაში? (სხვადასხვა პოზიციაში – აგრესორის, მსხვერპლის ან დამკვირვებლის)?

ბულინგზე დამკვირვებელ ბავშვებთან საუბარი მათ დაეხმარება უკეთ გააცნობიერონ, თუ რა მოხდა, მათი როლი როგორი იყო, და როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო, ასევე, გაითვალისწინონ, თუ როგორ შეუძლიათ მოიქცნენ ანალოგიურ სიტუაციაში. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბავშვების მხარდაჭერა და წახალისება, რომლებიც ცდილობდნენ ბულინგის შეწყვეტას და მსხვერპლი ბავშვის დახმარებას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური