„მედია ფარული მიყურადების მასალებში“ – იბსუ-ს მოწვეულმა ლექტორმა ნათია კაპანაძემ საჯარო ლექცია ჩაატარა
„მედია ფარული მიყურადების მასალებში“ – ასე ჰქვია საჯარო ლექციას, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის ორგანიზებით, იბსუ-ს მოწვეულმა ლექტორმა ნათია კაპანაძემ ჩაატარა.
ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე სპიკერმა ისაუბრა სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ინფორმაციაზე ე.წ. კრებსებზე, რომელიც 2021 წლის 13 სექტემბერს გასაჯაროვდა და მასში ჟურნალისტებიც ფიგურირებენ.
მედიასამართლის სპეციალისტმა, არასამთავრობო ორგანიზაციის „მედიის უფლებები“ დამფუძნებელმა და „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ კოორდინატორმა ნათია კაპანაძემ ის სამართლებრივი მექანიზმები მიმოიხილა, რომლებიც ასეთი დარღვევების დროს მოქალაქეებმა, ამ შემთხვევაში, ჟურნალისტებმა უნდა გამოიყენონ.
„როდესაც ადამიანი აღმოაჩენს, რომ არის ფარულ ჩანაწერში, ორი შესაძლებლობა არსებობს – ერთი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც ამოწმებს არის თუ არა კანონიერი მოსმენა და მეორეა – სახალხო დამცველი. ეპიცენტრი კი არის გამოძიების პროცესი. როდესაც ჟურნალისტებს ეხებათ საქმე, რას აკეთებს გამოძიება, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ? მაგალითად, გავრცელდა ინფორმაცია რომ მოუსმინეს ჟურნალისტს, სასულიერო პირს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს თუ სხვას. ეს არის საკმარისი, დაიწყოს გამოძიება, მაგრამ როგორც ქართული პრაქტიკა აჩვენებს ეს არ არის საკმარისი გამოძიების დასაწყებად. თითოეულ ჟურნალისტს ვუწერთ საჩივარს და ერთიდაიმავე შინაარსით მივმართავთ შსს-ს, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ჟურნალისტებს არც დაკავშირებიან“, – განაცხადა ნათია კაპანაძემ.
როგორც ლექტორმა აღნიშნა, ეს საქმე გავლენას ახდენს მომავალ ჟურნალისტებზეც და სტუდენტებს მიმართა, რომ ეს უნდა იყოს მათთვის სამაგალითო „ქეისი“.
„ამ „ქეისების“ უკან დგანან არ მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ მომავალი ჟურნალისტები, რომლებიც ახლა სწავლობენ. ეს არ უნდა იყოს ცენზურის ან თვითცენზურის საბაბი. ეს საქმე იქნება კურუკულუმის ნაწილი, თავისი მოცულობიდან გამომდინარე. ეს დარჩება კარგ მაგალითად და მოგცემთ ბიძგს, თქვენი საქმეებით პრეცენდენტები შექმნათ. ახლა, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის სამართლებრივი რეაგირება და თანმხვედრი ნაბიჯები. შიდა მექანიზმები (მიმართვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან, სუს-თან, სასამართლო დავები) მალე ამოიწურება. ტოტალური მოსმენების და მიყურადების საქმე შიდა დონეზე ვერ გადაწყდება და ევროპული სასამართლო შანს მოგვცემს ვისაუბროთ დარღვევის შინაარსზე“ – აღნიშნა სპიკერმა და იმედი გამოთქვა, რომ ეს საქმე დარჩება, როგორც პრეცენდენტი.
საჯარო ლექციის დასასრულს, სპიკერმა მსმენელების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
ცნობისთვის, ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე 28 სექტემბერს აღინიშნება.
-
ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში – ვორქშოფი IBSU-ში
by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„სამართალი ფილმებში“ – IBSU-ში აბიტურიენტებისთვის ზამთრის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო
by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM ICPC) ნახევარფინალში IBSU-ს ორი გუნდი გადავიდა
by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი