GE

მასწავლებლის თვალით დანახული პირველი დღე სკოლაში – ემოციები, მოლოდინები და რეალობა

მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, EDU.ARIS.GE მასწავლებლის ბლოგს წარმოგიდგენთ, რომელიც სკოლების გახსნის დღეს ეძღვნება.

დადგა ნანატრი 4 ოქტომბერი, და გუშინ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დაიწყო! ეს დღე ყველას თანაბრად ეკუთვნის, მშობლებს, ოჯახის წევრებს, მასწავლებლებს სკოლის ყველა თანამშრომელს და რასაკვირველია, დღის მთავარ გმირებს, ბავშვებს, რომლებიც მოვლენათა ეპიცენტრში არიან.

ეს დღე ნამდვილი დღესასწაულია, რადგან არდადეგები სრულდება და ყველა მათგანის ცხოვრებაში იწყება ახალი თავგადასავლები, სადაც ბევრ სიახლესთან ერთად იქნება უამრავი მოულოდნელობა და ბევრი სიხარული.

სკოლის კარებთან მიახლოება მასწავლებლებსაც გულს გვიჩქარებს, რადგან მარტო მათთვის კი არა, ჩვენთვისაც იწყება ახალი სასწავლო წელი. ამ დღეს ყველანი ლამაზები, ხალისიანები და განსაკუთრებულად თავისუფლები ვხვდებთ, რადგან ერთ დიდ დღესასწაულზე ვიმყოფებით, ესაა დადებითი ემოციებისა და მხოლოდ პოზიტიური განწყობების გაცვლის დღე.

მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი სიხარულია, როცა ჯერ კიდევ არის მიახლოებული სკოლის შესასვლელს და უკვე ესმის საკუთარი მოსწალეების სიყვარულით სავსე შეძახილები, რომ ის მოდის. სწორედ ამ დღეს ვხვდებით რამდენად მნიშვნელოვნები ვართ ერთმანეთისთვის და რამდენად უმნიშვნელოა დრო, რომელსაც არდადეგებად მოვიხსენიებთ, რადგან ეს დრო გაუცხოებას კი არა, უფრო მეტ სიახლოვეს იწვევს.

ჩვენ ხშირად გვეშინია კიდეც, რადგან დასვენების შემდეგ კვლავ სამუშაო ადგილებს ვუბრუნდებით. მოლოდინები ზოგჯერ ასეთიც გვაქვს, რომ დავიღლებით და მუშაობაც ბევრი მოგვიწევს, მაგრამ როგორც კი ვუახლოვდებით სკოლას, ეს ფიქრები სწრაფადვე ქრება, რადგან დიდი ჟრიამულის ნაწილი ვხდებით.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურ რეჟიმში განახლდა, ჩვენთვის დღესაა ეს თარიღი, რადგან რეალური სამყაროში რეალური გრძნობებისა და ემოციების ნაწილნი ვართ. სწორედ ამ დღეს ვიაზრებთ რაოდენ დიდ საქმეს ვემსახურებით. ვფიქრობ, ამ დღეს ყველა მასწავლებელი ისეთია, როგორიც არის მისი პიროვნება, რადგან ხშირად ჩვენი პროფესიული სამსახური და მასწავლებლის სტატუსი ნაკლებად ხილულს ხდის ჩვენს შინაგან მეს. დღეს ყველა ისეთია, როგორიც არის თავისუფალი, ლაღი, გამორჩეული შეიძლება ცოტა უცნაურიც.

ესაა ემოციური ინტერაქციის დღე, რადგან ყველა ჩვენგანს გვაერთიანებს ადამიანური გრძნობები და ემოციები. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი რაღაც განგვასხვავებს, მთავარი მაინც ის არის რაც გვაკავშირებს და გვაერთიანებს. არ აქვს მნიშვნელობა ვის როგორ გვაცვია, გამოვიყურებით, როგორ ვსაუბრობთ, როგორი ხმის ტემბრი გვაქვს, ხასიათი თუ სამუშაო. ჩვენთვის სკოლა მხოლოდ სამუშაო გარემო კი არა ოჯახია, სადაც ყველა ისეთი უნდა იყოს, როგორიც არის და ისეთად ვიღებდეთ ერთმანეთს როგორებიც ვართ.

როცა მეკითხებიან: რა უნდა ასწავლოს მასწავლებემა, პირველ რიგში, ჩემი პასუხი არის ერთ სიტყვიანი ,,მიმღებლობა’’. დღეს როცა ვუყურებთ ასეთ ფერად და გამორჩეულ სახეებს, როცა ვხედავთ პირველკლასელებს თვალებზე მობჯენილი ცრემლებით, ოდნავ ამღვრეული თვალებით, განსხავავებული სტილისა და გემოვნების თინეიჯერებს და მასწავლებლებს, რომლებიც ასევე განსხვავებულები და გამორჩეულები არიან, კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები რომ მიმღებლობაა ის, რასაც უნდა ვასწავლიდეთ და ვაჩვენებდეთ. ჩვენ ყველანი ერთად და თანაბრად ვქმნით ამ დღესასწაულს. ეს დღე არის მრავალფეროვნების დღესასწაული, ამ დღეს ვერ დაიმალები აუდიტორიაში და ვერ ჩაიკეტები საპირფარეშოში, ხშირად ბავშვები კი არა ჩვენც ასე ვიქცევით. ჩვენი პასუხისმგებლობაა შევქმნათ სწორედ ასეთი სკოლა და არ მოგვერიდოს, არ დავმალოთ და არ შეგვეშინდეს იმ გრძნობების, ემოციების და პიროვნულობის ჩვენების, რომელიც მსგავსია მთელი სამყაროს მრავლფეროვნების.

ავტორი: მზეო შველიძე,სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელი.

აქვე გთავაზობთ სწავლის დაწყების პირველ დღეს EDU.ARIS.GE-ს მიერ გამოკითხული მოსწავლეებისა და მშობლების განწყობებს დასწრებული სწავლების აღდგენასთან დაკავშირებით:

,,სკოლაში დაბრუნება ძალიან გვიხარია ბავშვებსაც და მასწავლებლებსაც. არადისტანციური სწავლება იმიტომ ავირჩიე, რომ ასე უფრო პროდუქტიულები ვართ. კლასელებთან ერთად კი სწავლა უფრო სახალისო და მარტივია. რეგულაციების დაცვა არ გვიჭირს, რადგან ჩვენს კლასში საკმარისი სივრცეა. დისტანციას ვიცავთ, მაგრამ კომუნიკაციაც გვაქვს ერთმანეთთან და დისკომფორტი არ გვექმნება’’, – თინი, მე-9 კლასი.

,,არადისტანციურად სწავლა უფრო მარტივია და კარგად იგებ რასაც გიხსნის მასწავლებელი. სწავლების პროცესიც უფრო სასიამოვნოა ადამიანებთან ურთიერთობისას. რეგულაციების დაცვა აღარ გვიჭირს, უკვე მივეჩვიეთ. თითქმის ყველგან პირბადე გვიკეთია და ამიტომ რაიმე განსხვავებული არ ყოფილა’’, – თათა, მე-10 კლასი.

ერთერთი პირველკლასელის მშობლის თქმით, დისტანციური სწავლება მათთვის ფსიქოლოგიურადაც რთული იყო და კლასებში დაბრუნება აუცილებლად საჭირო იყო.

,,რა თქმა უნდა, უფრო კარგია არადისტანციური გაკვეთილები. ბავშვები უფრო მობილიზებულები არიან და უფრო აღიქვამენ სკოლას. იმედია, რომ ასე გაგრძელდება და აღარ იქნება ონლაინ სწავლება. პატარებისთბის ეს განსაკუთრებით რთულია, რადგან ეს  მათთვის პირველი ნაბიჯებია სკოლაში’’, – მშობელი, მარია მუსელიანი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური