GE

მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესი დამტკიცდა – დეტალები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის პროცედურები და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესი დამტკიცდა.

როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, მასწავლებლობის მაძიებლად რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირებია:

1. 2023 წლამდე მასწავლებლობის მაძიებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მას არ მოეთხოვება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხის ფლობა, ასევე, სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლობის მაძიებლად დასაქმებამდე ჩააბარონ იმ საგნის გამოცდა, რომლის სწავლებაც სურთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

3. მასწავლებლობის მაძიებლად მიიჩნევა ასევე პირი, რომელიც 2018−2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული არ იყო.

მასწავლებლობის მაძიებლობის მსურველი პირი რეგისტრაციას გადის ელექტრონულ სისტემაში (pedagogi.ge), სადაც ასახავს ინფორმაციას პირადი მონაცემების შესახებ. ცენტრი ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მასწავლებლობის მაძიებლობის მსურველ პირებს ელექტრონულად აწვდის ინფორმაციას საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ელექტრონულ სისტემაში განთავსებული მასწავლებლობის მაძიებლის ვაკანსიის/ვაკანსიების შესახებ.

მასწავლებლობის მაძიებლობის მსურველი პირი მასწავლებლობის მაძიებელთა სასურველ ვაკანსიაზე განაცხადს ავსებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით და ტვირთავს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით არანაკლებ ბაკალავრის დიპლომი ან/და სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის შემთხვევაში);
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • ერთი ფოტოსურათი (ზომით 3X4).

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლობის მაძიებლის შერჩევა ხდება კონკურსის წესით.

მასწავლებლობის მაძიებელი ვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულებასთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში, შეარჩიოს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის გავლის მისთვის სასურველი პერიოდი და გრაფიკი.

“მასწავლებლობის მაძიებელი ვალდებულია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებისა და მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, გაიაროს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებიდან 2 წლის განმავლობაში”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

რას მოიცავს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა:

მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა შედგება ორი კურსისგან:

  • აკადემიური კურსი;
  • პედაგოგიური პრაქტიკის კურსი.

2. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა შესაძლებელია იყოს როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი (ინტენსიური).

3. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის აკადემიური კურსი ითვალისწინებს მაძიებლისთვის თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ხოლო პედაგოგიური პრაქტიკის კურსი მოიცავს მაძიებლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური პრაქტიკის გავლას.

4. მასწავლებლობის მაძიებელი პროგრამის აკადემიურ კურსს გაივლის ელექტრონულ სისტემაში დისტანციურად, პედაგოგიური პრაქტიკის კურსი კი მოიცავს პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს და ხორციელდება უშუალოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

5. პედაგოგიური პრაქტიკის კურსის განმავლობაში მასწავლებლობის მაძიებელს ფასილიტაციას უწევს ტუტორი.

6. პედაგოგიური პრაქტიკის კურსის განმავლობაში მასწავლებლობის მაძიებელი ადგენს მის საჭიროებებზე მორგებულ სამოქმედო გეგმას, რომელსაც უთანხმებს შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს. დირექტორი სამოქმედო გეგმას ამოწმებს ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში).

7. მასწავლებლობის მაძიებლის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ითვლება წარმატებულად გავლილად, თუ მასწავლებლობის მაძიებელი აკადემიურ და პედაგოგიური პრაქტიკის კურსში შეფასდება დადებითად.

8. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის აკადემიური კურსის შეფასებას ახორციელებს ცენტრი, ხოლო პედაგოგიური პრაქტიკის კურსის შეფასებას – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.

ამავე ბრძანებაში საუბარია მასწავლებლობის მაძიებლის შეფასების სიტემაზე და სერტიფიკატის გაცემის წესზე: “სკოლის დირექტორი, მასწავლებლობის მაძიებლის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის პედაგოგიური პრაქტიკის კურსის დასრულების შემდგომ, აფასებს მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განთავსებულ დოკუმენტებს და იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლობის მაძიებლის მიერ პედაგოგიური პრაქტიკის კურსის გავლის დადებითად ან უარყოფითად შეფასების შესახებ, რის შესახებაც წერილობითი ფორმით მიმართავს ცენტრს.

ცენტრის დირექტორი გადაწყვეტილებას მასწავლებლის მაძიებლობის პერიოდის წარმატებით გავლის შესახებ იღებს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის შემადგენელი აკადემიური და პედაგოგიური პრაქტიკის კურსების შეფასების შედეგების საფუძველზე”.

მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამის დასრულების შედეგად მასწავლებლობის მაძიებელი იღებს სერტიფიკატს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ დოკუმენტში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური