GE

მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესი დამტკიცდა

პენსიონერი პედაგოგების წასვლის შემდეგ, საჯარო სკოლებში ასეულობით ვაკანსია გამოჩნდა. რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს პირმა, რომ სკოლაში გამოთავისუფლებულ ვაკანსიაზე მუშაობა შეძლოს და რა გამონაკლისს უშვებს სამინისტრო სკოლებში პედაგოგთა შესაძლო დეფიციტის აღმოსაფხვრელად, ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებაშია საუბარი, რომელიც „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცებას“ ეხება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული წესი არ ვრცელდება სპეციალურ მასწავლებელზე.

დოკუმენტის თანახმად პედაგოგის სამსახურში მიღების ან გაშვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლა ღია ან შიდა კონკურსის მეშვეობით. ღია კონკურსი აუცილებლად უნდა გამოცხადდეს ელექტრონული წესით.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლობის მსურველი იმისთვის რომ სკოლაში დასაქმდეს?

მასწავლებლისადმი დადგენილი ძირითადი მოთხოვნები:

1. პირი მასწავლებლის, მოწვეული ან შემცვლელი მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე ინიშნება შიდა ან ღია კონკურსის საფუძველზე.

2. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:
ა) ქმედუნარიან პირს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს  წინამდებარე წესით დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ბ) 2015 წლის 1 იანვრამდე მოქმედ მასწავლებელს;
გ) 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებულ პირს.

3. მასწავლებელი, მოწვეული ან/და შემცვლელი მასწავლებელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა.

4. სკოლას უფლება აქვს მოსთხოვოს მასწავლებლობის, მოწვეული ან/და შემცვლელი მასწავლებლობის   მსურველ კანდიდატს (შემდგომში – კანდიდატი), წარმოადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.

კანდიდატისადმი დადგენილი სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. სკოლაში დაწყებითი/საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი;

დ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ე) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ვ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

2. სკოლაში საბაზო/საშუალო საფეხურის სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს სრული ზოგადი განათლება;
ბ) უნდა ჰქონდეს შესაბამისი სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი განათლება ანდა სასპორტო პროფესიული განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

3. სკოლაში სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს სრული ზოგადი განათლება;
ბ) უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამხედრო განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

4. დაწყებითი საფეხურის მულტილინგვური განათლების მასწავლებლობის ან/და საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების მასწავლებლობის კადიდატებმა უნდა იცოდნენ ორი ენა, რომელთაგან ერთი აუცილებლად ქართული ენა უნდა იყოს. ამასთანავე, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ამ მუხლის პირველი პუნქტის ერთ-ერთი ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნას:

ა) მოწვეულ მასწავლებლობის კანდიდატს უნდა გააჩნდეს  შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
ბ) შემცვლელ მასწავლებლობის კანდიდატს უნდა გააჩნდეს  სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და უნდა აკმაყოფილებდეს მოწვეული მასწავლებლისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

მასწავლებლის საქმიანობის შეწყვეტა:

1. თუ სკოლასა და მასწავლებელს შორის დადებული კონკრეტული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მასწავლებელს შორის შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ხანგრძლივი შრომისუუნარობისას, თუ მასწავლებლის შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთან, თუ მასწავლებელს გამოყენებული აქვს საქართველოს შრომის კოდექსით  განსაზღვრული შვებულება.

2. მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს:

ა) მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისას;
ბ) ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

3. მასწავლებლის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელი ვალდებულია სკოლას აღნიშნულის შესახებ აცნობოს წერილობით 30 კალენდარული დღით ადრე. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.

გამონაკლისი ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით:

2023 წლის ბოლომდე, მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება აქვს აგრეთვე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელმაც მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა ჩააბაროს საგნის გამოცდა და გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი.

იხილეთ დოკუმენტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური