GE

სკოლაში მუშაობის დაწყების მსურველთათვის ელექტრონული რეგისტრაციის გავლა სავალდებულო გახდა

წელს პირველად საქართველოს სკოლებში რეკორდული რაოდენობის ვაკანსია გამოჩნდა. ვაკანსიები პენსიონერი პედაგოგებისთვის ფულადი ჯილდოს შეთავაზებამ გააჩინა. გუშინდელი მონაცემებით მასწავლებლის სახლის ვაკანსიების საიტზე 500-მდე ვაკანსია იყო განთავსებული. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 21 აგვისტოს ბოლომდე საქართველოს სკოლებში არსებულ ყველა ვაკანსიას დადებს.

როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი EDU.ARIS.GEსთან საუბარში აღნიშნავს, სკოლაში მუშაობის მსურველებმა რეგისტრაცია აუცილებლად teacherjobs.ge-ზე (იგივე pedagogi.ge-ზე) უნდა გაიარონ, სადაც დაამატეს ახალი ბლოკიც ,,მასწავლებლობის მაძიებელი.”

მასწავლებლობის მსურველს აქვს შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს აღნიშნულ პლატფორმაზე და მონიშნოს მისთვის სასურველი სკოლა/სკოლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. სკოლა ვალდებულია, pedagogi.ge-ზე განათავსოს ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ.

„აუცილებლად უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია. სკოლაში საბუთების მატერიალური სახით მიტანით ვერ ჩაერთვებიან კონკურსში. ჩვენთვისაც ნათელი იქნება სურათი, რამდენს აქვს მასწავლებლობის სურვილი, ასევე რომელ სკოლებში რჩება ვაკანსია შეუვსებელი.

21 აგვისტოს ყველა ვაკანსია იქნება ვებგვერდზე, teacherjobs.ge, განთავსებული. 22-დან 31-აგვისტოს ჩათვლით ყველა ქალაქის სკოლას ექნება ვაკანსია გამოცხადებული, ხოლო სხვა სკოლებს 22-დან 2 სექტემბრის ჩათვლით“, – აღნიშნა მანანა რატიანმა.

კონკურსში ჩართვა სპეციალურ მასწავლებლებსაც შეუძლიათ, თუმცა მანანა რატიანის თქმით, ამ ვაკანსიების გამოცხადების ვადები არაა მკაცრად განსაზღვრული.

„სპეციალური მასწავლებლების ნაწილი გეგმავს მასწავლებლად გადასვლას კონკურსის გზით და ამის შემდეგ უფრო მეტი ვაკანსია იქნება“, – ამბობს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე.

რაც შეეხება სპეციალური მასწავლებლის სქემას, მანანა რატიანის თქმით, 2019 წელს განხილვები დასრულდება და ის ძალაში 2020 წლიდან შევა.

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური