GE

„მათემატიკური ნაწილი რთული იყო“ – მაგისტრობის მსურველები გამოცდის ფორმატის ცვლილების საჭიროებაზე საუბრობენ

2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მაგისტრობის მსურველებმა 18 ივლისს გამოცდა B ტიპის ტესტები ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში წერეს.

როგორც გამოცდის მონაწილეები EDU.ARIS.GE-სთან აცხადებენ, მათთვის რთული მათემატიკური ნაწილი აღმოჩნდა. ახალგაზრდების ნაწილი აცხადებს, რომ ეროვნული გამოცდების პარალელურად რეფორმა სამაგისტრო გამოცდებსაც უნდა შეეხოს, რადგან გარკვეულ სპეციალობებზე მათემატიკა, მათ საერთოდ არ სჭირდებათ, ნაწილი კი უნარების გაუქმების წინააღმდეგია.

„ჩემთვის ტესტი რთული აღმოჩნდა, მათემატიკური ნაწილი განსაკუთრებით. ანალიტიკური მსჯელობა შედარებით მარტივი იყო, რომლიც პირველ საკითხად ვწერეთ. თემებზე მეტად რთული იყო მათემატიკა, რაც ვიცოდი მხოლოდ ის საკითხები დავწერე, რადგან თუ არასწორი პასუხი გაქვს, ქულა გაკლდება, ამიტომ დაკლებას ჯობდა მარტო ის მეწერა რაც ვიცოდი ბარიერის ზემოთ. მე მაგალითად ვფიქრობ, რომ რაზეც ვაბარებ იქ მათემატიკა საერთოდ არ არის საჭირო, მითუმეტეს ამ დონის და თუ იქნება გადანაწილება ისე სწორად როგორც საჭიროა სპეციალობების მიხედვით, მივესალმები. მაგალითად მე ვარ ქიმია-ბოლოგიურ ინჟინერიაზე, ჩემთვის მათემატიკა საერთოდ არ არის საჭირო, უნივერსიტეტშიც სადაც ვსწავლობ მათემატიკა საერთოდ ამოიღეს ჩემი სპეციალობის საგნებიდან, რეალურად მათემატიკის უნარები არ გვჭირდება, ვინც აბარებს მათემატიკაზე მათთვის შესაძლებელია და კარგიც იქნება ჩააბარონ, მაგრამ ჩვენთვის საერთოდ არ არის აუცილებელი”, – გვითხრა 173-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა სტუდენტმა, მარიამ გიგინაშვილმა.

სამაგისტრო გამოცდების სისტემის სასურველ ცვლილებებზე ისაუბრა, კიდევ ერთმა აპლიკანტმა 39-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: „კი ეროვნულებზე ჩაბარებული გვაქვს უნარები და არაა რთული, დავჯექი და ვიმუშავე, გასული წლის ტესტებიც ნანახი მქონდა და დაახლოებით ვიცოდი, რაც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მე როცა ჰუმანიტარული სპეციალობა მინდა და საერთოდ არ მჭირდება ამ დონის მათემატიკა, რატომ უნდა ვიყო ვალდებული რომ უნარების მათემატიკური ნაწილი, თან ასე რთული ვაბარო? მე ვეთანხმები გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარები სავალდებულო საგნებიდან ამოდის, საგანი სკოლაში არ ისწავლება და დიდი ძალისხმევა გვჭირდება მის მოსამზადებლად, ამიტომ მივესალმებოდი თუ ცვლილება სამაგისტრო გამოცდებსაც შეეხებოდა და უფრო კონკრეტულ სპეციალობებზე იქნებოდა მიმართული”, – განაცხადა მან ჩვენთან საუბარში.

რაც შეეხება, ჩვენ მიერ გამოკითხულ სხვა პირებს, მათი დიდი ნაწილი უნარების კომპონენტის ამოღებას ეწინააღმდეგება და ფიქრობს, რომ ის სტუდენტის შესაძლებლობების გამოსავლენად აუცილებელი საგანია.

„ძალიან გამიჭირდა, განსაკუთრებით მათემატიკური ნაწილი, ბევრი სულ შემთხვევით შემოვხაზე, ლოგიკური უფრო არ მერთულა. მომზადება ვერ მოვასწარი სამსახურის გამო, ამიტომ რაც ვიცოდი იმ ცოდნით გავედი. მაგისტრატურაზე ჩაბარებაც სამსახურმა მთხოვა უფრო მაღალი სტატუსი გექნებაო. ვნახოთ თუ გამიმართლებს. ვფიქრობ, რომ მაგისტრატურაზე უნარების გამოცდა უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა მე გამიჭირდა თუ არა. ადამიანს, რომელსაც უმაღლეს სასწავლებელში მაგისტრატურაზე სურს სწავლის გაგრძელება, მსგავსი გამოცდის ჩაბარება უნდა შეეძლოს“, – ამბობს 173-ე სკოლის ცენტრიდან გამოსული აპლიკანტი.

„მათემატიკაში იყო ერთი ორი ისეთი საკითხი, რაც, ვფიქრობ, უნარებისთვის ცოტა რთული იყო, სხვა კუთხით საშუალო სირთულის იყო. ზოგადი უნარების ამოღებას არ ვეთანხმები არც აბიტურიენტების ნაწილში და, რა თქმა უნდა, არც მაგისტრებთან. ზოგადი უნარები აზროვნებასთანაა დაკავშირებული და უნდა ჩააბაროს ახალგაზრდამ. კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე ვაბარებ და ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ, უნარები აუცილებელია“, – ამბობს ამავე ცენტრიდან გამოსული კიდევ ერთი აპლიკანტი გიორგი მელიქიძე.

„ზოგადად რთული არ ყოფილა, მათემატიკურ ნაწილს შევაფასებდი ცოტა რთულად, ტექსტები ისე იყო მოცემული და ისე მეორდებოდა ერთი და იგივე სიტყვები, აზრს გიფანტავდა. ლოგიკური შედარებით უკეთესი იყო, მაგრამ ძალიან მარტივი ეგეც არ იყო. წინა წლების ტესტებისგან დიდად არ განსხვავდებოდა, საკითხების ტიპის შესახებ წარმოდგენა მქონდა, ამიტომ არ გამჭირვებია. არანაირად არ ვეთანხმები უნარების გამოცდის გაუქმებას, თუმცა გააჩნია თვითონ უნივერსიტეტის აკრედიტაციას და თავად სასწავლებელს როგორ აწყობს, შეიძლება აღმოჩნდეს ისე, რომ გაუნათლებელი ბავშვები მიიღონ, ამიტომ ასეთი რამ პრესტიჟული სასწავლებლებისთვის არ უნდა იყოს მისაღები“, – ამბობს მარიამ კორძახია 39-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან.

დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე 87%-მდე მაგისტრანტი გამოცხადდა. მაგისტრობის მსრუველები A ტიპის ტესტს ანალიტიკურ წერასა და წაკითხულის გააზრებაში 22 ივლისს ჩააბარებენ. 2019 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩასაბარებლად 12000-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური