GE

„მაწუხებს ის რიტორიკა, რითაც თავს ვიწონებთ“ – მიმინოშვილი სამინისტროს ნაბიჯებზე პანდემიის პერიოდში

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი და დღეს საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციას ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი EDU.ARIS.GE-სთან აცხადებს, რომ პანდემიის პერიოდში განათლების სამინისტრომ რაც შეეძლო გააკეთა, თუმცა უწყება არ უნდა ამბობდეს, რომ პრობლემები არ ყოფილა.

„ჩხენკელმა თქვა, რომ მოსწავლეების 95%-ისთვის სწავლა ხელმისაწვდომი იყო. აქ არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ იმას, რომ პანდემია თავს დაატყდა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს. ვერავის ვერ წარმოგვედგინა, რომ ამ ვითარებაში აღმოვჩნდებოდით. სამინისტრომ, რაც შეეძლო, კი ბატონო, მაქსიმუმი ნამდვილად გააკეთა. გმირობის ტოლფასია მასწავლებლების გარკვეული ნაწილის შრომა, რომელსაც ისინი პანდემიის დროს ეწეოდნენ. ძალიან რთულია უცბად ახალ ფორმატზე გადახვიდე და ბავშვებთან კომუნიკაცია მოახერხო. ამ გადასახედიდან მგონია, რომ სამინისტრომ და პედაგოგებმა მაქსიმუმი გააკეთეს.

„ამ შემთხვევაში სხვა რამე მაწუხებს. ეს არის რიტორიკა, რითაც თავს ვიწონებთ. რბილად რომ ვთქვათ ის, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსწავლეების 95%-ს ინტერნეტზე ხელი მიუწვდება, სრულად არ შეესაბამება სიმართლეს. ნაცვლად იმისა ვთქვათ, რომ ასეთი ფორმატი საკლასო მუშაობას ვერაფრით ჩაანაცვლებს, პირიქით, ვამბობთ, რომ პრობლემები არ ყოფილა. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, რადგან ეს პერიოდი სწავლის და განათლების შედეგებზე ძალიან აისახება. უბრალოდ, ყველაფერს თავისი სახელი რომ ერქმევა, ეს შედეგისთვის კარგია, რადგანაც სამომავლოდ სწორი ნაბიჯი გადადგა. საზოგადოებასთან მართალი უნდა იყო და თქვა, რომ რაღაცების გაკეთება შეუძლებელი იყო“, – აცხადებს მაია მიმინოშვილი.

„ბევრი ნაბიჯი გადავდგით უკან და მინისტრის ამ ინიციატივით უკან გადახტომას ვაპირებთ“ – ინტერვიუ მაია მიმინოშვილთან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური